გიორგი ალავერდაშვილის გოლი ლიტვაში საუკეთესოდ აღიარეს

AutoSharing Option
ლიტვური საფეხბურთო არხი "ფუტბოლო.ტვ" ყოველი ტურის შემდეგ ატარებს მაყურებელთა გამოკითხვას, რომლითაც "ა ლიგის" საუკეთესო გოლის ავტორს ავლენს.

25-ე ტურის შეხვედრაში "ბანგამ" "ტაურასთან" 4:0 გაიმარჯვა, "ბანგას" ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ალავერდაშვილმა კი დუბლი შეასრულა.

განსაკუთრებით ლამაზი გამოდგა შეხვედრის 67-ე წუთზე "ტაურასის" კარში გატანილი მესამე გოლი: გიორგიმ ბურთი საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო და დაახლოებით 22-23 მეტრიდან მეკარეს თავზე გადაუგდო.

"ფუტბოლო.ტვ"-ის გამოკითხვაში პირველ ადგილზე სწორედ ეს გოლი დაასახელეს. ქართველ თავდამსხმელს მაყურებელთა 83.1%-მა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე არსენ ბუნიჩკის ("ეკრანასი") გოლია - 10,2, მესამეზე კი რაფაელ
ლედესმას გატანილი ("სუდუვა") - 6.7%.

"ბოლო ოთხი წელიწადი ტრავმებმა გამაწვალა. მერე სად არ ვითამაშე, რამდენი გუნდი შევიცვალე, მაგრამ ვერსად ვერ ვიყავი ისე, მე რომ მსურდა.

მგონია, რომ "ბანგაში" გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. ფორმაში შევდივარ და ხანგრძლივ ჩავარდნას წერტილი დაესვა.

აშკარად ვგრძნობ, რომ ვუმატებ, თავდაჯერებული ვხდები და საგოლე ალღოს ვიბრუნებ, რაც ასე მჭირდებოდა.

გარდა იმისა, რომ "ტაურასთან" გატანილი ბურთი საუკეთესოდ აღიარეს, მატჩის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც გადმომცეს", - გვითხრა ალავერდაშვილმა.

24 წლის ქართველი თავდამსხმელი "ბანგაში" ზაფხულში ჩაირიცხა, 21 ივლისს კი სადებიუტო შეხვედრაში დუბლით გამოიჩინა თავი. მაშინ გუნდი ლიტვის ჩემპიონატის აუტსაიდერი იყო, ახლა კი 31 ქულით 10-გუნდიან ტურნირში მე-6 ადგილზეა და უახლოეს მდევარ "დაინავას" 6 ქულით უსწრებს.

შეგახსენებთ, რომ "ბანგაში" კიდევ ორი ქართველი თამაშობს: ცენტრალური მცველი ნიკა მგელაძე და თავდამსხმელი გიორგი ნიქაბაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული