დავით თარგამაძემ უკრაინის ჩემპიონატის სეზონი დუბლით დახურა [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
ბერლინის "ჰერტას" ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება ძალიან, ძალიან გაუჭირდება. იმედი გვქონდა, რომ ლევან კობიაშვილის გუნდი გადათამაშებაში მაინც გამოფხიზლდებოდა, მაგრამ ამაოდ - 10 მაისს ბერლინელებმა პლეი ოფში მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანს, დიუსელდორფის "ფორტუნას" უმასპინძლეს და იმის მიუხედავად, რომ დაწინაურდნენ, 1:2 დამარცხდნენ.

"ჰერტას" კაპიტანმა კობიაშვილმა ნახევარდაცვის ცენტრში ითამაშა და მოედანზე 90 წუთი გაატარა. განმეორებითი მატჩი 15 მაისს გაიმართება, "ჰერტას" შანსებზე კი თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ...

აქვე გეტყვით, რომ ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუე" ე. წ. რელეგაციის პირველ მატჩს 11 მაისს საღამოს სტუმრად, "რეგენსბურგთან" ჩაატარებს.

ჰოლანდიაში ევროპის ლიგის
საგზური ორრაუნდიან პლეი ოფში თამაშდება. არნემის "ვიტესმა" პლეი ოფის პირველი ნახევარფინალური მატჩი სტუმრად "ნეიმეგენთან" ჩაატარა და 2:3 დამარცხდა, რაც ფინალში გასვლის არცთუ ურიგო შანსს უტოვებს.

"ვიტესის" შემადგენლობაში გურამ კაშიამ სრულად ითამაშა, გიორგი ჭანტურია კი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს.

32-ე წუთზე ვიტესელმა ნიკი ჰოფსმა ანგარიში სწორედ მისი გადაცემით გახსნა. ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 13 მაისს გაიმართება.

უკრაინის პრემიერლიგაში კი 10 მაისს ბოლო ტურის მატჩები ჩატარდა. პირველად "ილიჩევეცისა" და დონეცკის "მეტალურგის" შეხვედრა უნდა ვახსენოთ, რადგან მარიუპოლელთა ქართველმა ნახევარმცველმა დავით თარგამაძემ დუბლი შეასრულა (იხილეთ ვიდეო). მან თავი 63-ე და მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე გამოიჩინა, "ილიჩევეცმა" კი 2:1 მოიგო.

თარგამაძემ
შეუცვლელად ითამაშა, პირველ ტაიმში კი ყვითელი ბარათი მიიღო. თორნიკე ოქრიაშვილი სათადარიგო იყო.

ჯაბა ლიპარტიამ "ზარიას" მაისურით მორიგი გოლი გაიტანა. "ზარია" სტუმრად "ვოლინს" 2:2 დაუზავდა, ლიპარტიამ კი მე-17 წუთზე ანგარიში გახსნა. მან შეუცვლელად ითამაშა.

პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა ლვოვის "კარპატიმ", რომელსაც დაქვეითების საფრთხე ბოლო ტურამდე ემუქრებოდა. ბუბა დაუშვილის გუნდი სტუმრად "დნიპროსთან" 0:2 დამარცხდა, დაუშვილმა კი მოედანზე 90 წუთი დაჰყო და პირველ ტაიმში გაფრთხილება მიიღო.

კრივოი როგში "ქართული დერბი" გაიმართა. "კრივბასმა" კიევის "არსენალს" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში უჩა ლობჟანიძემ და ჯაბა კანკავამ სრულად ითამაშეს, ხოლო სანდრო კობახიძე, რომელიც საგოლე პასის ავტორი გახდა, მეორე ტაიმში შეცვალეს.

უკრაინის ჩემპიონი დონეცკის "შახტარი" გახდა. რაც შეეხება ქართველთა გუნდებს, მათ შორის საუკეთესო შედეგი "არსენალმა" აჩვენა, რომელიც მეხუთე ადგილზე გავიდა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა. "კრივბასი" მეათეა, "ილიჩევეცი" - მე-11, "ზარია" - მე-13, "კარპატი" კი - მე-14.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული