ლეგიონი ევროპალიგაზე: ბრძოლას მხოლოდ ვიტესელი ქართველები განაგრძობენ

AutoSharing Option
ევროთასების 26 ივლისის საღამო ქართველი ლეგიონერებისთვის დიდად წარმატებული ვერ გამოდგა. ჩვენი თანამემამულეების გუნდებიდან შემდეგი ეტაპის საგზური მხოლოდ ჰოლანდიურმა "ვიტესმა" მოიპოვა, კიდევ ორი "ქართული" კლუბი კი წარმატებასთან ძალიან ახლოს იყო.

თანმიმდევრობით მივყვეთ და "ვიტესით" დავიწყოთ, რომელმაც ბულგარეთში მიღწეული 4:4-ის შემდეგ შინ პლოვდივის "ლოკომოტივს" დამაჯერებლად, 3:1 სძლია.

მასპინძელთა კაპიტანმა გურამ კაშიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა, გიორგი ჭანტურია თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო და მატჩის მიწურულს თერთმეტმეტრიანი გააფუჭა, ვაკო ყაზაიშვილი კი სათადარიგო იყო.

აღსანიშნავია, რომ შემდეგ ეტაპზე "ვიტესის" მეტოქე მახაჩყალის "ანჟი" იქნება.

ბაქოს "ინტერი"
და კიშინიოვის "ზიმბრუ" ევროპის ლიგას პენალტების სერიით გამოეთიშნენ. "ინტერს" შინ ბერძნულ "ასტერასთან" 1:1 ჰქონდა ნათამაშები და სტუმრადაც იგივე ანგარიშს მიაღწია.

პენალტები ბერძნებმა უკეთ დაარტყეს - 4:2. ბაჩანა ცხადაძემ საკუთარი დარტყმა გამოიყენა, სხვა ქართველებს კი სერიაში მონაწილეობა არ მიუღიათ. "ინტერის" შემადგენლობაში გიორგი ლომაიამ და ილია კანდელაკმა სრულად ითამაშეს, გიორგი ადამია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს, ბაჩანა ცხადაძე მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა, ვალერი აბრამიძე კი სათადარიგო იყო.

"ზიმბრუმ", რომლის ღირსებასაც ლევან კორღალიძე იცავს, განმეორებით შეხვედრაში შვეიცარიულ "სენტ გალენს" 1:0 მოუგო, რითაც მეტოქეს ჯამური ანგარიში გაუთანაბრა და საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მიიყვანა, სადაც ძალიან ცუდად გაისარჯა და 1:4 დამარცხდა.

ქართველმა ნახევარმცველმა 120 წუთის მანძილზე ითამაშა, თუმცა პენალტი არ დაურტყამს.

ფინურმა "ინტერ ტურკუმ" ერთი კვირის წინ ჰოლანდიაში ხმაურიანი სენსაცია მოახდინა, როცა "ტვენტესთან" 1:1-ს მიაღწია. ამჯერად ირაკლი სირბილაძის გუნდმა კლასით გაცილებით მაღლა მდგომ მეტოქეს ვეღარაფერი მოუხერხა და საკუთარ კედლებში 0:5 განადგურდა.

ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული