ჯაბა კანკავა: "ნაპოლი" ძლიერი გუნდია, მაგრამ ქულების დაკარგვა არ შეიძლება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინული "დნიპროს" ფეხბურთელი ჯაბა კანკავა უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში ეროვნულ გუნდსა და "ნაპოლისთან" ევროპის ლიგის მოახლოებულ მატჩზე საუბრობს.

- ცნობილია, რომ "ნაპოლი" დნეპროპეტროვსკში ძირითადი შემადგენლობის სამი ფეხბურთელის - უგო კამპანიაროს, კრისტიანო მაჯოსა და მარეკ ჰამშიკის გარეშე ჩამოდის. ეს ფაქტი გახარებთ?
- ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მეტოქის შემადგენლობაზე არ უნდა ვიფიქროთ. მნიშვნელოვანია, კონცენტრირება თამაშზე გავაკეთოთ. ამ შეხვედრას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ქულების დაკარგვა არ შეიძლება.

- პირადად თქვენ გითამაშიათ იტალიურ გუნდებთან?
- მხოლოდ ნაკრების დონეზე. "სკუადრა აძურას" წინააღმდეგ
ერთხელ გავედი მოედანზე.

- გაიხსენეთ ის მატჩი...

- მაშინ წავაგეთ, თან იმ შეხვედრაში წითელი ბარათი მივიღე. ამიტომ მაინცდამაინც კარგად არ მახსენდება ის მატჩი.

- რა შეგიძლიათ თქვათ "ნაპოლიზე", გარდა იმისა, რომ ნეაპოლურ გუნდში დიეგო მარადონა თამაშობდა?
- გუნდი სერია A-ში მეორე ადგილზეა და ეს ყველაფერზე მეტყველებს, მაგრამ ეს ფაქტი გამარჯვების მიღწევაში ხელს არანაირად არ შეგვიშლის.

- "ნაპოლისთვის" სამი ქულის ასართმევად "დნიპრო" შემტევ სტილს აირჩევს?
- ამას პირადად ხუანდე რამოსისგან შევიტყობთ.

- იტალიური ჩემპიონატი მოგწონთ?
- რა თქმა უნდა! ეს ხომ ერთი-ერთი უძლიერესი ჩემპიონატია მსოფლიოში.

- ალბათ, თვალს ადევნებდით სერია A-ს, როცა "მილანში" კახა კალაძე თამაშობდა...
- კახა კალაძის თამაშს ყოველთვის ვუყურებდი, მაგრამ ახლაც დიდი სიამოვნებით ვადევნებ თვალს იტალიელების ასპარეზობას.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ კახა კალაძესთან?
- ჩვეულებრივი. როგორც ვიცი, ახლა კახა ახალ მთავრობაში მუშაობს.

- როგორ გგონიათ, ყოფილ ფეხბურთელს შეუძლია მსგავს საქმიანობას გაუმკლავდეს?
- დრო გვიჩვენებს.

- რას მიაწერდით თქვენი ნაკრების არცთუ ისე კარგ გამოსვლას მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე?
- ესპანელებთან და ბელორუსებთან მინსკში არ წაგვივიდა თამაში, ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით.

ბელორუსებთან საპასუხო მატჩი ავიღოთ: 15 წუთში ორი გოლი გავუშვით. 0:2-ზე უკვე ძნელია სიტუაციის გამოსწორება. იქამდე კი ყველაფერი ნორმალურად იყო.

იმედია, სწორ დასკვნებს გამოვიტანთ ამ შეხვედრიდან.

- რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ნაკრებს?
- მომავალ მატჩებში დადებითი შედეგების მიღწევას ვგეგმავთ. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას მომავალი გვიჩვენებს.

- "დნიპროს" რომელი ფეხბურთელი შეძლებდა საქართველოს ნაკრების გაძლიერებას, ასეთი რამ შესაძლებელი რომ იყოს?

- (იცინის) საინტერესო კითხვაა... მხოლოდ ერთი ფეხბურთელის დამატება შეიძლება?

- რაოდენობა შეზღუდული არაა.
- მაშინ ორი იყოს - როტანი და მათეუსი. ამ ბიჭებს ნებისმიერი გუნდის გაძლიერება შეუძლიათ. ამაში დარწმუნებული ვარ.

- ვიცი, რომ ოქრიაშვილი და თარგამაძე კლუბში (ილიჩევეცი) თანაგუნდელებს ქართულ ენას ასწავლიან.  თქვენ "დნიპროში" არავის ასწავლეთ ქართული ენა?
- გუნდში ქართულად საუბარი ჯერ არ მიცდია (იღიმის), მაგრამ სიტყვა გამარჯობა და კიდევ რამდენიმე ფრაზა გუნდში ყველამ იცის.

- რა გაკლიათ უკრაინაში?
- ახლობლები, მეგობრები... სამშობლო ძალიან მენატრება. ვფიქრობ, ყველა ლეგიონერს ესმის ჩემი.

- დნეპროპეტროვსკში ქართული რესტორანი არის?
- დიახ და კერძებს ქართველები ამზადებენ.

- ცნობილმა საფეხბურთო პორტალმა "ტრანსფერმარკეტმა" თქვენი სატრანსფერო ღირებულება მილიონ ევროდ შეაფასა. რას იტყვით ამაზე?
- არაფერს, რადგან ჩემთვის ეს სულერთია. საერთოდ არ მესმის, ვინ აფასებს მანდ ფეხბურთელებს ან რა მონაცემებით ხელმძღვანელობენ. ეს არ მაინტერესებს.

* * *
შეგახსენებთ, რომ "დნიპროსა" და "ნაპოლის" ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩი 25 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:05 საათზე დაიწყება.

ამჟამად "დნიპრო" ჯგუფში ლიდერობს. ქართველი ფეხბურთელის გუნდს ორივე მატჩი მოგებული აქვს.

მომზადებულია Спорт-Экспресс в Украине-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტურის წინ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული