ხშირად ჩვენთვის ღირსშესანიშნავი სრული მიმოხილვის დროსაც არაფერი ხდება. ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს, დღეს ქართველთა განსაკუთრებულ მიღწევებზე რომ ვერაფერს გეტყვით.
ჰოლანდიის ჩემპიონატში კვლავ დასანანი ქულები დაკარგა "ვიტესმა" და მართალია, ერედივიზიეს ლიდერებს, პსვ-სა და "ტვენტეს" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება, მაგრამ უკვე მეოთხე ადგილამდეა ჩამოქვეითებული.
არადა, არნემელები შინ "ვაალვიკთან" 93-ე წუთამდე იგებდნენ, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდნენ - 2:2.
"ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში "ბოხუმმა" "პადერბორნს" უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა, თუმცა ამაში ქართველებს განსაკუთრებული წვლილი არ შეუტანიათ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ნიკოლოზ გელაშვილს ამ მატჩში ტრავმის გამო მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია, ალექსანდრე იაშვილი კი მოედანზე 73-ე წუთზე შევიდა. ამ დროისთვის ანგარიში 3:0 იყო.
მეორე ბუნდესლიგაში 1 თებერვლამდე შესვენებაა გამოცხადებული, "ბოხუმი" კი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. დღეისთვის ქართველების გუნდი 20 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონას ოთხი ქულით უსწრებს.
თურქეთის სუპერლიგაში 17 დეკემბერს ჩვენთვის მეტად საინტერესო მატჩი გაიმართება - ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორი" შოთა არველაძის "ქაშიმფაშას" უმასპინძლებს.
ზედმეტია იმის შეხსენება, რომ სულ ცოტა ხნის წინ არველაძე "ქაისერის" წვრთნიდა. დღეისთვის "ქაშიმფაშა" 23 ქულით მეექვსე პოზიციაზეა, ხოლო "ქაისერი" - 16 ქულით მე-15-ეზე.
იტალიის სერია B-ში "ემპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ვიჩენცას" 2:0 სძლია, თუმცა კვლავ ქართველების გარეშე ითამაშა - ლევან მჭედლიძე და ირაკლი შეყილაძე განაცხადშიც არ ყოფილან.
სამხრეთ აფრიკაში "მოროკა" "ბლუმფორტეინს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. გიორგი ნერგაძე "მოროკას" ძირითად შემადგენლობაში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს.
აზერბაიჯანის პრემიერლიგაში კვლავ ქართველი სპეციალისტების მიერ გაწვრთნილი გუნდები ლიდერობენ. კახა ცხადაძის "ინტერსა" და გიორგი ჩიხრაძის "სიმურგს" 30-30 ქულა აქვთ, თუმცა "ინტერმა" კონკურენტზე ერთი მატჩით ნაკლები ჩაატარა.
"ინტერმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა "ქიაფაზი". ბაქოელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს გიორგი ლომაიამ და ილია კანდელაკმა, ბაჩანა ცხადაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს, ვალერი აბრამიძე კი თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო. განაცხადში იყო "ინტერის" სათადარიგო მეკარე რევაზ თევდორაძეც. "ქიაფაზის" რიგებში მოედანზე 90 წუთი გაატარა გიორგი სეფიაშვილმა.
"სიმურგმა" "გაბალასთან" გასვლით მატჩში მძიმე ბრძოლა გადაიტანა. საბოლოოდ, 77-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 გაიმარჯვა.
"ბაქისა" და "ყარაბახის" შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. გიორგი ფოფხაძე ბაქოელთა სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა აზალ-ისა და "თურანის" დაპირისპირებაში. გოგი ფიფია "თურანის" რიგებში მე-60 წუთიდან გამოჩნდა, მისმა თანაგუნდელმა ირაკლი ბერაიამ კი თამაშს თვალი სათადარიგოთა სკამიდან ადევნა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"