ლევან კობიაშვილი: გასული წელი ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი იყო

AutoSharing Option
ბერლინის "ჰერტას" ქართველმა ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმა "სოვსპორტ.რუს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენა დისკვალიფიკაციის ამბავი. ასევე, ისაუბრა თავის გერმანულ ყოფასა და ვლადიკავკაზის "ალანიაში" გატარებულ პერიოდზე.

ლევანმა საკუთარი აზრი ჯანო ანანიძის შესახებაც გამოთქვა და 2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენებიც გაიხსენა.

* * *
ბოლოს 35 წლის ლევან კობიაშვილი მოედანზე გასული წლის 15 მაისს გამოვიდა. "ფორტუნასთან" "ჰერტას" საპასუხო მატჩი, რომელიც ბუნდესლიგაში თამაშის უფლებას იძლეოდა, სკანდალური აღმოჩნდა.

შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოედანზე დიუსელდორფელი გულშემატკივრები შეცვივდნენ. მთავარმა არბიტრმა ვოლფგანგ შტარკმა თამაშის დასრულების
გადაწყვეტილება მიიღო.

"ჰერტას" მოთამაშეები (ბერლინურ გუნდს ანგარიში 2:2 ხელს არ აძლევდა), რომლებიც არ ეთანხმებოდნენ მსაჯის ამ გადაწყვეტილებას, თამაშის გაგრძელებას ითხოვდნენ. იყო ყვირილი, მუქარა...

რეფერისთან კობიაშვილის ურთიერთობა ამ უკანასკნელისთვის ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასრულდა (სარეკორდო გერმანიის ჩემპიონატების ისტორიაში), რისი ფორმულირებაც იყო - "ფიზიკური ანგარიშსწორება".

პრესაში ათას რამეს წერდნენ - რომ ფეხბურთელმა შტარკს ზურგში ხელი ჰკრა, რომ თავში ჩასცხო… საბოლოოდ გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ლევანს დისკვალიფიკაციის ვადა 2012 წლის 31 დეკემბრამდე შეუმცირა. თანაც იმისთვის, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა თავიდან აეცილებინა, კობიაშვილი 60 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდას დათანხმდა.

ინტერვიუ სწორედ მაისის ინციდენტის გახსენებით დავიწყეთ.

- არავინ არავის შეხებია! - მომხდარზე თავისი აზრი აქვს კობიაშვილს. - დიახაც, აღვშფოთდით, მაგრამ სულ ეს იყო.

გერმანიის საფეხბურთო კავშირს არ სურდა მატჩის გადათამაშება. ევროპის ჩემპიონატი იწყებოდა, ფეხბურთელებიდან ზოგი შვებულებაში იყო, ზოგიც - ნაკრებში. დიუსელდორფში ბუნდესლიგაში დაბრუნებას ზეიმიც მიუძღვნეს.

ფედერაციისთვის საუკეთესო გამოსავალი ყველაფრის "ჰერტასთვის" გადაბრალება იყო. მათ, უბრალოდ, აიღეს გუნდის სიაში პირველივე შემხვედრი ოთხი ფეხბურთელის გვარი და განტევების ვაცები გამოგვიყვანეს. ვიღაცას ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, ვიღაცას შვიდმატჩიანი... მე კი თამაში მთელი პირველი წრის განმავლობაში ამიკრძალეს.

- ანუ შტარკთან მხოლოდ კამათობდით?
- ბიჭები აღშფოთებულნი ეკითხებოდნენ, რატომ დაასრულა თამაში ვადაზე ადრე. მათ შორის არც ვყოფილვარ... ყველაფერი მართლა რომ ისე ყოფილიყო, როგორც შტარკი ჰყვება, ნახევარწლიან დისკვალიფიკაციას არ მაკმარებდნენ. ეს ხომ მინიმალური სასჯელია მსაჯთან ფიზიკურად გასწორებისთვის.

შტარკის ნაამბობის თანახმად, მას დავედევნე და ისე ჩავარტყი, რომ დაგორდა და ფეხი კინაღამ მოიტეხა. ასე რომ ყოფილიყო, ორწლიანი სასჯელი მეკუთვნოდა, მაგრამ ფედერაციაში ხვდებოდნენ, რაშიც იყო საქმე და ამიტომ ნახევარი წელი მომისაჯეს.

- და კიდევ 60 ათასი ევროთი დაგაჯარიმეს...
- თანხა ჯერ დაზუსტებული არაა, ამას ადვოკატები არკვევენ. შესაძლოა, ცოტა მეტი ან ნაკლები იყოს. კიდევ კარგი, სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა. ამის საშიშროებაც იყო.

- როგორია, როცა საღსალამათი და საჭირო ფეხბურთელი ნახევარი წელი თამაშს გვერდიდან უცქერს?
- ვცდილობდი, ამაზე ბევრი არ მეფიქრა. სეზონის დაწყებამდე კიდევ არა უშავდა - სხვებთან ერთად ვვარჯიშობდი, მაგრამ თამაშები რომ დაიწყო, უკვე გამიჭირდა.

