"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური დღეა ჩემთვის, რადგან უნდა განვაცხადო 18-წლიანი კარიერის შემდეგ პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლის შესახებ.
მადლობა მინდა გადავუხადო "მილანის" და "ჯენოას" კლუბებს და მმართველებს, რომლებმაც მიმიღეს იტალიაში; ამ ორი გუნდის ყველა წევრს, ჩემს მეგობრებსა და ჩვენს უამრავ მოწინააღმდეგეს, რომლებთანაც მოგვიწია დაპირისპირება, რომელიც განმსჭვალული იყო მეგობრული შეჯიბრის სულით. ასევე -
უზარმაზარი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და მამხნევებდნენ. მეც, ჩემი მხრივ, ყოველთვის ვცდილობდი ბოლომდე დავხარჯულიყავი და ყველაფერი გამეკეთებინა ჩემი გუნდისთვის მოედანზე.
ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება აქ, იტალიაში გატარებული დროის შესახებ საოცარი და ბრწყინვალე მოგონებები.
გადავწყვიტე, წავიდე სპორტიდან, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი კვალი დატოვა და ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში უზარმაზარი როლი ითამაშა.
დროა, ადგილი დავუთმო ახალგაზრდებს, რომლებმაც უნდა შეძლონ წინსვლა. გადავწყვიტე, ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის მომავალი კეთილდღეობისთვის ვიბრძოლო.
საქართველოს შესახებაც ცოტა რამაა ცნობილი, გარდა ტრაგიკული მოვლენებისა. საქართველო არის ქვეყანა, სადაც დავიბადე. ამ ქვეყანაში არის ყველაფერი ის, რაც ჩემთვის ძვირფასია, სადაც ჩემი გულია; ქვეყანა, სადაც მინდა რომ ჩემი შვილები თავისუფლად გაიზარდონ და იცხოვრონ საქართველოს სხვა ახალგაზრდებთან ერთად, მათი მოთხოვნილებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, ისე, როგორც ეს ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში".
დაგვეთანხმებით, გულდასაწყვეტი ამბავია, თუნდაც იმიტომ, რომ კალაძეს მაღალ დონეზე თამაში კიდევ შეეძლო. თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უნდა ვუსურვოთ.
კახას შესანიშნავ კარიერას "ლელოს" უახლოეს ნომრებში გავიხსენებთ, ახლა კი მოკლედ იმის თქმა შეგვიძლია, რომ იგი დამოუკიდებელი საქართველოს ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია. კალაძის მრავალრიცხოვანი საკლუბო ტიტულებიდან კი ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ გამარჯვების ხსენება კმარა.
13 მაისს რუსეთის ჩემპიონატი დასრულდა და ბოლო ტურის მატჩებიდან ქართველებმა მხოლოდ ორში მიიღეს მონაწილეობა.
ნალჩიკში "სპარტაკმა" "კრასნოდარს" უმასპინძლა და 3:3 ეთამაშა. დავით სირაძე მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს. სტუმართა რიგებში კი ალექსანდრე ამისულაშვილმა და ოთარ მარცვალაძემ ითამაშეს - პირველმა სრულად, მეორემ კი 88-ე წუთამდე. ნუკრი რევიშვილი "კრასნოდარის" სათადარიგოთა სკამზე იჯდა. "ამკარმა" კი 4:1 გაანადგურა "ვოლგა", რომლის რიგებშიც შეუცვლელად ითამაშა გია გრიგალავამ.
მოსკოვის "სპარტაკმა" ჯანო ანანიძის გარეშე დედაქალაქურ დერბიში "ლოკომოტივს" სძლია და მეორე ადგილზე გავიდა, რითაც ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. მოსკოვის ცსკა-ს მეორე ადგილი ყაზანის "რუბინმა" დააკარგვინა, რომელმაც არმიელებს 3:1 მოუგო. სამწუხაროდ, საბა კვირკველია "რუბინის" განაცხადშიც კი არ ყოფილა.
ქართველების "ვიტესი" ევროპის ლიგაზე მოსახვედრი პლეი ოფის ფინალში გავიდა. პლეი ოფის ნახევარფინალის პირველი მატჩი არნემელებს "ნეიმეგენთან" 2:3 ჰქონდათ წაგებული, თუმცა შინ 2:0 იმარჯვეს. გურამ კაშიამ მოედანზე 90 წუთი დაჰყო, გიორგი ჭანტურია კი სასტარტოში იყო და 68-ეზე შეცვალეს. 17 და 20 მაისს "ვიტესი" პლეი ოფის ფინალში "ვაალვიკს" დაუპირისპირდება.
დანიური "ორჰუსის" ძირითად შემადგენლობას დავით სხირტლაძე დაუბრუნდა. მისმა გუნდმა შინ "ბრონდბიუ" 5:1 გაანადგურა, სხირტლაძე კი 58-ე წუთზე შეცვალეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"