ლევან კობიაშვილსა და კახა კალაძეს დაქვეითება ემუქრებათ

AutoSharing Option
ვიდეო
ბოლო დროს ლეგიონის უქმეების მიმოხილვას ლევან კობიაშვილით ვიწყებთ და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მალე ტრადიციას დავარღვევთ.

როგორც იცით, ბუნდესლიგის გასული ტური მან დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, "ჰერტამ" კი შინ წყალწაღებულ "კაიზერსლაუტერნთან" წააგო და მეორე ბუნდესლიგისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

კობიაშვილი შემდეგი ტურისთვისაც დასჯილია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ბრაზილიელი ზე რობერტოს რეკორდს ვერ გააუმჯობესებს და, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ გაიმეორებს. მომავალ სეზონში "ჰერტას" პირველ ბუნდესლიგაში თამაშის შანსი კი არცთუ დიდია. შესაბამისად, დიდია იმის საფრთხეც, რომ შემდეგ სეზონში ლევანსაც და ზე რობერტოსაც
პერუელი კლაუდიო პისარო გაასწრებს.

შეგახსენებთ, საქმე ეხება ბუნდესლიგაში ლეგიონერთა მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობას.

"ჰერტას" გარდა, ელიტიდან დაქვეითება ქართველთა სხვა არაერთ გუნდსაც ემუქრება, რაც, ბუნებრივია, მათი კარიერისთვის ცუდია.

სხვებთან ერთად, საფრთხეშია კახა კალაძის "ჯენოა". "კარლსრუე", "ლე მანი", "კარპატი" - ეს იმ გუნდების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ღირსებასაც ქართველები იცავენ და გააფთრებით იბრძვიან უძლიერესთა შორის დასარჩენად. ნალჩიკის "სპარტაკი" კი უკვე განწირულია.

რა თქმა უნდა, გვერდს არც პოზიტიურ მომენტებს ავუვლით, მით უფრო, რომ ამჯერად საამისოდ მიზეზები გვაქვს. ყველაზე გამოსარჩევი ამბავი ჯაბა ლიპარტიას დუბლია. "ზორიას" ქართველმა შემტევმა მე-9 წუთზე ანგარიში გახსნა, 54-ეზე თავისიანები თერთმეტმეტრიანით დააწინაურა, თუმცა ლუგანსკელები მაინც 2:2-ს დასჯერდნენ.

სანდრო კობახიძემ თავი 82-ე წუთზე გამოიჩინა და თავისი გოლით კიევის "არსენალს" მოაგებინა.(იხილეთ ვიდეო)

აზერბაიჯანში ჩვენთვის საყურადღებო "რავანი"-"თურანის" მატჩი გამოდგა, სადაც სტუმრებს ქულა ქართველებმა მოუტანეს - 84-ე წუთზე გიორგი ბერიაშვილმა ანგარიში შეამცირა, 88-ეზე კი ალექსანდრე გოგობერიშვილმა პენალტით წონასწორობა აღადგინა.

გიორგი ადამიას გოლმა "ყარაბახს" ვერაფერი უშველა, ირაკლი სირბილაძემ კი მორიგი ფინური გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული