რა გზას აირჩევს ალექსანდრე იაშვილი

AutoSharing Option
ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუე" მეორე ბუნდესლიგიდან გავარდა და მომდევნო სეზონში გერმანიის მესამე ლიგაში ითამაშებს. საკითხავი ისღა დარჩა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს იაშვილი, ვისაც "კარლსრუესთან" კონტრაქტი დაუმთავრდა.

იაშვილმა ადრე თვითონ გვითხრა, ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ "კარლსრუე" კლუბში დარჩენას და მენეჯერად მუშაობას მთავაზობსო.

იაშვილი 34 წლისაა, 2011-12 წლების მეორე ბუნდესლიგაში "კარლსრუედან" ყველაზე მეტი, 8 გოლი გაიტანა, 7 საგოლე გადაცემაც მიითვალა. მხოლოდ სტატისტიკაშიც როდია საქმე, იაშვილი "კარლსრუეს" სული და გული წლობით იყო.

15 მაისს მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა გვამცნო, იაშვილს პირველი ბუნდესლიგიდან აქვს შემოთავაზებაო. ისიც შევიტყვეთ,
ცოტა ხნის წინათ "დინამო თბილისში" რომ ლაპარაკობდნენ მის დაბრუნებაზე, თუმცა ახლა საქმეს ისეთი პირი უჩანს, "დინამო" ერთობ ყაირათიანი იქნება დამდეგ სეზონში და ნაკლებად სავარაუდოა, რომ იაშვილი ამ გუნდში დაბრუნდეს.

იაშვილი 17 წლის იყო, უკვე "დინამოს" პირველი გუნდის საკვანძო ფეხბურთელად რომ ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, ის არასდროს ყოფილა ქედმაღალი და ცხვირაწეული.

მან მყისვე დაიწყო გოლების გატანა. 19 წლისა მეორე ბუნდესლიგის "ლუბეკში" წავიდა განათხოვრებით. შემდეგ ისევ "დინამოში" დაბრუნდა, 1997 წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ლევერკუზენს" სტუმრად სასწაული გოლი გაუტანა და ცხადი გახდა, რომ მას საქართველოში არავინ დატოვებდა - იაშვილი "დინამოდან" ფოლკერ ფინკეს "ფრაიბურგმა" გამოისყიდა.

ფინკეს "ფრაიბურგი" სპეციფიკური გუნდი იყო მცირე ბიუჯეტით. ფეხბურთელების სელექციაში მწვრთნელს დიდი გეოგრაფია ჰქონდა. ფინკე სახე იყო "ფრაიბურგისთვის". არცთუ პატარა ეპოქაც კი შექმნა იქ, 16 წელი იმუშავა ამ კლუბში. იაშვილი ფინკეს ფეხბურთელი გახდა.

პატარა "ფრაიბურგმა" იმდენი ქნა, იაშვილის, ლევან კობიაშვილის და ლევან ცქიტიშვილის დახმარებით 2001 წელს უეფას თასზეც კი ითამაშა - ამ კლუბისთვის ეს მაშინ მაქსიმუმი იყო, მანამდე მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ასეთი წარმატება.

იაშვილმა მსუბუქი ტრავმების გარდა მუხლის ჯვარედინა იოგების დაწყვეტასაც გაუძლო და ფეხბურთის თამაში გააგრძელა. ნაკრებში ის არ ყოფილა ნომერ პირველი ფორვარდი, მაგრამ არც მეორე პლანზე ყოფნა იყო მისთვის კომფორტული - იაშვილი ნაკრებშიც გამორჩეულად თამაშობდა, არაერთხელ აუღია თამაში საკუთარ თავზე, არაერთხელ გაუტანია ძალიან საჭირო გოლი.

კარგი ფეხბურთელობის გარდა, ქართველ გულშემატკივარს ის თავმდაბლობის გამოც უყვარს. ბადენის მხარეში კი "იაში" უკვე კარგა ხანია, რაც შინაური კაცია.

საქართველოს ნაკრების წინა შესარჩევი ციკლის შემდეგ თემურ ქეცბაიას იაშვილი აღარ გამოუძახებია. იაშვილს არაფერი უთხრეს, ისე ჩამოაცილეს ნაკრებს. ისე გამოვიდა, რომ ეტიკეტსა და მის დამსახურებას ჩალის ფასი დაადეს.

34 წლის იაშვილს, ალბათ, კიდევ შეუძლია ფეხბურთის თამაში, ოღონდაც სად, რა დონეზე, რა მოტივაციით? სეზონი დასრულდა და ახლა მას ნამდვილად აქვს დრო ფიქრისთვის.

რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს, ფეხბურთში დარჩება - ასე გვითხრა რამდენიმე თვის წინ.

იაშვილი ისე თამაშობდა ფეხბურთს, თუ ამას აღარ გააკეთებს, პატარა სენტიმენტებს მაინც დაგვიტოვებს - ამასაც შეძლება უნდა.

იაშვილთან ძალიან ადრეული ინტერვიუ მახსენდება, სადაც ის ამბობს, სასმელებიდან ყველაზე უფრო ვაშლის ნატურალური წვენი მიყვარსო. ვერ გეტყვით, ნამდვილად აქვს თუ არა ვაშლის ნაჟურს ელექსირის თვისებები, ყოველ შემთხვევაში, იაშვილი ფიქრობს, თუ რა ხელობა უნდა ჰქონდეს "კარლსრუეს" გავარდნის შემდეგ...

"იაშვილი ფიქრობს..." (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდი მადლობა ამ კაცს იმ თავდადებისთვის იმ ჯიგრისთვის რასაც ნაკრების აბსოლუტურად ყველა თამაშში დებდა, იმ პიროვნული თავმდაბლობისთვის (მისი სოციალური ფენისთვის ნაკლებ დამახასიათებელი არის ზოგადად და ერთი ორად დასაფასებელია)და სიკეთესთვის რითაც ყველას თავი დაამახსოვრა;
forca juve
08:38 17-05-2012
0
ძალიან მიყვარს ეს ფეხბურთელი და მისი განვლილი გზა და რათქმაუნდა სიამოვნებიტ ვიხილავდი საქარტველოში,მაგრამ მინდა ვურჩიო რომ აქ არ ჩამოვიდეს,აქ საოცრება ხდება და ვერავის ვერ დაუყრდნობი და ვერც ენდობი,მინდა რომ ძალიან წარმატებული იყოს ოღონდ ეხლა დინამოში ეს გამორიცხულია !
sandro
00:24 17-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული