კახა ცხადაძე - სტუმრად სამშობლოში

AutoSharing Option
აზერბაიჯანის პრემიერლიგაში 26 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზაა. შარშანდელის მსგავსად, ბაქოს "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ამ პაუზის გამოყენება და თბილისში 10-დღიანი შეკრების მოწყობა გადაწყვიტა.

ბაქოელები კარლო მჭედლიძის საფეხბურთო აკადემია "ოლიმპიკში 9 სექტემბრამდე ივარჯიშებენ, 4 და 8 სექტემბერს კი საკონტროლო მატჩებს გამართავენ.

"აზერბაიჯანის ჩემპიონატის დონე მნიშვნელოვნად ამაღლდა და ბოლო დროს მოთამაშეები ევროპიდანაც უპრობლემოდ მოდიან.

ბაქოს "ნეფთჩის" წარმატება ამაზე მეტყველებს. მარტო ფული აღარ არის ფეხბურთელთა მოტივაცია - ყველას ნორმალურ პირობებში ცხოვრება და ვარჯიში სჭირდება. ასეთ პირობებში ყოველი დღის ეფექტურად
გამოყენებას და სათამაშო სქემების დახვეწას დიდი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოში ამიტომაც ჩამოვედით - 4 სექტემბერს პირველი ლიგის გუნდს ვეთამაშებით (სავარაუდოდ, ცხინვალის "სპარტაკს"), რადგან 2 და 3 სექტემბერს საქართველოს ჩემპიონატში ტური ტარდება, 8 სექტემბერს თბილისის "დინამოს" შევხვდებით, 9-ში კი ბაქოში გავბრუნდებით", - გვითხრა კახა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცხადაძეს ზაურ სვანაძე ეხმარება; გუნდის მწვრთნელ-სელექციონერი ალეკო რეხვიაშვილია. ბაქოელთა რიგებში გამოდიან გიორგი ლომაია, რევაზ თევდორაძე, ვალერი აბრამიძე, ილია კანდელაკი, გიორგი ადამია და ბაჩანა ცხადაძე. ვარჯიშებზე კი სანახევროდ ქართული ლაპარაკი ისმის და ამას გუნდი მხიარულად ხვდება. თბილისში მხოლოდ თევდორაძეს არ უვარჯიშია, რომელსაც სიცხე აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული