ჯანო ანანიძემ ჩეხური "პლზენის" დამარცხებაში თავისი წვლილი შეიტანა

AutoSharing Option
პლზენის "ვიქტორიამ", რომელიც ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსთავის "მეტალურგს" დაუპირისპირდება, ავსტრიულ შეკრებაზე სპარინგ-პარტნიორად მოსკოვის "სპარტაკი" აირჩია.

მოსკოველთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ჩეხების წინააღმდეგ ძირითადში დააყენა და შეუცვლელად ათამაშა გუნდის ქართველი ლეგიონერი ჯანო ანანიძე, რომელსაც უშუალოდ მარჯვენა ფლანგზე შეტევების წარმართვა ევალებოდა და საერთო ჯამში, ქართველმა ჰავბეკმა მისიას თავი კარგად გაართვა.

შეხვედრაში გასული პირველი გოლი სწორედ ჯანოს აქტიურობას მოჰყვა. მე-12 წუთზე ჩვენებურმა ბურთი მოედნის სიღრმიდან სწრაფად აიტანა მეტოქის საჯარიმომდე და მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ დარტყმა მთლად ძლიერი და ზუსტი არ
გამოუვიდა და ჩეხთა გოლკიპერმაც ბურთის მოგერიება შეძლო. სამაგიეროდ, დამატებაზე ანანიძის თანაგუნდელმა ემენიკემ იყოჩაღა და ბურთი კარში შეაგდო.

ჩეხებმა ანგარიშის გათანაბრება საჯარიმოთი შეძლეს და შემდეგ პენალტით წინ გასვლაც შეეძლოთ, მაგრამ თუ მოსკოველთა მეკარემ პირველ ეპიზოდში აშკარად შესცოდა, მეორე ჯერზე უბადლოდ გაისარჯა და დარტყმა მოიგერია.

საბოლოოდ მოსკოვის "სპარტაკმა" ემენიკეს დუბლის წყალობით შეხვედრა ანგარიშით 2:1 მოიგო.

ასევე იხილეთ:
უნაი ემერის ჯანო ანანიძესთან სალაპარაკოდ თარჯიმანი არ სჭირდება
უნაი ემერი: მოსკოვის "სპარტაკს" ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული