მატჩი სრულად ჩაატარა და ყვითელი ბარათი დაიმსახურა ბუბა დაუშვილმა, ხოლო ლევან ყენიასთვის ეს შეხვედრა გამორჩეული იყო.
საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა "კარპატის" ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა და უკრაინული მედიის შეფასებით, მოედანზე ყველაზე ეფექტური იყო, რამდენიმე კარგი გადაცემა გააკეთა და 55-ე წუთზე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთი ძელს მოარტყა.
ყენიამ მოედანი 82-ე წუთზე იძულებით, კოჭლობით დატოვა, რადგან დაშავდა, მაგრამ საშიში
"კარპატი" კი აუტსაიდერთა ზონაშია და მე-14 ადგილზე იმყოფება. ლვოველებმა 12 ტურში მხოლოდ 10 ქულა დააგროვეს და "გოვერლას" სულ რაღაც ორი ქულით უსწრებენ, ბოლოადგილოსან ზაპოროჟიეს "მეტალურგს" კი - 8 ქულით.
"ნიკოლაი კოსტოვმა შემადგენლობით ძალიან გაგვაკვირა. მთავარი მოულოდნელობა ძირითად შემადგენლობაში ლევან ყენიას გამოჩენა იყო.
როგორც ჩანს, "კარპატის" მთავარ მწვრთნელს სურდა, მეტოქე ტექნიკასა და სისწრაფეში დაეჩაგრა.
გუნდი მოკლე პასებით ათამაშდა, მაგრამ ჩანაფიქრის განხორციელება ყოველთვის ვერ ხერხდებოდა. არც არის გასაკვირი, "კარპატი" ხომ ახალი სტილით თამაშს სწავლობს.
ვერ ვიტყვით, ლვოველები მოახერხებენ თუ არა "ბარსელონასავით" შეტევას, მაგრამ არის იმედი, რომ ასე თამაშს შეეჩვევიან...
"გოვერლა" ძელმა ორჯერ იხსნა. მეორედ უჟგოროდელები აქტიური ყენიას დარტყმის შემდეგ გადარჩნენ - ქართველი ნახევარმცველი რამდენიმე მცველს ლამაზად გასცდა და შორეულ კუთხეში ელეგანტურად დაარტყა", - წერს "კარპატის" ვებგვერდი.
მატჩის შემდეგ ლვოველთა პრესსამსახურმა 22 წლის ქართველ ლეგიონერს ინტერვიუ ჩამოართვა და ასეთი შესავალი უძღვნა:
"სწრაფი და ტექნიკური ქართველი მუდმივად სთავაზობდა თანაგუნდელებს დახმარებას, გონივრულად იხსნებოდა და შეტევების დაგვირგვინებას ცდილობდა".
ლევან ყენიას ინტერვიუს კი შემოკლებულად გთავაზობთ.
"დიდი ხნის შესვენების შემდეგ გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოვჩნდი. ორი წელი საერთოდ ვერ ვთამაშობდი. ამდენად, შეუძლებელია, შემადგენლობაში გამოჩენა არ მახარებდეს.
სასიამოვნოა, რომ მწვრთნელმა ეს შანსი მომცა. სტადიონ "უკრაინაზე" პირველი წუთებიდან თამაში კი დიდი პატივია.
...მატჩის შედეგმა კი არ გამახარა. შეგვეძლო და უნდა მოგვეგო კიდეც, მაგრამ არ გაგვიმართლა. ძელმა მეტოქე ორჯერ იხსნა, მათ შორის, ჩემი დარტყმის შემდეგაც. შორეულ კუთხეს ვუმიზნებდი, მაგრამ სანტიმეტრებში შევცდი.
..."კარპატი" ახლებურად ათამაშდა და ჩვენ კიდევ ბევრი შრომა დაგვჭირდება, ეს სტილი რომ დავხვეწოთ. რა თქმა უნდა, ასეთი ფეხბურთი მომწონს, "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრებივით თამაში მეც ძალიან მსურს, მაგრამ ამ უჩვეულოდ ლამაზი ფეხბურთის ჩვენება ძალიან ძნელია.
...ჩვენ არ გვყოფნის შეთამაშება და დრო. ამაზეც ვმუშაობთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, გულშემატკივარი შედეგს მხოლოდ გაზაფხულისთვის უნდა დაელოდოს თუ არა. ფეხბურთში ყველაფერი ხდება. უნდა მოვინდომოთ, სხვაგვარად, შედეგი არ გვექნება.
...ახლახან დავბრუნდი საქართველოს ნაკრებიდან, სადაც მიმიწვიეს იმის მიუხედავად, რომ "კარპატის" ძირითადში ვერ ვხვდებოდი. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ არ დამივიწყეს.
მიმაჩნია, საქართველოს გუნდისთვის სარგებლობის მოტანა შემიძლია. თუმცა ბოლო ორი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი დავასრულეთ ფრედ.
რაც შეეხება გამოძახებას, ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია "კარპატის" თავკაცს, ნიკოლაი კოსტოვს ეკონტაქტება და იცოდა, როგორ ფორმაში ვიყავი", - ამბობს ყენია.
მიხარია, რომ არ დამივიწყეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"