კახა ცხადაძის სუბიექტური აზრები: ნურავის ეწყინება, მაგრამ...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა ცხადაძე 2009 წლიდან ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელია. მანამდე ცხადაძე საქართველოში მუშაობდა მწვრთნელად, "დინამო თბილისს", ბოლნისის "სიონს" და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ედგა სათავეში.

ცხადაძე აზერბაიჯანში წარმატებით მუშაობს, მისი გუნდი სტაბილურად მოწინავეთა შორისაა, აზერბაიჯანის ჩემპიონიც გახდა და "თანამეგობრობის თასიც" მოიგო.

ამ დროისთვის აზერბაიჯანის ჩემპიონატის ლიდერი ბაქოს "ინტერი" თურქეთშია შეკრებაზე და ცხადაძესაც იქ დავუკავშირდით.

ინტერვიუში არაერთი საკითხი მიმოვიხილეთ, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც ვისაუბრეთ.

მაშ ასე, "ლელოს" კითხვებს კახა ცხადაძე პასუხობს...

- აზერბაიჯანში მწვრთნელობას
2008 წლიდან შეუდექით. თქვენი პირველი მანდაური გუნდი ბაქოს "სტანდარტი" იყო. გიმუშავიათ საქართველოშიც და როგორ ფიქრობთ, სად უფრო ძნელია მწვრთნელობა?

- მწვრთნელობა ყველგან ძნელია. უცხოეთში რომ მიდიხარ სამწვრთნელოდ, დამატებითი სირთულეებიც ჩნდება, უნდა შეეგუო სხვა გარემოს და კიდევ ის ფაქტორიცაა, რომ რადგან უცხოელი ხარ, შენგან უფრო მეტს ელიან, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაკისრია.

აზერბაიჯანი საქართველოს მეზობელი ქვეყანაა, მაგრამ მაინც უცხოეთია და დიდი სხვაობაა საქართველოში და იქ მწვრთნელობას შორის.

- კითხვა იმიტომ დაგისვით, რომ თქვენ მიერ ჩამოთვლილი ფაქტორების გარდა, სხვა რამესაც ვგულისხმობდი - საქართველოში უფრო ცოტაა შეძლებული საფეხბურთო კლუბი, ვიდრე აზერბაიჯანში; შესაბამისად, საქართველოში მწვრთნელს დიდი არჩევანი არ აქვს და ხშირად კაბალურ პირობებზე თანხმდება...
- კითხვის არსი გასაგებია, მაგრამ მოდი, სხვა კუთხიდანაც მივუდგეთ საქმეს - მწვრთნელმაც და ფეხბურთელმაც დროთა განმავლობაში უნდა მოიპოვონ ავტორიტეტი.

მწვრთნელობა რომ დავიწყე თბილისის "დინამოში", მაშინ არ მქონდა ამ საქმის გამოცდილება, ბევრი რამ არ ვიცოდი, თუმცა ჩემპიონებიც გავხდით და სუპერთასიც მოვიგეთ. ნებისმიერი კლუბის მეპატრონე ბიზნესმენია და ვიცი, როგორ უყურებს საკითხს, ცდილობს თავისი პოლიტიკა გაატაროს, მაგრამ კონტრაქტს აქვს პუნქტები და მწვრთნელი როცა ხელს აწერს, უკვე თვითონ აყენებს საკუთარ თავს ასეთ მდგომარეობაში.

უკვე რამდენიმე წელია, რაც აზერბაიჯანში ვმუშაობ და ერთწლიანზე მეტი კონტრაქტი აქ არ გამიფორმებია. ბაქოს "ინტერის" მეპატრონესთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. საქმის გარდა, ერთმანეთში სხვა დამოკიდებულებაც გვაქვს და ალბათ ამ ფაქტორმაც იმოქმედა; მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ მუდამ ხანმოკლე კონტრაქტით მუშაობა არასწორია.

მწვრთნელის პროფესია ისეთია, რომ ხვალ რა მოხდება, არავინ იცის, დაზღვეული არაფრისგან არ ხარ. მწვრთნელმა საკუთარი თავი და პროფესია უნდა დააფასოს და თან გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ რაც არ ეკუთვნის, იმას არავინ მისცემს.

არ შეიძლება, მწვრთნელი გუნდში მივიდეს და ორ თვეში იქიდან წასვლა მოუწიოს - ეს უკვე კლუბის მეპატრონის შეცდომაა. ერთწლიანი კონტრაქტი მწვრთნელთან, მგონი, მხოლოდ ჩვენთან და ჩვენნაირ ქვეყნებში ფორმდება. მაგალითად, რუსეთში მწვრთნელი სამწლიან კონტრაქტზე ნაკლებს ხელს არ აწერს.

კახა კაჭარავა სწორად მოიქცა, რომ "ზესტაფონთან" ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა. ეს მას საშუალებას მისცემს, ფეხბურთელების სელექციაზე და გუნდის ტაქტიკაზე მიზანმიმართულად იმუშაოს.

- საქართველოში ასეთი ფაქტიც მოხდა - მწვრთნელებთან შეუთანხმებლად კლუბის პრეზიდენტმა ფეხბურთელებს ხელფასი გაუნახევრა - ეს რამდენად ნორმალურად მიგაჩნიათ?
- იმ გუნდში, სადაც მე ვარ მწვრთნელი, ასეთი რამ არ მოხდება. კლუბის მეპატრონე საკუთარი შეხედულების მიხედვით განაგებს ფინანსებს, მაგრამ მწვრთნელმა არგუმენტირებულად უნდა დაუსაბუთოს მას, რომ ასეთი რამის გაკეთება ზიანის მომტანი იქნება გუნდისთვის.

მეპატრონესა და მწვრთნელს შორის მთავარი ნდობის ფაქტორია. კლუბის პრეზიდენტს ჩემთან შეუთანხმებლად არაფერი გაუკეთებია.

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე გადავერთოთ. ქართველი მწვრთნელების უმეტესობა ერიდება საკუთარი აზრის გამოთქმას იმაზე, რაც ჩვენს ეროვნულ გუნდში ხდება - კახა ცხადაძეც მათ რიგებში უნდა შევიყვანოთ?..
- მე არასდროს ვერიდებოდი საკუთარი აზრის გამოთქმას. ვინც მოქმედი მწვრთნელია, კოლეგიალობის გამო ერიდება ხოლმე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას.

თემურ ქეცბაიას ხშირად ვხვდები ხოლმე, მაგრამ არ გვისაუბრია საქართველოს ნაკრებზე. როცა ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებენ, ეს უფრო კოლეგიალობის გამო ხდება და არა შიშის.

მწვრთნელმა უნდა აიტანოს კრიტიკა ჟურნალისტებისგან. აუცილებელია, რომ მწვრთნელს უფრო მეტი კონტაქტი ჰქონდეს ჟურნალისტებთან, მან უფრო მეტი უნდა ილაპარაკოს საკუთარ შეხედულებებზე და ასე უფრო გაუადვილდება მუშაობა.

- წლები გადის და საქართველოს ნაკრებს მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვს...
- ძლიერი ეროვნული ჩემპიონატი და ლეგიონერები ძლიერი უცხოური ლიგებიდან - ნაკრების მნიშვნელოვან წინსვლას ეს სჭირდება. დღეს საქართველოს ნაკრების ყველაზე ძლიერი ლეგიონერების უმეტესობა რუსეთში თამაშობს. როცა მე ვთამაშობდი ნაკრებში, ჩვენთან "მილანის", "ნიუკასლის", "აიაქსის", "მანჩესტერ სიტის" და ბუნდესლიგის ფეხბურთელები თამაშობდნენ.

ნურავის ეწყინება, მაგრამ მაშინდელი გუნდის ამ ნაკრებთან შედარება არ შეიძლება. ადრე რუსეთი ტრამპლინი იყო ქართველი ფეხბურთელებისთვის...

- უნდა ჰქონდეთ თუ არა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს პრემია? ამ საკითხზე არაერთგვაროვანი აზრი არსებობს. ზოგი მიიჩნევს, რომ რა პრემიაზეა ლაპარაკი, როცა გუნდს შედეგი არ აქვს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრებს აქვს გამონათებები და ესეც რომ არა, უკვე აფრიკულ ნაკრებებში ფეხბურთელები მხოლოდ ნაკრებში გამოძახებისთვის იღებენ ჰონორარს...
- ფეხბურთელი ნაკრებში რომ მიდის, მას ყველანაირი პირობა უნდა ჰქონდეს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი რომ გახლდით, აღმოჩნდა, რომ ვარჯიშზე პლასტმასის ბურთების ამარა ვიყავით. ექტორ კუპერს დავუკავშირდი და ვუთხარი, პირველი ნაკრების ბურთები მათხოვეთ-მეთქი.

დარწმუნებული ვარ, ქეცბაია ასეთი ტიპის საკითხების მოწესრიგებაში ფეხბურთელების ინტერესებს ბოლომდე დაიცავს.

რაც შეეხება პრემიებს, ინგლისის ნაკრებს "უემბლიზე" რომ ვხვდებოდით, თამაშის წინ იმ დროისთვის გაუგონარი პრემია დაგვიწესა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, მაგრამ ჩვენ იმ თამაშის მომგები არ ვიყავით.

არ ჰქონდა პრემია საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან, მაგრამ ფრესთან ძალიან ახლოს იყო. ნაკრებში გამოძახებაზე ჰონორარის დაწესებას კი იმან დაუდო სათავე, რომ ფეხბურთელის კლუბიდან ნაკრებში გაშვება ტრავმის რისკთან იყო დაკავშირებული.

აზერბაიჯანის ნაკრებმა რუსეთთან 0:1 რომ წააგო, ფეხბურთელებს მაინც მისცეს პრემია. აზერბაიჯანის ნაკრების ფეხბურთელს დღეში 200 მანათი აქვს დანიშნული, რაც დაახლოებით 200 ევროა.

მე კი ამ საკითხზე საკუთარი შეხედულება მაქვს - ჩემი გუნდის ფეხბურთელები თამაშზე კი არ იღებენ პრემიას, არამედ საბოლოო შედეგზე, ანუ იმის მიხედვით, თუ სეზონს რომელ ადგილზე დაამთავრებენ. კონკურენტ გუნდებს კი ჩვენთან თამაშზე ხუთიდან ათი ათას დოლარამდე უწესებენ პრემიას.

ფეხბურთი სპორტია და აქ მთავარი საბოლოო შედეგია. მე ამ პოზიციაზე ვარ და ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ჩემს კლუბში ისეთი სისტემა შემოვიტანე, რაც ახლოს არის გერმანულ გუნდებთან: ფეხბურთელი ითხოვს კონტრაქტით გათვალისწინებულ თანხას და ამ თანხის 60-70 პროცენტი უნაწილდება მას ხელფასის სახით, დანარჩენი კი იმის მიხედვით, თუ რამდენჯერ მოხვდება ძირითად შემადგენლობაში. ეს სისტემა ჩვენს კლუბში კარგად მუშაობს.

- არაერთი ქართველი ფეხბურთელი ევროპიდან ან რუსეთში მიდის, ან უკრაინაში. მაგალითად, ლევან ყენიას შეეძლო, რომ "შალკეს" შემდეგ ბერლინის "ჰერტაში" გადასულიყო, მაგრამ "ზენიტის" ვარიანტი ამჯობინა. საბოლოოდ ლვოვის "კარპატიში" აღმოჩნდა. არადა, მისი ნიჭი ალბათ უკეთესს იმსახურებდა...
- ასეთი გადაწყვეტილების გამო ფეხბურთელს ნუ გავამტყუნებთ. სად მეორე ბუნდესლიგა და სად გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს; თუმცა ისიც უნდა ვთქვა, "აინტრახტი" მეორე ბუნდესლიგაში რომ დაქვეითდა, იქ არ დავრჩი და "ალანიაში" მივედი, რომელიც ევროტურნირებზე თამაშობდა, მაგრამ ჩემი რუსეთში დაბრუნება ალბათ შეცდომა იყო.

ყენია მართლაც უნიჭიერესი ფეხბურთელია და ბევრის მიღწევაც შეუძლია.

- დაბოლოს, ბაქოს "ინტერის" სათამაშო კონცეფციაზეც გკითხავთ - რა მიმართულება გაქვთ არჩეული? როგორ გაქვთ დაგეგმილი გუნდის მომზადების ციკლი თამაშიდან თამაშამდე?
- კონტრაქტი გვაქვს დადებული კომპანიასთან, რომელიც არჩევს ჩვენი და მეტოქეების თამაშებს. აღმოჩნდა, რომ ჩვენ მოწინააღმდეგეზე 7-8 წუთით უფრო მეტს ვფლობთ ბურთს. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ განაპირა მცველების შეტევაში ჩართვას.

რაც შეეხება ციკლს, თამაშამდე ორი დღით ადრე გვაქვს ტაქტიკური ვარჯიში, ორი დღით ადრე თითქმის ასი პროცენტით ცნობილია შემადგენლობა.

- არ გეჩვენებათ, რომ აზერბაიჯანში მუშაობა ძალიან გაგიგრძელდათ? საქართველოში მწვრთნელობას ახლო მომავალში არ აპირებთ?
- თბილისის "დინამოს" ახლა მართლაც კარგი პერიოდი უდგას. შარშან ზაფხულს შევხვდი კლუბის მეპატრონეს რომან ფიფიას, თითქმის გადაწყვეტილი იყო "დინამოში" ჩემი დაბრუნება, კლუბი ორწლიან კონტრაქტს მთავაზობდა და ისეთივე პირობებს, რაც აზერბაიჯანში მაქვს, მაგრამ ბაქოს "ინტერიდან" წასვლა ვერ გადავწყვიტე, აწყობილი საქმე ვერ მივატოვე, ჩემი მხრიდან ეს ღალატი გამოდიოდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ისე უარს არ ვიტყოდი ცხადაძე რომ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში
dinamo tbilisi
03:06 15-01-2013
0
გაიხსენეთ თამაზ კოსტავა, ნოდარ ხიზანიშვილი, ილია რუხაძე, გოჩა მაჩაიძე, დავით მუჯირი, როგორ ერთვებოდნენ შეტევებში და უკან ჩამოსვლასაც ასწრებდნენ. რა შუაშია უცხოელი ფიზმომზადების მწვრთნელი?
arc masea saqme
18:13 14-01-2013
0

სიახლეები პოპულარული