"ორჰუსი" სუპერლიგას გასულ სეზონში დაუბრუნდა და ევროლიგაზე თამაშის უფლება მე-5 ადგილზე გასვლით დაიმსახურა.
"ორჰუსში" გასულ წელს ოთხი ქართველი თამაშობდა, მაგრამ 2011 წლის ბოლოს გუნდი გიორგი დიასამიძემ და ლაშა შინდაგორიძემ დატოვეს. ამჟამად კი გუნდში მხოლოდ ორნი დარჩნენ - საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი დავით დევდარიანი და ახალგაზრდული და 19-წლამდელთა ნაკრების
სხირტლაძეს შვედეთში დავუკავშირდით, სადაც "ორჰუსმა" 26 ივნისს "გეტებორგთან" საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა.
- კენჭისყრის შედეგზე რას იტყოდი?
- ვიცოდი, რომ "დილა" ერთ-ერთი სავარაუდო მეტოქე იყო, მაგრამ რატომღაც არ მეგონა, თუ შევხვდებოდით. უფრო სწორად, ჩვენებთან თამაში არ მინდოდა.
თანაც, იქ 19-წლამდელების ყოფილი მწვრთნელი გია ცეცაძე მუშაობს. ერთადერთი ის მესიამოვნა, რომ საქართველოში ჩამოვალ.
- ქართულ გუნდთან გაორებული გრძნობა გაქვს?
- რა თქმა უნდა, ქართველი ვარ და საქართველოს ნაკრებში სულ იმაზე ვფიქრობ, რომ ხალხი გავახარო. საკლუბო თამაში სხვა რამ არის, ოდესმე შენიანის წინააღმდეგაც მოგიწევს თამაში, მაგრამ მაინც ძალიან არასასიამოვნოა.
სიმართლე გითხრათ, იმაზეც ვიფიქრე, მაყურებელი როგორ მიმიღებს.
- იმედია, გაგიგებენ...
- ქართველების მოწინააღმდეგე გუნდში ვარ, მაგრამ იმედია, გამიგებენ.
- დანიელებმა "დილაზე" რა იციან?
- დანიელებმა კი არა, ბევრი რამ მეც არ ვიცოდი და კენჭისყრის შემდეგ ინტერნეტში მოვძებნე. ინფორმაციით გაოცებული დავრჩი. რამდენი ცნობილი მოთამაშე ჰყოლიათ?! სალუქვაძე, შაშიაშვილი, კვირკველია, ხოჯავა, გურული, ვაწაძე. ნაკრების ამდენი მოთამაშე, მგონი, არცერთ სხვა ქართულ კლუბში არ არის.
- კენჭისყრაზე დანიელებს როგორი რეაქცია ჰქონდათ?
- ცხადია, "დილაზე" ბევრი არაფერი იციან. საერთოდაც, საქართველოს ფეხბურთზე ინტერნეტში მწირი ცნობებია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ასეთი შემადგენლობის გუნდი ძლიერი იქნება. კენჭისყრის შემდეგ გვეკითხებიან, რა გუნდია და ა.შ. მაგრამ თავადაც ინტერნეტიდან ვიგებ და მათ რა ვუთხრა? მხოლოდ იმის ცოდნა, რა შემადგენლობა ჰყავთ და საქართველოს თასს რომ დაეუფლნენ, არაფერს ნიშნავს.
- შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსებზე რას იტყოდი?
- ძნელი სათქმელია. გარედან რომ შევხედოთ, დანიურ კლუბს ქართულთან ოდნავ მეტი უპირატესობა აქვს, მაგრამ ვიმეორებ, "დილას" ისეთი შემადგენლობა ჰყოლია, პროგნოზის გაკეთება ძალიან გამიჭირდება.
* * *
დანიური "ორჰუსის" ვებგვერდზე კომენტარი დავით დევდარიანმაც გააკეთა და ირიბად საქართველოს ტურისტების მოზიდვაშიც დაეხმარა:
"ეს იქნება ძალიან საინტერესო და დაძაბული დაპირისპირება. გორის "დილა" ძალიან კარგი გუნდია, საქართველოს თასის ფინალში გაიმარჯვა და ბევრი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავს, რომლებიც რუსეთსა და უკრაინაში თამაშობდნენ.
"დილა" აშკარად გაძლიერდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ამოცანის გადაჭრა შესაძლებელია. მაგრამ საამისოდ განმეორებით შეხვედრაზე თბილისში ჩვენი გულშემატკივრების სერიოზული მხარდაჭერა დაგვჭირდება.
საქართველომდე შორი გზის გავლა მოუწევთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს მათთვის სასიამოვნო მოგზაურობა იქნება".
* * *
თავად კლუბის ვებგვერდი კი წერს, რომ გორელთა შემადგენლობას კარგად არ იცნობენ. მაგრამ გაიხსენეს, რომ "დილას" თავდამსხმელი რევაზ ბარაბაძე 2010 წლის სექტემბერში "ორჰუსში" ვარჯიშობდა, მაგრამ ორ კვირაში დაშავდა და სახლში გაბრუნება მოუხდა.
დავით სხირტლაძე - ჩემიანებთან თამაში არ მინდოდა! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დავით დევდარიანი დანიური "ორჰუსის" გულშემატკივრებს თბილისში ეპატიჟება
გორის "დილას" მეტოქე ევროპალიგაზე - დანიური "ორჰუსი"