რუსები ლევან ყენიაზე - სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" სასირცხვილო არაფერი აქვს

AutoSharing Option
21 წლის ქართველი ნახევარმცველის, ლევან ყენიას სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" ჩარიცხვა გადაწყვეტილია და ყველა წვრილმანზე წერტილის დასმამდე დღეები, ან სულაც საათები რჩება.

შესაბამისად, რუსულ მედიაში საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ერთიორად გაზრდილია.

ყენიას ვრცელი და საინტერესო სტატია მიუძღვნა რუსულმა საიტმა sportsdaily.ru-მ, რომელიც უინტერესო არც ქართველი მკითხველისთვის უნდა იყოს. მას უმნიშვნელო ცვლილებით გთავაზობთ:

"ზენიტი" და ყენია: ვინ ვის წაადგება?
ავტორი: ივან ჟიდკოვი

"შალკეს" საიტმა ოფიციალურად პირველმა გამოაცხადა ლევან ყენიას "ზენიტში" გადასვლის შესახებ. მანამდე კი ინტერნეტში გავრცელდა ფეხბურთელის ფოტოსურათები (ეს ამბავი
პირველად გაზეთმა "ლელომ" და sportall.ge-მ გაახმაურეს და ფოტოსურათებიც წარმოადგინეს), რომელზეც ყენია "ზენიტის" პორტუგალიურ შეკრებაზე ახალ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობს.

თავად "ზენიტი" ბოლო წუთამდე დუმილს ამჯობინებდა, თითქოს ერიდებოდა თავისი პირველი საზაფხულო შენაძენის შესახებ გაცხადება. ლავეცი პარიზში გადავიდა, ფორლანი - ბრაზილიაში, პეტერბურგში კი - ლევან ყენია, რომელზეც ბევრი პირველად სწორედ ახლა გაიგებს.

სინამდვილეში კი სასირცხვილო არაფერია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფეხბურთელის ისტორია საკმაოდ ნაღვლიანია.

ასეა თუ ისე, ტრანსფერზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია. ახლა ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ამავდროულად, გავიგოთ, ვინ მოდის "ზენიტში".

მოხერხებული მენეჯერი
2006 წელს საქართველოს ნაკრები ჩაიბარა კლაუს ტოპმიოლერმა, რომელმაც "ბაიერთან" ერთად 2001/2002 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწია. თუმცა, ტოპმიოლერთან ერთად, ლევერკუზენულმა გუნდმა ბუნდესლიგის მოგების წარუმატებელი მცდელობების გამო არცთუ საამაყო მეტსახელი "ნევერკუზენი" დაიმსახურა.

სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ტოპმიოლერი სამშობლოში დღემდე არამოთხოვნადი სპეციალისტია...

ყველაზე მთავარი კი, რაც ჰერ ტომპიოლერმა საქართველოს ნაკრებში გატარებული ორი წლის განმავლობაში გააკეთა, მსოფლიოსთვის ლევან ყენიას, ლევან მჭედლიძისა და გიორგი მაკარიძის გაცნობა იყო. ყოველ შემთხვევაში, ამის გაკეთებას შეეცადა.

საქართველოს ნაკრებთან ერთად რაიმეს მოგება საკმაოდ ძნელია და ამიტომ ტოპმიოლერმა, როგორც მოხერხებულმა მენეჯერმა, ყველაფერი გააკეთა, რათა მინიმუმიდან მაქსიმუმი გამოეწურა. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო ევრო 2008-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების გამარჯვება შოტლანდიასთან (2:0). ამ მატჩში მჭედლიძემ გოლი შეაგდო, ყენიამ კი, რომელიც მაშინ 17 წლის იყო, გერმანელი სპეციალისტის გული ერთხელ და სამუდამოდ დაიპყრო.

"არასდროს მინახავს ასეთი ტექნიკის მქონე ახალგაზრდა მოთამაშე! - აღფრთოვანებას ვერ მალავდა კლაუსი, რომელიც პარალელურად სიგნალს ევროპულ კლუბებს აწვდიდა. - შოტლანდიასთან მატჩში ის საუკეთესო იყო მოედანზე. ყენიას არაჩვეულებრივი მომავალი აქვს!"

გერმანიაში კი იცოდნენ ტოპმიოლერის კავშირების შესახებ ერთ-ერთ საფეხბურთო სააგენტოსთან. ამასთან, 2006 წელს მწვრთნელის სახელს მოიხსენიებდნენ "რობერტ ჰოიცერის საქმესთან". შეგახსენებთ, ჰოიცერი ის მსაჯია, ხორვატულ ბუქმეკერულ მაფიას მატჩების შედეგებზე გავლენის მოხდენაში რომ ეხმარებოდა.

სამი ოპერაცია
ლევან ყენია, ეჭვგარეშეა, იმსახურებდა ყურადღებას და თან, 14 წლიდან, როდესაც ორკვირიან სტაჟირებაზე ის თვით "ბარსელონამ" მიიწვია.

უკვე 16 წლისა ლევანი თბილისის "ლოკომოტივის" თამაშებზე გულშემატკივრებს იზიდავდა. სტადიონზე ხალხი სწორედ მისი თამაშის სანახავად დადიოდა და ეს მაშინ, როცა საქართველოში "ფინტაობის" ოსტატები არასდროს უკვირდათ.

ყენია ცაციათი არამხოლოდ მიკროვიბრაციამდე იმორჩილებდა ბურთს, მოედანზე გონებითაც უნაკლოდ მუშაობდა. თამაშის რიტმისა და პარტნიორების არაჩვეულებრივი შეგრძნება, ასევე, პასების სიზუსტისა და სისწრაფის უბადლო გათვლა, რითაც ხასიათდებოდა ლევანი, კლაუს ტომპიოლერს ხელებს სიამოვნებით აფშვნეტინებდა - ბუნდესლიგაში პლეიმეკერებზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალია.

2008 წელს განხორციელებულ ტრანსფერში გარეული ხალხის ბედად, კარგი დირიჟორის ნაკლებობას ყველაზე მწვავედ განიცდიდა "შალკე" - კლუბი, რომელიც თავს არაერთი ფეხბურთელის შეძენის უფლებას აძლევდა, მაგრამ რატომღაც მუდმივად ტყუვდებოდა არჩევანში...

ის, რომ ტრანსფერი პერსპექტივაზე იყო გათვლილი (transfermarkt.de-ს ვერსიით, გარიგება 500 ათასი ევროთი განისაზღვრა), ეჭვს იმიტომაც არ ბადებდა, რომ ჰოლანდიელი ფრედი რიუტენი თავიდანვე აშკარას ხდიდა თავისი მუშაობის პრინციპს - მისთვის მთავარი შედეგი იყო.

და ყენიასაც, რომლის თამაში 99 პროცენტით ნიჭით იყო განპირობებული და მხოლოდ 1 პროცენტი - მომზადებით, არ უნდა ჰქონოდა თავიდანვე ძირითადში მოხვედრის იმედი. მან თამაში ჯერ "შალკეს" ასაკობრივ გუნდში დაიწყო და პერსპექტივაც თავისით გამოიკვეთა...

მაგრამ ლევან ყენიას კარიერაში მთავარი როლი კავკასიური წარმომავლობის ყველა ნიჭიერი ფეხბურთელისთვის დამახასიათებელმა პრობლემამ ითამაშა. როგორც ჩანს, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის ქუჩებსა და ეზოებს არ შეუძლია ისეთი ჯანმრთელობის ბოძება, როგორიც კოპაკაბანას პლაჟებს.

სხვა პლანეტიდან მოსულ ბიჭს "ბუნდესლიგის ქვაბში" ისე ხარშავდნენ, არცკი ინტერესდებოდნენ, რისგან იყო პროდუქტი დამზადებული - როგორ ზრუნავენ საქართველოში მოზარდი ფეხბურთელების კვებაზე, ვარჯიშზე, კონდიციების აღდგენაზე...

ლევან მჭედლიძემ, გაუშვა რა ხელიდან "პალერმოში" დამკვიდრების შანსი, სერია B-ში "ემპოლიში" ითამაშა. გიორგი მაკარიძე საფრანგეთში, "ლე მანში" გამოდის. ლევან ყენიას კი ყველაზე ნაკლებად გაუმართლა. "შალკეში" გატარებული სამი წლის განმავლობაში ტერფზე სამი ოპერაცია გადაიტანა. ბოლო ტრავმამ, რომელიც 2009 წლის ოქტომბერში მიიღო, ის მოედნის მიღმა მთელი ორწლინახევრით დატოვა. ყველაზე დიდხანს ლევანმა გუნდის მაისურით 2010 წელს ითამაშა: 490 წუთი ჩემპიონატში, 105 - თასზე.

2011 წელს მან მხოლოდ სტატისტიკოსთა ყურადღება მიიპყრო, როდესაც სათასო მატჩში "აუგსბურგთან" განაცხადში მოხვდა. მაშინაც მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე ჯდომით შემოიფარგლა.

ნაჯახით!
"შალკეში" ყენიამ რამდენიმე მწვრთნელი გამოიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი გუნდისთვის სრულად დახარჯვა ვერცერთის ხელში შეძლო, პრაქტიკულად, ყველა თავკაცი მის მიმართ დადებითად იყო განწყობილი.

ლევანს წყენა მხოლოდ ფელიქს მაგათიზე დარჩა, ვისი ვარჯიშებითაც გერმანელი მშობლები იმ ბავშვებს აშინებენ, რომლებსაც სწავლა ეზარებათ.

2011 წელს "შალკემ" თურქულ ბელექში შეკრება გამართა. ექიმები ლევანს სრული დატვირთვით ვარჯიშს არ ურჩევდნენ, თუმცა მაგათმა ყურად არ იღო მათი შეგონება. შედეგად, ქართველ ფეხბურთელს ტერფი კვლავ ასტკივდა და ისევ გაუთავებელი მკურნალობა...

ძნელი სათქმელია, რატომ მოიქცა ასე მაგათი. შესაძლოა, ამით მას ტრავმით გატანჯული ახალგაზრდა ფეხბურთელის ერთბაშად "გამოცოცხლება" სურდა. ყენია არც თავად მალავდა, რომ ნირწამხდარს კარიერის დასრულებაზე ფიქრები აეშლებოდა ხოლმე... მას ხელის წაკვრა სჭირდებოდა, მაგრამ დესპოტმა მაგათმა ვერ მოზომა - მხოლოდ ნაჯახით ხელოვნების შედევრები არ იქმნება.

"შალკეს" ამჟამინდელი მწვრთნელი ჰუბ სტივენსი უფრო ლმობიერია ვარჯიშზე, თუმცა საკმაოდ მკაცრი თავის განაჩენში: "ძალიან გამიჭირდა ყენიასთვის იმის თქმა, რომ ფეხბურთის პროფესიონალურად თამაშისთვის მხოლოდ სურვილი არ კმარა..."

ხელები გაასავსავა მეორე გუნდის დამრიგებელმა მანფრედ დუბსკიმაც:
"ჩემს კოლექტივში სიამოვნებით ვიყოლიებდი ლევანს. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ გერმანიაში იმ უცხოელების მეორე გუნდებში თამაში აკრძალულია, რომლებსაც კლუბთან პროფესიური კონტრაქტი არ აქვთ..."

აშკარა იყო, "შალკე" ყენიასთან ახალ შეთანხმებას არ დადებდა მხოლოდ იმისთვის, რომ მას სიამოვნება "შალკე II"-ის მწვრთნელისთვის მიენიჭებინა...

გელზენკირხენიდან წასვლისას ყენიამ თქვა, რომ ოდესმე ისურვებდა "შალკეს" არაჩვეულებრივ სტადიონზე დაბრუნებას.

სასწაულები ხდება? რა თქმა უნდა. გარეთ ბეილიც "ტოტენჰემიდან", სანამ ყველაფრის დამანგრეველი რაკეტა გახდებოდა, ორნახევარი წელი მუხლის ტკივილით იტანჯებოდა. ყენიას ყოფილმა თანაგუნდელმა, კრისტიან პანდერმაც, მხოლოდ "შალკედან" "ჰანოვერში" გადაბარგების შემდეგ შეძლო ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ მის მარცხენა ფეხს კვლავ ბევრი შეუძლია. არადა, მანამდე, სხვათა შორის, პანდერი და ყენია ტრავმებს ერთსა და იმავე ექიმთან მკურნალობდნენ.

"ზენიტს" მოსარიდებელი მართლაც არაფერი აქვს. საერთოდ კი, უნებისყოფობის გამოვლინებაა - საქმის დაწყებისთანავე ცხვირის ჩამოშვება. რადგან დაიწყე, სჯობს კარგად მოკიდო ხელი და მოახდინო სასწაული.

ასევე იხილეთ:
1+2 - ლევან ყენიამ სანკტ-პეტერბურგის "ზენიტთან" კონტრაქტი გააფორმა
"ლელოსა" და Sportall.ge-ს პასუხად სანკტ-პეტერბურგის "ზენიტმა" საიტიდან ლევან ყენიას ფოტო გააქრო
სანკტ-პეტერბურგის "ზენიტმა" ლევან ყენია ვერ დამალა
ლევან ყენია სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" პორტუგალიაში შეუერთდება
ესტონეთი-საქართველო 1:2 - ალექსანდრე ჩივაძეს ლევან ყენია გამოადგა [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ბიჭი ძაან დაიჩაგრა არადა ქინქლაძის მერე არ მახსოვს ესეთი ნიჭის გამთამაშებელი.
მთავარია არ ჩამოყაროს ყურები და ყველაფერი გამოვა. ქეცბასი მესმის ნაკრების ინტერესი მთავარია მაგრამ ხელი უნდა შეუწყოთ რო გამოვიდეს ამ დეპრესიიდან და რაც შეიძლება დიდი ხანი ემსახუროს ნაკრებს მას აქვს პოტენციალი მსოფლიო დონის ფეხბურთელად იქცეს
messi001
13:27 09-07-2012
0

სიახლეები პოპულარული