გურამ კაშია ჩემპიონობისთვის იბრძვის, ლევან ყენია კვლავ სასარგებლოა [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპული ლიგების გასულ ტურში გოლით თავი ორმა ქართველმა გამოიჩინა - ნიკა ძალამიძემ და ბაჩანა ცხადაძემ. საგოლე პასიც ორმა ჩვენებურმა შეასრულა - გურამ კაშიამ და ლევან ყენიამ.

თუმცა, ბუნებრივია, გასული უქმეების მოვლენები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და გადავხედოთ, რა სურათი შემოგვთავაზა დეკემბრის პირველმა შაბათ-კვირამ.

ლეგიონის მიმოხილვა კი სწორედ ზემოთ ნახსენები ფაქტებით დავიწყოთ.

პოლონეთის ექსტრაკლასაში "იაგელონია" საკუთარ მოედანზე 0:2 მარცხდებოდა "ბელხატოვთან", მაგრამ მასპინძლებმა მდგომარეობის გამოსწორება შეძლეს და ჯერ ერთი ბურთი გაქვითეს, 68-ე წუთზე კი ძალამიძემ ანგარიში გაათანაბრა.

VideoSportall.Ge
ნიკა ძალამიძემ იაგელონია მარცხისგან
იხსნა


ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველისთვის ეს უკვე მეოთხე გოლია მიმდინარე სეზონში.

ბაქოს "ინტერმა" აზერბაიჯანული პრემიერლიგის ლიდერობა რომ შეინარჩუნა, ეს ცხადაძე-უმცროსის დამსახურებაც არის, რომელმაც ბაქოურ დერბიში ანგარიში გახსნა. 51-ე წუთზე მან "რავანის" კარი თერთმეტმეტრიანით დალაშქრა და ანგარიში გახსნა. საბოლოოდ კი, კახა ცხადაძის გუნდმა 2:0 გაიმარჯვა და ლიდერობა შეინარჩუნა.

"ინტერის" მსგავსად, 26 ქულა აქვს, ოღონდ ერთი მატჩით მეტი ჩაატარა გიორგი ჩიხრაძის მიერ გაწვრთნილმა "სიმურგმა", რომელმაც გასულ ტურში სტუმრად "სუმგაითს" 1:0 სძლია.

რაც შეეხება საგოლე პასებს, კაშიამაც და ყენიამაც ამით საკუთარი გუნდის გამარჯვებას დაუდეს სათავე.

Sportall.Ge"კარპატი", რომელიც ამ სეზონში მხოლოდ პრემიერლიგაში დასარჩენად ბრძოლას ახერხებს, ამ სამი ქულის წყალობით გასავარდნ ზონას უკვე საკმაო მანძილით დააღწია თავი.

რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა, ყენია სტაბილურად და ნაყოფიერად რომ თამაშობს და ამით იმის იმედს გვიჩენს, რომ უახლოეს მომავალში საკუთარ პოტენციალს სრულად გამოავლენს.

კაშიას "ვიტესმა" კი დაგეგმილი გამარჯვება უპრობლემოდ მიითვალა და ერედივიზიონის თანალიდერიც გახდა. "ვიტესს", "ტვენტეს" მსგავსად, 34 ქულა აქვს. უკვე ყოფილმა ლიდერმა პსვ-მ კი პირველი საფეხური სტუმრად "აიაქსთან" განცდილი მარცხის გამო დაკარგა.

"ვიტესის" ქართველი კაპიტნის წარმატებები თვალსაჩინოა. სამწუხარო კი ის არის, მისი ორი თანამემამულე გუნდის 18-კაციან განაცხადში დიდი ხანია, არ გამოჩენილა.

რუსულ პრემიერლიგაში მოსკოვის "სპარტაკმა" მორიგი მარცხი იწვნია, პოზიტივი კი ის არის, რომ ბოლო დროს ჯანო ანანიძე სისტემატურად ხვდება დედაქალაქელთა სასტარტო შემადგენლობაში.

ქართველ ნახევარმცველს "სპარტაკის" ძველ-ახალი თავკაცი ვალერი კარპინიც ენდობა და იმედია, ჯანო მალე უფრო შედეგიანად ათამაშდება.

"სპარტაკმა" ქვეყნის ჩემპიონ "ზენიტთან" ვერაფერი გააწყო, თუმცა თავად ანანიძემ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი გააფუჭა.

რუსეთიდან სხვა დადებითს ვერაფერს გეტყვით - ნუკრი რევიშვილი დიდი ხანია, "კრასნოდარის" განაცხადში აღარ გამოჩენილა, გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა მოედანზე მხოლოდ ბოლო წუთები გაატარა, შოთა გრიგალაშვილის გვარიც ვეღარ ამოვიკითხეთ "ალანიას" 18-კაციან სიაში.

სამაგიეროდ, "ვოლგას" ძირითადში კვლავ სტაბილურად თამაშობს გია გრიგალავა.

ნიკოლოზ გელაშვილმა რამდენიმე დღის წინ სეზონის საგოლე ანგარიში კი გახსნა, მაგრამ თამაშის საშუალება გასულ ტურში არ მიეცა. მხოლოდ შეცვლაზე შევიდა მისი თანაგუნდელი ალექსანდრე იაშვილი.

იტალიური "ემპოლის" რიგებში ქართველები კვლავ არ ჩანან; აკაკი ხუბუტიაც დიდი ხანია, რაც რუმინული "გაზ მეთანის" შემადგენლობის მიღმაა; ახლად გამოჯანმრთელებული გიორგი მაკარიძე კი, რომელიც წინა სეზონში ფრანგული "ლე მანის" ძირითადი მეკარე იყო, ჯერჯერობით სათადარიგოთა სკამზე ჯდომით კმაყოფილდება.

თურქეთში ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორმა" შინ "ფენერბახჩესთან" ფრეს მიაღწია. მეტიც, უგებდა კიდეც, მაგრამ ჰოლანდიელმა დირკ კუიტმა 88-ე წუთზე გატანილი გოლით სტამბულელებს ქულა გადაურჩინა.

შოთა არველაძის "ქაშიმფაშამაც" ქულა მოიპოვა - სტუმრად "ესქიშეჰირსფორთან" 2:2 ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან ყენია: კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ კიდევ უფრო მოვუმატებ
ბაჩანა ცხადაძე: ჩვენი ამოცანა აზერბაიჯანის ჩემპიონობა და თასის მოპოვებაა
გურამ კაშია: მატჩის მოსაგებად ნაკრებს მეტი გაბედულება და რისკი მართებს
მერაბ ჟორდანიას ამბიციური გეგმები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული