ნანატრი დაბრუნება: ლევან კობიაშვილი მოედანზეა!

AutoSharing Option
ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის შემდეგ ლევან კობიაშვილმა პირველად ითამაშა.

ვეტერანმა ქართველმა 9 იანვარს ბერლინის "ჰერტასა" და "ვოლფსბურგის" 23-წლამდელთა გუნდის საკონტროლო მატჩში მიიღო მონაწილეობა.

კობი მოედანზე შესვენების შემდეგ შევიდა და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა. "ჰერტამ" შეხვედრა 2:1 მოიგო.

კობიაშვილის დაბრუნება ნამდვილად არ არის რიგითი ამბავი. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ღირსეულად გაუმკლავდა რამდენიმეთვიან სასჯელს, რომელიც, მისი რეპუტაციიდან გამომდინარე, ღრმად გვწამს, რომ უსამართლოდ დააკისრეს.

ლევანის ოცნება პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნებაა და დიდია იმის შანსი, რომ კარიერის მიწურულს მან კვლავ ითამაშოს ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს
ჩემპიონატში. "ჰერტას" მეორე ბუნდესლიგაში საქმეები კარგად მისდის და წესით, ელიტაში დაბრუნება უნდა შეძლოს - გვჯერა, რომ კობისთან ერთად დაბრუნდება.

იმის იმედიც გვაქვს, რომ ხანგრძლივი პაუზისა და სოლიდური საფეხბურთო ასაკის მიუხედავად, კობიაშვილი ბერლინელთა სასტარტო შემადგენლობაში ადგილს უმოკლეს დროში დაიბრუნებს.

ლევანს ჯერ კიდევ აქვს იმის შანსი, საბოლოოდ მიაღწიოს იმ რეკორდს, რისთვისაც წინა სეზონში იბრძოდა - მას შეეძლო, პირველ ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი ლეგიონერი გამხდარიყო.

"ჰერტას" ელიტიდან გავარდნამ ამ ნომინაციაში დაწინაურების საშუალება "ბაიერნის" პერუელ ფორვარდ კლაუდიო პისაროს მისცა, მაგრამ მისი უპირატესობა არცთუ დიდია და სრულიად შესაძლებელია, მომავალ სეზონში პისარომ გერმანიაში საერთოდ აღარ ითამაშოს, კობიაშვილმა კი მას გადაუსწროს.

მოკლედ, 35 წლის კობის დიდ ფეხბურთში კიდევ აქვს განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ამოცანები. მან თავისი კარიერითა და ცხოვრების წესით კარიერის მაჟორულ ნოტზე დასრულება დაიმსახურა და დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ნაკრების რეკორდსმენისთვის (ყველაზე მეტი, 100 მატჩი) დაბრუნებაც შედეგიანი გამოდგება და მომავალ სეზონში პირველ ბუნდესლიგაშიც იტყვის თავის სიტყვას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ქართველი ლეგიონერები: ცოტა გამორჩეული და რამდენიმე პერსპექტიული
ლევან კობიაშვილი ბრუნდება! - ეს ფოტო ისტორიას ბარდება
ლევან კობიაშვილი გერმანიაში 60 ათასი ევროთი დააჯარიმეს
ლევან კობიაშვილი: დღეებს ვითვლი, როდის გავა დისკვალიფიკაციის ვადა
ლევან კობიაშვილი: თავს დავდებ, რომ ვოლფგანგ შტარკს განზრახ არ შევხებივარ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული