გარდა ამისა, მან რეკორდიც დაამყარა...
7 აგვისტოს იაშვილს ბოხუმში დავუკავშირდით და მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.
- ასეთი დებიუტით, ალბათ, ძალიან კმაყოფილი დარჩი. "ბოხუმი" ჯერ აგებდა და თამაშის შემობრუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანე. ორიოდე სიტყვით რას გვეტყოდი მატჩის პერიპეტიებზე?
- ჩვეულ პოზიციაზე, გამოკვეთილი ფორვარდის, ზლატკო დედიჩის უკან ვითამაშე.
ყველანი ძალიან დაძაბულები ვიყავით, მოსამზადებელი ეტაპის საკონტროლო
"დრეზდენთან" შედეგიცა და თამაშის ხარისხიც კარგი გამოდგა. ერთი საგოლე გადაცემა ჯარიმიდან შევასრულე, მეორე კი კუთხურიდან.
ასპროცენტიანი საგოლე მომენტი არ მქონია. სამაგიეროდ, კიდევ ორი ისეთი პასი გავაკეთე, ასპროცენტიანი საგოლე შესაძლებლობა რომ შევუქმენი თანაგუნდელებს.
საერთო ჯამში, "ბოხუმში" საკუთარი დებიუტით კმაყოფილი ვარ.
- მწვრთნელმა ანდრეას ბერგმანმა რა გითხრა თამაშის შემდეგ?
- კმაყოფილი იყო ჩემი თამაშით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვისაც გუნდის შედეგი გახლდათ.
მოგებული მატჩი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ უფრო ადვილად აკეთებ ანალიზს, უფრო იოლად იღებ შენიშვნას შეცდომაზე.
- მეორე ბუნდესლიგაში არის ისეთი ელიტური გუნდი, რომელიც ყველა დანარჩენზე ერთი თავით მაღლა დგას თავისი ფინანსური შესაძლებლობებით?
- ასეთი რამ ბერლინის "ჰერტაზე" ითქმის. ის უდავოდ ფავორიტია, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ამ სეზონშივე აუცილებლად დაბრუნდება ბუნდესლიგაში.
"ჰერტას" საკმაოდ გრძელი სკამი აქვს, ეს მისი დიდი პლუსია. ამ ტურში "პადერბორნთან", ლევან კობიაშვილის ჩათვლით, რვა წამყვანი ფეხბურთელი აკლდა სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ გუნდს სახე არ დაუკარგავს.
- ნიკა გელაშვილი "ბოხუმის" სათადარიგოებში იყო...
- გუნდში ოთხი თავდამსხმელი ვართ. ჩემს გარდა, სამივე გამოკვეთილი ფორვარდია. მწვრთნელი ამ ეტაპზე დედიჩს ენდობა და ვერც გაამტყუნებ.
- წინა სეზონში სლოვენიელმა მეორე ბუნდესლიგაში 13 გოლი გაიტანა და ეს მისი ბონუსია. გელაშვილი მონდომებულად ვარჯიშობს და მისი "ბოხუმის" ძირითადში გამოჩენა დროის ამბავია.
- "ბოხუმის" გულშემატკივარმა როგორ მიგიღო?
- ყველას აინტერესებდა, ყველა იმის მოლოდინში იყო, თუ როგორ ვითამაშებდი. ვფიქრობ, გულშემატკივარიც კმაყოფილი დარჩა ჩემი თამაშით.
ძალიან სასიამოვნო იყო ისიც, მატჩის შემდეგ სტადიონის დიქტორმა რომ გამოაცხადა - იაშვილმა რეკორდი დაამყარა, ლეგიონერთაგან პირველ და მეორე ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი, 415 მატჩი ითამაშაო.
- ამასობაში შენი ყოფილი თანაგუნდელი "კარლსრუედან" "ზესტაფონში" აღმოჩნდა - რას გვეტყოდი პატრიკ მილხრაუმზე?
- ძალიან სწრაფი ფეხბურთელია. არა მგონია, რომ საქართველოს ჩემპიონატში ბევრი იყოს ასეთი ჩქაროსნული მოთამაშე.
უკვე საკმაოდ გამოცდილია, მარცხენა მცველის ან მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა მეორე ბუნდესლიგაში. აქვს ძალიან ძლიერი დარტყმა.
იაშვილის რეკორდი 415 (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ალექსანდრე იაშვილი "კიკერმა" ტურის სიმბოლურში შეიყვანა
ლეგიონის უქმეები: ქართულ გოლებს ევროპაში თვლა არ აქვს [+VIDEO]