ლევან კორღალიძის ოცნება: ძალიან მინდა, კარიერა სამშობლოში დავასრულო

AutoSharing Option
შარშან, მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ლევან კორღალიძე მოლდოვაში დაბრუნდა, კიშინიოვის "ზიმბრუში" ჩაირიცხა და ისეთივე წარმატებული სეზონი ჰქონდა, როგორც მანამდე "დაჩიაში".

თუმცა სეზონის დასრულების შემდეგ გავრცელდა ხმები, თითქოს 31 წლის პლეიმეიკერი კარიერას ძველ კლუბში, რიგის "სკონტოში" გააგრძელებდა.

"ასეთი შემოთავაზება იყო, მაგრამ საბოლოოდ ჩვენი ურთიერთობა ისე დამთავრდა, სერიოზული მოლაპარაკება არც დაგვიწყია. ასე რომ, მომავალ სეზონსაც "ზიმბრუში" ჩავატარებ და ევროპის ლიგაზე ვითამაშებ", - გვითხრა კორღალიძემ.

ერთი შეხედვით, ლევანს კარიერის აწყობა არ გასჭირვებია, კლუბიდან კლუბში იოლად გადადიოდა, მაგრამ აღიარებს, რომ სასურველ ლიგაში ვერ ითამაშა.

"იღბალი
ბევრს ნიშნავს. "სკონტოში" ალექსანდრ სტარკოვი ამბობდა, იმას უმართლებს, ვინც ბედს თავად გაათრევსო. მე მგონი, ფეხბურთისთვის არაფერი დამიკლია, რადგან ზარმაცი არ ვარ.

ტრაბახში არ ჩამომართვათ, "ზიმბრუს" მწვრთნელი სერგეო სტროენკო გაოცებული მეუბნებოდა, შენსავით მონდომებული 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელი არ შემხვედრიაო.

იმასაც ვერ ვიტყვი, რომ არ გამიმართლა, მოლდოვისა და ლატვიის ჩემპიონი ვარ, მოლდოვაში საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს და ამის შემდეგ დიდი იმედი მქონდა, რომ მაღალი დონის ჩემპიონატში მიმიწვევდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა: ტრავმა მივიღე და უკეთეს გუნდს ვინ ჩივის, საქართველოს გუნდებმაც ზურგი შემაქციეს.

სიმართლე გითხრათ, ამან ძალიან გამაოცა. ერთი წლით ადრე "ზესტაფონში" ვთამაშობდი და მგონი, ცუდი სეზონი არ ჩამიტარებია. მერე მოლდოვაში კარიერაში საუკეთესო სეზონი მქონდა და სერიოზულად არავინ დამლაპარაკებია.

არადა, ძალიან მინდა, კარიერა საქართველოში დავასრულო და სამი ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოვიპოვო. იმედი მაინც არ გადამიწურავს".

ლევანი "ზიმბრუს" ახალწვეულ ქართველზე, თორნიკე სტეფნიაშვილზეც გველაპარაკა:

"თორნიკე თავიდან დუბლებში იყო, მაგრამ ძირითადში გადმოყვანას უპირებენ. გულშემატკივრებს თავი მოაწონა, ტექნიკური და აზრიანი ნახევარმცველია. რაც მთავარია, შრომა არ ეზარება, პროფესიონალია და ვფიქრობ, დიდ ფეხბურთს ითამაშებს".

კორღალიძის ოცნება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მოლდოვური მედია: ლევან კორღალიძე, როგორც ლეგენდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული