ნიკა ძალამიძე: შევეცდები, პოლონეთი ტრამპლინად გამოვიყენო

AutoSharing Option
ნიკა ძალამიძისთვის 2012 წელი უაღრესად წარმატებული გამოდგა - შედეგიანად ითამაშა პოლონური "იაგელონიას" შემადგენლობაში, ჰქონდა დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რამდენიმე დღის წინ კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული გამოკითხვის შედეგად ჩვენი ქვეყნის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

ძალამიძე, რომელმაც პოლონეთის ჩემპიონატის 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა, "ლელოს" რესპონდენტია.

- უპირველესად, ამ აღიარებას გილოცავთ...
- დიდი მადლობა. ეს ჩემთვის ძვირფასი ჯილდოა, რომელსაც, სიმართლე გითხრათ, არ ველოდი. მიმდინარე წელი, რომელიც ჩემთვის ისედაც ღირსშესანიშნავი გამოვიდა, ამ ლამაზმა საღამომ დააგვირგვინა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ
აღიარების ღირსად ჩამთვალა. ეს ჩემთვის დიდი პატივია და ძალიან ბევრს მავალდებულებს.

კარგად ვიცი, რომ მიღწეულზე არ უნდა შევჩერდე და სამომავლო წარმატებებისთვის ვიბრძოლო. ქართველ გულშემატკივრებს ვპირდები, რომ მათი იმედების გასამართლებლად თავს არ დავზოგავ.

აქვე შემთხვევით ვისარგებლებ და ახალ წელს მივულოცავ მთელ საქართველოს, ჩემს ქვეყანას ბედნიერებასა და გამთლიანებას ვუსურვებ.

- "იაგელონიაში" ადაპტაცია არ გაგჭირვებია?
- როგორც იცით, "იაგელონია" ჩემთვის პირველი პოლონური კლუბი არ არის. მანამდე "ვიძევში" იჯარით ვთამაშობდი, ასე რომ, პოლონურ ფეხბურთთან ადაპტაცია სწორედ იქ გავიარე.

თავიდან გარკვეული სირთულეები "იაგელონიაშიც" მქონდა, მაგრამ ყველაფერი დავძლიე, ძირითად შემადგენლობაში ფეხი მოვიკიდე და გუნდისთვის სარგებლობის მოტანასაც ვახერხებ. რაც მთავარია, აქ ყველა პირობა მაქვს იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვვითარდე.

მწვრთნელმა და თანაგუნდელებმა თბილად მიმიღეს და ყველანაირად ხელს მიწყობენ, საცხოვრებელ პირობებსაც არ ვუჩივი და მაქვს იმის საშუალება, რომ მთლიანად ფეხბურთზე ვიყო კონცენტრირებული.

- "იაგელონია" 16-გუნდიან ექსტრაკლასაში პირველი წრის შემდეგ მე-10 ადგილზეა. ეს პოზიცია კლუბის ხელმძღვანელობისთვის დამაკმაყოფილებელია?
- დღეისთვის არ გვაქვს იმის საშუალება, რომ წამყვან პოლონურ კლუბებს კონკურენცია გავუწიოთ, თუმცა ახლო მომავალში ეს შესაძლებელი უნდა გახდეს.

- ყველაზე ხშირად რომელ პოზიციაზე გათამაშებენ?
- ბოლო დროს მარჯვენა ნახევარმცველის ფუნქციებს ვასრულებ, მანამდე ხშირად მაყენებდნენ ცენტრალურ ნახევარმცველად, ერთ-ორი მატჩი თავდამსხმელის პოზიციაზეც კი ჩავატარე.

ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რა ადგილს მომიძებნიან მოედანზე, მზად ვარ, ნენისმიერი როლი შევასრულო.

- მიმდინარე სეზონში შენი საუკეთესო მატჩი რომელი იყო?
- ჩემს ყოფილ კლუბ "ვიძევთან" თამაში, სადაც ორი გოლი გავიტანე.

- პოლონეთის ჩემპიონატის დონეზე რას იტყოდი?
- ნამდვილად არ არის ძალიან ძლიერი ჩემპიონატი, მაგრამ მაინც ნორმალური დონეა. საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ ჩემთვის პოლონეთში თამაში უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ.

შევეცდები, პოლონეთი ტრამპლინად გამოვიყენო. ამ ქვეყნის ჩემპიონატი ევროპელი სკაუტების ყურადღების არეალშია და წარმატებული ფეხბურთელი არავის გამორჩება. ჩემი მიზანია, კარიერა უფრო ძლიერ ლიგაში გავაგრძელო.

- რაიმე კონკრეტული წინადადება ხომ არ მიგიღია?
- ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. ახლა მთლიანად ჩემს ამჟამინდელ კლუბზე ვარ კონცენტრირებული. სეზონს "იაგელონიაში" ჩავამთავრებ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

- შენი და ლადო დვალიშვილის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველებს პოლონურ ფეხბურთთან ადაპტაცია არ უჭირთ.
- ნამდვილად ასეა. გარდა იმისა, იქაურ რომ საფეხბურთო სტილს ვეგუებით, ჩვენს შედეგიან თამაშში დიდ როლს თამაშობს პოლონელთა კეთილგანწყობა ქართველთა მიმართ. პოლონეთში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ.

ლადო სეზონს მაღალ დონეზე ატარებს, რასაც მის მიერ გატანილი გოლების რაოდენობაც მოწმობს. მას კარგი პრესა აქვს.

- საქართველოს ჩემპიონატს თუ ადევნებ თვალს?
- დიახ და ძალიან მწყდება გული, ჩვენს კლუბებს რომ არ ულხინთ. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, "ზუგდიდის" ბედი მადარდებს.

- სანაკრებო დებიუტს როგორ გაიხსენებდი?
- ეროვნულ ნაკრებში დებიუტი თურქეთთან ამხანაგურ შეხვედრაში მქონდა, რასაც ესპანეთთან ჩატარებული მატჩი მოჰყვა.

ამ თამაშს ჩემს მოგონებებში განსაკუთრებული ადგილი უკავია. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით, მაგრამ ყველას ვუჩვენეთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდთანაც შეგვიძლია ღირსეულად ბრძოლა.

- 2013 წელს შენი მთავარი სურვილი რა არის?
- დამკვიდრება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და წინსვლა საკლუბო კარიერაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
2012 წლის ნომინანტები: საუკეთესო ფეხბურთელი გურამ კაშიაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული