"ქართული დერბი" რუსეთში და კალაძე-კობიაშვილის დილემა

AutoSharing Option
27 აპრილს რუსეთის პრემიერლიგაში "ქართული დერბი" გაიმართა. "კრასნოდარმა" "ვოლგას" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ორივე გოლი კრასნოდარელთა სომეხი ლიდერის, იურა მოვსისიანის ანგარიშზეა.

რაც შეეხება ქართველებს, "კრასნოდარის" შემადგენლობაში ნუკრი რევიშვილმა და გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა სრულად ითამაშეს, ოთარ მარცვალაძე კი თამაშში 72-ე წუთიდან ჩაერთო.

"ვოლგას" რიგებში 90 წუთი დაჰყო გია გრიგალავამ, რომელმაც 86-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

"კრასნოდარი" რუსული პლეი აუტის ერთპიროვნული ლიდერია, პრემიერლიგიდან დაქვეითების საფრთხე არც "ვოლგას" ემუქრება.

უიმედო აუტსაიდერმა, ნალჩიკის "სპარტაკმა" შინ სამარის "კრილია სოვეტოვთან" 0:0 ითამაშა. დავით სირაძეს ამ
შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ნალჩიკელთა ქართველმა ფორვარდმა მთელი თამაში სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

თურქეთში "ქაისერისფორი" შინ "გენჩლერბირლიგისთან" 0:3 განადგურდა. ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია შოთა არველაძის გუნდის მცველ ზურაბ ხიზანიშვილს.

საფრანგეთის ლიგა 2-ში "ლე მანმა" "ლავალს" გიორგი მაკარიძის გარეშე უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

პოლონეთის ექსტრაკლასაში ვლადიმერ დვალიშვილის "პოლონია" პოზნანის "ლეხს" ეწვია და 0:1 დამარცხდა. სტუმართა ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა. "პოლონია" მეექვსე ადგილზეა და ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

რაც შეეხება 28 და 29 აპრილის გამორჩეულ მატჩებს, უპირველესად, დისკვალიფიცირებული ლევან კობიაშვილის გარეშე მოთამაშე "ჰერტა" უნდა ვახსენოთ, რომელიც ბუნდესლიგაში დარჩენის უკანასკნელი შანსის გამოყენებას გელზენკირხენში, "შალკეს" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში შეეცდება.

სერია A-ში 29 აპრილს კახა კალაძის "ჯენოა" "ბოლონიას" ესტუმება და თუ ღრმა კრიზისში მყოფი გენუელები კვლავ დამარცხებიან, შესაძლოა, გასავარდნ ზონაში გადაინაცვლონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული