უკრაინის თასზე სანდრო კობახიძემ და დავით თარგამაძემ გაიტანეს [VIDEO]

AutoSharing Option
საზღვარგარეთ მოასპარეზე ქართველებისთვის დიდად წარმატებული არც გასული უქმეები ყოფილა, მაგრამ სასიამოვნო გამონაკლისებსაც ჰქონდა ადგილი და რამდენიმე ქართული გოლიც გავიდა.

შეგახსენებთ, პარასკევს, ვარშავურ დერბიში თავი გამოიჩინა "პოლონიას" თავდამსხმელმა ლადო დვალიშვილმა (იხილეთ ვრცლად).

რაც შეეხება შაბათს და კვირას გამართულ მატჩებს, გამოსარჩევია უკრაინის თასის მეთექვსმეტედფინალი, სადაც გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა (იხილეთ ვიდეო).

მისმა "არსენალმა" სტუმრად ალჩევსკის "სტალს" დაძაბულ ბრძოლაში სძლია. ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, დამატებითში კი სამი გოლი გავიდა და კიეველებმა 3:2 გაიმარჯვეს.

კობახიძემ შეხვედრის 111-ე წუთზე თავისი გუნდის მესამე ბურთი შეაგდო.

"ილიჩევეცმა" ასევე გასვლით მატჩში დნეპროდერჟინსკის "სტალი" 6:0 გაანადგურა. ზოგი წყარო ამ ექვსიდან ერთ გოლს დავით თარგამაძეს მიაწერს, ზოგიც კი მის თანაგუნდელს.

ქვედალიგური "სევასტოპოლისა" და პრემიერლიგური "კარპატის" დაპირისპირება "სევასტოპოლმა" მოიგო. ეს მატჩი კი ჩვენთვის იმით არის საინტერესო, რომ მათე ღვინიანიძის გუნდმა უჩა ლობჟანიძესა და მის თანაგუნდელებს აჯობა.

უკრაინის თასისთვის ბრძოლას ასევე განაგრძობენ ჯაბა კანკავა ("დნიპრო"), მურთაზ დაუშვილი და ლევან ყენია (ორივე - "კარპატი"), ჯაბა ლიპარტიას "ზარიასთვის" კი გათამაშება ნაადრევად დასრულდა.

ჯანო ანანიძე ჩემპიონთა ლიგაში "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართული მატჩის 18-კაციან განაცხადშიც კი არ ყოფილა. სამაგიეროდ, მოედანზე გამოჩნდა რუსული პრემიერლიგის გასულ ტურში - თუმცა კვლავ შეცვლაზე და არცთუ დიდი დროით.

გიორგი ჭანტურია, რომელიც ბოლო დროს "ვიტესის" ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება, ამჯერად სათადარიგოთა სკამზეც არ გვიხილავს.

ზურაბ ხიზანიშვილის არყოფნაში "ქაისერისფორმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, აკაკი ხუბუტია რუმინული "გაზ მეთანის" ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა, ნიკოლოზ გელაშვილმა კი "ბოხუმის" რიგებში ამჯერად ჩვეულებრივზე დიდი ხნით ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული