გიორგი ჩიხრაძე: მწვრთნელმა უნდა გარისკოს

AutoSharing Option
გიორგი ჩიხრაძეს აზერბაიჯანული "სიმურგი" მარტში ჩააბარეს. გუნდს ძალიან უჭირდა და ჩათვალეს, რომ მძიმე მდგომარეობიდან ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ასისტენტი გამოიყვანდა, რომელსაც თბილისის "ამერში" დამოუკიდებლად და წარმატებულად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა.

გიორგი საქმეს შეუდგა და "სიმურგს" ამჯერად აზერბაიჯანის პრემიერლიგაში დარჩენის პრობლემა აღარ აქვს.

- "სიმურგი" მძიმე დროს ჩაიბარეთ.
- გუნდი უფსკრულისკენ მიექანებოდა და ასეთი თამაშით გადარჩენის შანსი არც ჰქონდა. წესით, "სიმურგი" სეზონის დასრულების შემდეგ უნდა ჩამებარებინა. კლუბის პრეზიდენტს ამბიციური გუნდის ჩამოყალიბება სურდა და ამაზე ვილაპარაკეთ. მაგრამ ვითარება შეიცვალა და სეზონის
მსვლელობისვე გადასვლა შემომთავაზეს.

თავიდან უარი ვუთხარი. ამის მიუხედავად, კარდინალური ნაბიჯები გადადგეს, მთავარი მწვრთნელი სერგეი იურანი გაათავისუფლეს და დახმარება მთხოვეს.

- "სიმურგში" მუშაობას მანამდეც გთავაზობდნენ და ასისტენტობას მთავარი მწვრთნელობა არ გერჩივნათ?
- ცხადია, ყველა მწვრთნელს დამოუკიდებლად მუშაობა სურს. თუმცა "ინტერიდან" წასვლას არ ვაპირებდი, რადგან კახა ცხადაძესთან ერთად დიდი გეგმები გვქონდა და მის განხორციელებაზე ვფიქრობდით.

დამოუკიდებლად მუშაობას მხოლოდ ამის შემდეგ ვაპირებდი. მაგრამ "სიმურგმა" ზედიზედ 6 შეხვედრა წააგო და გოლსაც ვეღარ იტანდა. კიდევ ერთხელ რომ მომმართეს, უარი ვეღარ ვუთხარი.

- ძალიან სარისკო გადაწყვეტილება კი მიიღეთ.
- რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება მართლაც სარისკო იყო. არ ვტრაბახობ, ალბათ, ასე ბევრი მწვრთნელი არ მოიქცეოდა. მაგრამ მწვრთნელს გარისკვაც უნდა შეეძლოს.

- არადა, "ამერიდან" რისკის მოყვარულ მწვრთნელად არ გვახსოვართ.
- გეთანხმებით, მაგრამ ისიც სარისკოა, როდესაც ამბიციურ კლუბს იბარებ და გუნდის გადარჩენის ობიქტური პირობები არ არსებობს. "ამერშიც" მთავარ მწვრთნელად ისეთ დროს დამნიშნეს, როდესაც გუნდი პირველ ლიგაში იყო, თუმცა დიდი ამბიცია ჰქონდა და უმაღლესში გადასვლა სურდა. გუნდის შენება საინტერესო და სასიამოვნო პროცესია, მით უფრო, მძიმე ვითარებაში.

სიძნელეებს კი არ უნდა შეუშინდე. მწვრთნელი ასეთი გამოწვევებით თუ გაიზრდება. მეც მაინტერესებდა, ძალა და შესაძლებლობები გამომეცადა. ცხოვრებაშიც და ჩემს კარიერაში ბევრჯერ იყო ასეთი მომენტები, როდესაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადამედგა და აქაც ასე მოვიქეცი. იმიტომ კი არა, რომ გავარდნის შემთხვევაში თავის მართლებას შევძლებდი, არამედ იმიტომ, რომ გუნდი გადამერჩინა.

- სხვის დაკომპლექტებულ გუნდში მისვლა არასასიამოვნოა და რისკებს კიდევ უფრო ზრდის.
- გეთანხმებით. თანაც, იურანისა და ჩემი გემოვნება ბევრით განსხვავდება. მე სხვაგვარად მესმის ფეხბურთი, თამაშის წარმართვა, მოთამაშეთა დაკომპლექტება და საწვრთნელი პროცესი. საქმეს ისიც ართულებდა, რომ სატრანსფერო ფანჯარა დახურული იყო და ვეღარ გავძლიერდებოდით. ამიტომ, "სიმურგში" ბევრი რამ შევცვალე, ხავსს მოვეჭიდეთ და იმედი გვაქვს, რომ პრემიერლიგაში ადგილს შევინარჩუნებთ.

რა თქმა უნდა, ახლაც მძიმე ვითარებაში ვართ, ჩვენთვის ყოველი თამაში მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა და იმედი გაგვიჩნდა.

- და თუ "სიმურგი" მაინც გავარდა, გუნდში დარჩებით?
- ამაზე ლაპარაკიც არ მსურს, რადგან მწვრთნელისთვის გავარდნა ყველაზე უსიამოვნო ამბავია. მე სხვა რამეზე ვფიქრობ, რომ დავრჩებით და მომავალი წლისთვის ამბიციურ კლუბს ჩამოვაყალიბებთ, რომელიც მინიმუმ ექვსეულში მოხვდება. ხელმძღვანელობას სწორედ ასეთი გეგმები აქვს და ტრანსფერებში ფულის ეკონომიასაც არ აპირებენ.

- ორიოდე წლის წინ, "სიმურგს" ქართველების გუნდს ვეძახდით, ახლა კი ერთი ჩვენებურიც აღარ თამაშობს.
- ჩვენი გეგმები თუ განხორციელდება და პრემიერლიგაში ადგილს შევინარჩუნებთ, ქართველების მოწვევაზეც ვიფიქრებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული