ალექსანდრე ამისულაშვილი და ჯაბა ლიპარტია ანტიგმირები გახდნენ

AutoSharing Option
წინა უქმეები ქართველი ლეგიონერებისთვის უჩვეულოდ შედეგიანი გამოდგა და იმედი გაგვიჩნდა, რომ უცხოურ კლუბებში მოთამაშე ჩვენი ფეხბურთელები ასპარეზობას ასეთივე წარმატებით გააგრძელებდნენ, მაგრამ გავიდა ერთი კვირა და ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდა.

იმედი დავიტოვოთ, რომ მალე ამ მხრივ მდგომარეობა ისევ გამოსწორდება და უახლოეს მომავალში კვლავ სასიამოვნო ამბებს გაგაცნობთ. ახლა კი ისღა დაგვრჩენია, გასული შაბათ-კვირის მოვლენები გადმოგცეთ.

მართალია, ლევან კობიაშვილი ნახევარწლიანი დისკვალიფიკაციითაა დასჯილი, მაგრამ მის დაბრუნებამდე ბერლინის "ჰერტას" ასპარეზობას მაინც თვალი უნდა ვადევნოთ, რადგან საინტერესოა, როგორი გაქანების გუნდში მოუწევს სასჯელმოხდილ ვეტერანს თამაში და შეძლებს
თუ არა პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნებას.

ჯერჯერობით საქმე სახარბიელოდ ვერ არის - "ჰერტამ" მეორე ბუნესლიგაში მძიმე სტარტი აიღო და პირველ ტურში ფრეს "ფრანკფურტთან" სტუმრად განცდილი მარცხი, 1:3 მოაყოლა.

ალექსანდრე იაშვილისა და ნიკოლოზ გელაშვილის "ბოხუმი", რომელმაც სეზონი სამი ქულით დაიწყო, გასვლით მატჩში "პადერბორნთან" 0:4 განადგურდა.

"ბოხუმის" ახალწვეულმა იაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, გელაშვილი კი, რომელიც პირველ ტურში მოედანზე არ გაიყვანეს, თამაშში 77-ე წუთიდან ჩაერთო. ვნახოთ, ამ უკანასკნელს შემდეგ ტურში მაინც თუ მისცემენ ძირითადში თამაშის საშუალებას.

რუსულ პრემიერლიგაში ტურის ცენტრალური დაპირისპირება "ზენიტსა" და "სპარტაკს" შორის გაიმართა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა "ზენიტმა" დედაქალაქელებს კიდევ ერთხელ უჩვენა, თუ ვინ არის დომინანტი - პიტერელებმა "სახალხო გუნდი" უმოწყალოდ დაარბიეს და ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს.

ჯანო ანანიძე
"სპარტაკის" შემადგენლობაში 68-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროისთვის "ზენიტს" ოთხი ბურთი უკვე გატანილი ჰქონდა და ბუნებრივია, მოსკოველთა ქართველ შუახაზელს რაიმე ღირებულის შექმნის საშუალება არ მისცემია.

კრასნოდარულ დერბიში "ყუბანმა" "კრასნოდარს 2:1 სძლია, მატჩის ანტიგმირად კი "კრასნოდარის" კაპიტანი ალექსანდრე ამისულაშვილი იქცა, რომელმაც 38-ე წუთზე ავტოგოლი გაიტანა. ეს ამ შეხვედრაში გასული პირველი ბურთი იყო.

ამისულაშვილმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო, ნუკრი რევიშვილი კი, რომელიც წინა ტურში "კრასნოდარის" სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ამჯერად 18-კაციან განაცხადშიც კი არ გამოჩენილა. იმედია, საქართველოს ნაკრების მეკარეს მოედანზე მალე ვიხილავთ.

"ტერეკმა" "ვოლგას" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. სტუმართა რიგებში ამჯერადაც სრულად ითამაშა გია გრიგალავამ.

"ზარია"-"კრივბასის" მატჩის ანტიგმირის სტატუსი კი ჯაბა ლიპარტიამ დაიმსახურა. უკრაინის პრემიერლიგის მე-5 ტურის ამ შეხვედრაში მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე ქართველმა შემტევმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და მისი "ზარია" 0:1 დამარცხდა.

ლიპარტია
მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა.

მურთაზ დაუშვილმა "ჩერნომორეცისა" და "კარპატის" შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, თუმცა ამავე გუნდების დუბლშემადგენლობათა მატჩში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.

"ილიჩევეცმა", რომლის ღირსებასაც დავით თარგამაძე და თორნიკე ოქრიაშვილი იცავენ, დონეცკის "მეტალურგს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ორივე ქართველმა სრულად ითამაშა.

კიევის "არსენალმა" სტუმრად "მეტალისტს" 1:0 სძლია. არსენალელი სანდრო კობახიძე თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო. ამ დროისთვის მატჩის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო.

დაიწყო ჰოლანდიის ჩემპიონატიც, სადაც არნემის "ვიტესს" არცთუ წარმატებული დებიუტი გამოუვიდა - შინ "დენ ჰააგთან" 2:2-ს დასჯერდა, თანაც, მატჩის მსვლელობისას ორჯერ აგებდა.

"ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, გიორგი ჭანტურია კი სასტარტო შემადგენლობაში გაამწესეს და 78 წუთზე შეცვალეს. ვაკო ყაზაიშვილი "ვიტესის" სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

დანიაში "ორჰუსი" ჩემპიონატის ლიდერ "კოპენჰაგენს" ესტუმრა და 0:3 განადგურდა. დავით დევდარიანი "ორჰუსის" ძირითად შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს, დავით სხირტლაძე კი განაცხადშიც არ შეუყვანიათ.

საფრანგეთის ლიგა 2-ში "ლე მანი" "შატორუს" ეწვია და 0:1 დამარცხდა. შეგახსენებთ, "ლე მანის" მეკარე გიორგი მაკარიძეს ტრავმის გამო სეზონის სტარტი უცდება.

რუმინეთში აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანმა" ტიტულოვანი "სტიაუა" მიიღო და 1:1-ს მიაღწია. საქართველოს ნაკრების მცველმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

ქართველთათვის გამოსარჩევი აზერბაიჯანშიც ბევრი არაფერი მომხდარა. "სიმურგი", რომლის მთავარი მწვრთნელიც გიორგი ჩიხრაძეა, სტუმრად "ბაქის" 0:0 დაუზავდა (გიორგი ფოფხაძე "ბაქის" განაცხადში არ გამოჩენილა), კახა ცხადაძის "ინტერი" კი გასვლით შეხვედრაში "გაბალასთან" 0:1 დამარცხდა. გიორგი ლომაიამ, ილია კანდელაკმა და გიორგი ადამიამ "ინტერის" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს, ბაჩანა ცხადაძე კი თამაშში 72-ე წუთიდან ჩაერთო. ვალერი აბრამიძე განაცხადშიც არ ყოფილა, მეკარე რევაზ თევდორაძე კი სათადარიგო იყო.

"ხაზარმა" "ქიაფაზი" მიიღო და 4:0 გაანადგურა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში მყოფი ირაკლი ბერაია 81-ე წუთზე ტყუპისცალმა ძმამ, გოგამ შეცვალა.

"თურანი" საკუთარ მოედანზე "სუმგაითთან" 0:1 დამარცხდა. "თურანის" რიგებში ლევან ჩხეტიანმა 90 წუთი ითამაშა, გოგი ფიფია კი სასტარტოში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლეგიონის უქმეები: ქართულ გოლებს ევროპაში თვლა არ აქვს [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული