ჯანო ანანიძე ფორმაშია, ყველაზე ფასეული გოლი თორნიკე ოქრიაშვილისაა

AutoSharing Option
ახლოვდება მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებისა თუ კანდიდატების მდგომარეობა უფრო და უფრო გვაღელვებს.

ვერ ვიტყვით, რომ მათი უმრავლესობის უცხოური მონაგარით კმაყოფილები ვართ, მაგრამ მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ ნელ-ნელა უფრო შედეგიანად ათამაშდებიან.

გასული უქმეებიდან დადებითად გასახსენებელი ბევრი არაფერია, თუმცა პოზიტიური მომენტები მაინც იყო და ერთად გადავხედოთ, ვინ რითი გამოიჩინა თავი გასულ შაბათ-კვირას.

გერმანიის თასის ოცდამეთორმეტედფინალში გამარჯვებულთა შორის "ბოხუმიცაა", რომელმაც სტუმრად "ჰაიდენჰაიმს" 2:0 სძლია. ორივე გოლი სლოვენიელმა ზლატკო დედიჩმა გაიტანა, რითაც ნიკოლოზ გელაშვილს ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების
შანსი შეუმცირა.

სასტარტოში "ბოხუმს" დედიჩისა და ალექსანდრე იაშვილის დუეტი ჰყავდა გამწესებული, გელაშვილი კი მოედანზე 85-ე წუთზე დედიჩის ნაცვლად შევიდა.

იაშვილმა სრულად ითამაშა და მატჩის მე-6 წუთზე დედიჩმა ანგარიში სწორედ მისი გადაცემით გახსნა.

თასის გათამაშებას გამოეთიშა ლევან კობიაშვილის "ჰერტა". ბერლინელები გასვლაზე სამოყვარულო "ვორმატიასთან" 1:2 დამარცხდნენ.

გადავინაცვლოთ რუსეთის ჩემპიონატზე, სადაც მოსკოვის "სპარტაკმა" ყაზანის "რუბინს" სძლია. ამაში კი თავისი წვლილი ჯანო ანანიძემაც შეიტანა.

Sportall.Geმოსკოველთა ესპანელმა თავკაცმა უნაი ემერიმ ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 65-ე წუთზე შეუშვა. ამ დროისთვის "სპარტაკი" მარცხდებოდა, თუმცა თამაშის შემოტრიალება შეძლო და 2:1 გაიმარჯვა.

"ჯანომ ტრავმირებული აიდენ მაკგიდის როლი კარგად შეასრულა და "სპარტაკის" შეტევებს მეტი დინამიკა შესძინა", - განაცხადა ნამატჩევს ემერიმ.

"კრასნოდარისა" და "როსტოვის" შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. ნუკრი რევიშვილი კრასნოდარელთა 18-კაციან განაცხადში არც ამჯერად გამოჩენილა, გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა კი მოედანზე 90 წუთი გაატარა.

"ვოლგა" შინ მოსკოვის "ლოკომოტივთან" 0:2 დამარცხდა. მასპინძელთა შორის ამჯერადაც სრულად ითამაშა გია გრიგალავამ.

ქართველთა კლუბებიდან რუსეთში საუკეთესო პოზიცია "სპარტაკს" უკავია, რომელიც 12 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ "ზენიტს" კვალში უდგას.

უკრაინის პრემიერლიგაში "ქართული" გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა კიევის "არსენალთან" სტუმრად გამართული მატჩისას თავი 27-ე წუთზე გამოიჩინა, როცა ანგარიში გაათანაბრა. თუმცა ოქრიაშვილის "ილიჩევეცი" მარცხს მაინც ვერ გადაურჩა - 1:2.

ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე "ილიჩევეცის" სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. პირველი მათგანი 69-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე - 90-ეზე.

Sportall.Ge"არსენალის" შემადგენლობაში ალექსანდრე კობახიძე 65-ე წუთიდან გამოჩნდა და 87-ე წუთზე არსენალელმა ვლადიმირ გომენიუკმა გამარჯვების გოლი სწორედ მისი პასით გაიტანა.

მურთაზ დაუშვილი მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ გააძევეს. "კარპატის" ქართველმა ნახევარმცველმა ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" საშინაო შეხვედრის 45-ე და 59-ე წუთზე მიიღო გაფრთხილებები. ამის მიუხედავად, ლვოველებმა გამარჯვება მაინც შეძლეს - 2:1.

"ვოლინი"-"ზარია" ფრედ, 2:2 დასრულდა. ჯაბა ლიპარტია "ზარიას" ძირითადში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.

ჯაბა კანკავა და უჩა ლობჟანიძე, რომლებიც დღესდღეობით "კრივბასის" ღირსებას იცავენ, თავიანთ ყოფილ კლუბს დაუპირისპირდნენ. "კრივბასისა" და "დნეპრის" მატჩი უგოლოდ დასრულდა, ქართველები კი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ.

ლობჟანიძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და პირველ ტაიმში გაფრთხილება მიიღო, კანკავა კი მატჩის მიწურულს შეცვალეს.

გიორგი ჭანტურიას ამჯერად თამაშის საშუალება არ მიეცა. იგი და კიდევ ერთი ვიტესელი, ვაკო ყაზაიშვილი "ზვოლე"-"ვიტესის" მთელი შეხვედრის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ.

Sportall.Ge"ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ მოედანზე 90 წუთი დაჰყო, ქართველთა გუნდმა კი 1:0 გაიმარჯვა.

დაიწყო თურქეთის ჩემპიონატიც, რომლის პირველ ტურშიც შოთა არველაძის "ქაისერისფორმა" "ბურსასფორს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზურაბ ხიზანიშვილმა, რომელმაც ოფიციალური ინფორმაციით, ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღო, 19 აგვისტოს მოედანზე 90 წუთი გაატარა.

დანიაში "ორჰუსმა" საკუთარ მოედანზე "ნორდსიელანდთან" 0:1 წააგო. დავით დევდარიანი "ორჰუსის" სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, მისი თანაგუნდელი დავით სხირტლაძე კი სათადარიგო გახლდათ.

მორიგი გოლი გაიტანა ფინური "ინტერ ტურკუს" თავდამსხმელმა ირაკლი სირბილაძემ. "ჰონკასთან" საშინაო შეხვედრაში მან ანგარიში 54-ე წუთზე გახსნა, მისმა გუნდმა კი 2:1 გაიმარჯვა და ვეიკაუსლიგის ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.

აზერბაიჯანის ჩემპიონატში ბაქოს "ინტერმა" მესამე მატჩი ჩაატარა და პირველი გამარჯვება ჯერაც არ მოუპოვებია. კახა ცხადაძის გუნდმა შინ ლენქორანის "ხაზართან" 0:0 ითამაშა. გიორგი ლომაია, ილია კანდელაკი, გიორგი ადამია და ბაჩანა ცხადაძე "ინტერის" სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ.

"რავანისა" და "ბაქის" შეხვედრაც ფრედ, 1:1 დასრულდა. გიორგი ფოფხაძე "ბაქის" ძირითად შემადგენლობაში გაამწესეს და 73-ე წუთზე შეცვალეს. "ქიაფაზისა" და აზალ-ის მატჩში, რომელიც 0:2 დასრულდა, "ქიაფაზის" შემადგენლობაში ტყუპმა ძმებმა ირაკლი და გოგა ბერაიებმა ითამაშეს - პირველმა სასტარტოში, ხოლო მეორემ შეცვლაზე.

"თურანი" სტუმრად 0:3 განადგურდა "სიმურგთან". დამარცხებულთა ძირითად შემადგენლობაში ალექსანდრე გოგობერიშვილმა და გოგა ფიფიამ ითამაშეს, ლევან ჩხეტიანი კი ცვლილებაზე შევიდა.

სომხეთის პრემიერლიგაში ერევნული დერბი გაიმართა, რომლის გმირადაც შოთა ჯიქია მოგვევლინა. "ულისის" ქართველმა თავდამსხმელმა 77-ე წუთზე "არარატის" კარში გამარჯვების გოლი გაიტანა და თავის გუნდს 2:1 მოაგებინა.

ლატვიაში "დაუგავას" ფორვარდ მამუკა ღონღაძეს ამჯერად არ გაუტანია. მისმა გუნდმა სტუმრად "იელგავას" 2:0 სძლია, ღონღაძემ კი შეუცვლელად ითამაშა.

"გულბენეს" ქართველმა ნახევარმცველმა დავით ცისკარიშვილმა "სპარტაკთან" გასვლით მატჩში (2:2) საგოლე გადაცემა შეასრულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უნაი ემერი: ჯანო ანანიძემ მატჩის ბედი შეცვალა
ალექსანდრე ამისულაშვილი: "კრასნოდარმა" განსაკუთრებული ვერაფერი შექმნა
მკითხველის კომენტარები / 1 /
შალამბერიძე ლეგიონერი არაა?დაწერეთ რამე...
gigi1984
16:05 20-08-2012
0

სიახლეები პოპულარული