ყენია "შალკეში" თბილისის "ლოკომოტივიდან" მოხვდა. ასეთი ნახტომი კი მხოლოდ გამორჩეულად ნიჭიერებს შეუძლიათ. 17 წლის ყენია უკვე იმედი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის, მაგრამ...
ფეხბურთშიც გამართლება ძალიან ბევრს ნიშნავს. უტრავმო ფეხბურთელი არ არსებობს, ოღონდაც ყენიას მაშინ უმუხთლა ჯანმრთელობამ, დიდი ფეხბურთის სარბიელზე პირველ ნაბიჯებს რომ დგამდა.
ყენია ტრავმებმა დაამუხრუჭეს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ეტაპი იყო. ლევანი
ის ყოველთვის თავდახრილი იყო, ვარსკვლავური ავადობა მას არ ეტყობოდა. უხაროდა, ბუნდესლიგაში რომ მოხვდა. ამბობდა, მიუნხენის "ბაიერნი" ჩემი ოცნების გუნდიაო. მერე კი მადრიდის "რეალისკენ" მიუბრუნდა გული. ყენია ყოველთვის ბავშვური გულწრფელობით პასუხობდა ინტერვიუს შეკითხვებზე. ის 16-17 წლის იყო, მაგრამ უკვე პიროვნებაც იკვეთებოდა მის ტალანტში.
ყენიას ფელიქს მაგათის ხელშიც მოუწია "შალკეში" ყოფნა. მაგათმა კი დანდობა არ იცის. მას გერმანიაში "მწვალებელი მაგათიც" კი შეარქვეს.
მახსოვს, ყენიამ რომ გვითხრა, მაგათი ტრიბუნაზე არბენა-ჩამორბენასაც კი გვავალებს მოსამზადებელი ეტაპის ვარჯიშებზეო.
ყენია კოჭის ტრავმამ შეაწუხა. მომჯობინდებოდა, ვარჯიშს დაიწყებდა და ისევ გაუმიზეზდებოდა ტერფი. ყენია არ ნებდებოდა, მაგრამ მხოლოდ შეუპოვრობა ვერ ამარცხებს სპორტსმენის ტრავმებს - საჭიროა იღბალიც.
ყენიას ძალიან საჭირო ფეხბურთელად მიიჩნევს ჩვენი ეროვნული გუნდის დამრიგებელი თემურ ქეცბაიაც. ნაკრების ბოლო მატჩში ალბანეთთან ქეცბაიამ ის გამოიძახა და რამდენიმე წუთით შეცვლაზეც ათამაშა. ეს ფსიქოლოგიური მომენტი იყო. გულშემატკივარი ყენიას გამოჩენას ოვაციით შეხვდა. თვითონ ფეხბურთელმაც იგრძნო ტრიბუნების და მოედნის მადლი, მწვრთნელის მხარდაჭერა და საყოველთაო გამხნევება.
ის ჯერ კიდევ კლაუს ტოპმიოლერის მწვრთნელობის ჟამს მოხვდა ეროვნულ გუნდში. საქართველომ შოტლანიას 2:0 რომ მოუგო, ყენიამ ჩინებულად ითამაშა. აზროვნება, ტექნიკა, მოხდენილი პასები... ყენიას თამაშის სანახავად ხალხი "ლოკომოტივის" მატჩებზე დადიოდა, თამაშს არ აცდენდა. ყენია საქართველოდან წავიდა და მას მერე ასეთი ახალგაზრდა ფეხბურთელი არ ჩანს.
ყენიას ამბავი სევდიანია, ოღონდაც დასასრული ჯერ არ ჰქონია. მე მაინც მგონია, რომ ის გერმანიაში დარჩება ფეხბურთის სათამაშოდ. ყენია ისეთი არ ჩანს, რომ რუსეთში ან უკრაინაში წავიდეს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"