გასული წელი ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი იყო. ერთადერთი დადებითი - კლუბის მხარდაჭერა იყო. დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე "ჰერტა" ღირსეულად მოიქცა - კონტრაქტი ერთი წლით გამიხანგრძლივა.

- იმ ავადმოსაგონარი მატჩის შემდეგ შტარკს აღარ შეხვედრიხართ?
- არა, არ მინახავს, თუმცა მტრად გადაკიდებული არ ვარ. დიახ, ის არაა მართალი, როცა ასეთი განცხადებები გააკეთა, მაგრამ მის მდგომარეობაშიც შევდივარ. ვფიქრობ, მან ეს ფედერაციის წნეხის გამო გააკეთა.

- რას გულისხმობთ?
- "ჰერტა" გადათამაშებას ითხოვდა. "ფორტუნას" გულშემატკივრები მოედანზე თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოცვივდნენ. ჩვენ კიდევ გვქონდა შანსი გამარჯვების გოლის გასატანად, მაგრამ ქომაგის საქციელმა ეს მოგვისპო. მინდორზე გასვლის გვეშინოდა - იქ ისეთი ამბავი იყო… ფედერაციამ კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა - თითქოს "ჰერტას" ფეხბურთელები იქცეოდნენ აგრესიულად მსაჯის მიმართ - ლანძღავდნენ და სცემდნენ…

კარგით, გვეყოფა ამაზე. არ მინდა, ახალი წელი ცუდზე საუბრით დავიწყო. ოჯახთან ერთად თბილისში ვიყავი ჩასული და კარგადაც დავისვენე. ახლა სავსე ვარ ენერგიითა და თამაშის წყურვილით. ყველაფერი კარგადაა.

- რუსეთში თქვენ ვლადიკავკაზის "ალანიადან" ახსოვხართ. 1997 წელს საუკეთესო დებიუტანტად, საუკეთესო უცხოელად და ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაგასახელეს.
- ის სეზონი ალბათ ყველაზე თვალსაჩინო იყო ჩემს კარიერაში. საქართველოდან სულ ახალგაზრდა აღმოვჩნდი ძლიერ ჩემპიონატში და უმალ ყველაფერი გამომივიდა. მაღალი კლასის გუნდი, ბრწყინვალე მწვრთნელი...

საშინაო მატჩი მოსკოვის "სპარტაკთან" ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო. მეტოქის ღირსებას ვარსკვლავები იცავდნენ - ციმბალარი, ტიხონოვი... მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ - 2:0, მე კი რუსეთში პირველი გოლი მივითვალე. ქალაქში ნამდვილი ზეიმი იყო!

იმ დროს სიამოვნებით ვიხსენებ. ვლადიკავკაზი ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ქალაქია. ჩვენს ხალხებს შორის ბევრია საერთო. არაერთი ოსი საუბრობს ქართულად. იქვე, ნახევარი საათის სავალზეა - ყაზბეგი...

- რატომ არ დარჩით?
- ტრავმის გამო. ბოლო ორთვენახევარი არ მითამაშია. გაზაევს ჩემი დატოვება სურდა, მაგრამ მე თბილისში დაბრუნება გადავწყვიტე, რათა ევროპიდან წინადადებას დავლოდებოდი ("ალანიაში" კობიაშვილი იჯარით თამაშობდა).

- გაზაევთან მუშაობა როგორ დაგამახსოვრდათ?
- მის მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს, მან ჩემთვის ბევრი გააკეთა. გაზაევი საქართველოს ნაკრების თამაშებზე ხშირად დადიოდა. მე ინგლისთან მატჩში მაკვირდებოდა. მაშინ 18 წლის ვიყავი...

ორი წლის წინ გაზაევს მოსკოვში შევხვდი, როდესაც "დინამოსთან" მოლაპარაკებებზე ვიყავი ჩასული. იმედი მაქვს, მას თურქულ შეკრებაზეც ვნახავ.

- გაზაევი ჯარიმებითაა განთქმული...
- მე ეს არ მეხებოდა, რადგან არაფერი დამიშავებია. ვცხოვრობდი ბაზაზე და მხოლოდ ერთზე ვფიქრობდი - კარიერაში ნაბიჯი წინ გადამედგა. არც ბინა მქონდა, არც მანქანა.

ახლა სხვა დროა. კონტრაქტის მოწერისას უმალ იმას განიხილავენ, სად იცხოვრებენ, რა მანქანით ივლიან… მე "ალანიაში" ასეთი პრობლემები არ მქონია, ჩემს თანამემამულეებს დავყავდი. მხოლოდ თამაშზე ვფიქრობდი და გაზაევი სულაც არ მეჩვენებოდა დიქტატორად.

საერთოდ, მწვრთნელებში მიმართლებდა ხოლმე. საქართველოში ყიფიანის ხელში ვთამაშობდი. ის ფეხბურთელიც ბრწყინვალე იყო არა მხოლოდ სსრკ-ის, ევროპის მასშტაბით და მწვრთნელიც. შემდეგ იყო ჩივაძე, გაზაევი, რეჰაგელი, ჰაინკესი, მაგათი, ჩემი პირველი მწვრთნელი ბუნდესლიგაში - ფინკე... პრობლემა არავისთან მქონია!

მინდა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ არ არსებობდეს ისეთი ადამიანი, რომელთან შეხვედრის დროსაც თვალის არიდება მომიხდება.

ასეთია ჩემი ცხოვრებისეული პრინციპი - ნებისმიერი საკითხის მოგვარება შეიძლება და აუცილებელიცაა. ფეხბურთი თამაშია, რომელსაც პროფესიულ დონეზე 12-15 წელიწადს უთმობ, შემდეგ კი სხვა ცხოვრებას იწყებ - ფეხბურთის შემდგომ ცხოვრებას. და სულაც არ მინდა, მტრები მყავდეს მათ შორის, ვისთან ერთადაც მიმუშავია.

- გერმანიაში გადაბარგებულს იქაურობასთან შეგუება გაგიძნელდათ?
- რა თქმა უნდა, გერმანიაში ყოფა განსხვავებულია, მაგრამ რაღაცები იქაც ხდება. აი, მაგალითად, ერთხელ მანქანით გავიარე იქ, სადაც ეს არ შეიძლებოდა. გამაჩერა პოლიციელმა, რომელიც "ჰერტას" გულშემატკივარი აღმოჩნდა. უპრობლემოდ გამიშვა. დიახ, დიახ, ასეთი რამ გერმანიაშიც ხდება!

ყველაზე მეტად ნაგვის დასახარისხებელი ტომრების არსებობამ გამაოცა. შუშა ერთ პაკეტში იყრება, ქაღალდი - მეორეში და ა.შ.

იყო შემთხვევა, მეუღლეს ავტომობილში ვუცდიდი და ძრავა არ გამოვრთე. მომიახლოვდა გერმანელი და მითხრა: "ჩააქრეთ ძრავა, გარემოს ნუ აბინძურებთ". შოკში ჩავვარდი! როგორი ამბავია? წადი რა, შენს საქმეს მიხედე!

მაგრამ დროთა განმავლობაში ხვდები, რომ დისციპლინა - არცთუ ისე ცუდია. გერმანიამ ამ მხრივ ძალიან ბევრი მასწავლა.

- "მხოლოდ გერმანიაში მივხვდი, რომ რუსეთში მეგობრები მყავდა, აქ კი - კოლეგები", - თქვა პაველ პოგრებნიაკმა მას შემდეგ, რაც "შტუტგარტში" ითამაშა...
- ეს გასაგებია - პაველი მისთვის სრულიად უცნობ ქვეყანაში აღმოჩნდა და ნორმალური ურთიერთობა არავისთან ჰქონდა. მე სხვა სიტუაცია მქონდა. როცა "ფრაიბურგში" გადავედი, გუნდში ქართველები - ჩემი უახლოესი მეგობრები უკვე იყვნენ. მე არ დამჭირვებია მეგობრების გერმანელთა შორის ძებნა. შეიძლება ამის გამოც იყო, რომ გერმანული ენის შესწავლა გამიძნელდა.

ვარჯიშზე მხოლოდ ჩემიანებს ველაპარაკებოდი. დამეთანხმებით, სიბრიყვე იქნებოდა, ქართველებთან გერმანულად მესაუბრა!

როდესაც "შალკეში" გადავედი, იძულებული გავხდი, ენა მესწავლა...

- "ფრაიბურგში" ვლადიმირ ბუტთან ერთად ყოფნა მოგიწიათ. რატომ ვერ გამოავლინა მან თავი?
- როგორ თუ ვერ გამოავლინა? "ბორუსიასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო! მან ერთი წელი "ფრაიბურგშიც" კარგად ჩაატარა - ბევრს იტანდა, პასს აკეთებდა… მერე კი გუნდიდან წავიდა.

- გერმანიაში მიაჩნიათ, რომ ბუტის მთავარი პრობლემა ალკოჰოლი იყო...
- ყველაფერი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ამის განსჯა პრესაში ჩემი საქმე არაა.

- სახელებს ნუ ვიტყვით… ბევრი იცით ფეხბურთელი, რომელიც სასმელმა დაღუპა?
- ეს უფრო ახალგაზრდების პრობლემაა. იოლი ჩვენთვისაც არ იყო - რუსეთში, საქართველოში გამომწყვდეულები ვიყავით. იქ კი ევროპაა - ყველაფერი სხვაგვარადაა. ყველაფერი ღიაა და ხელმისაწვდომი. თავისუფლებაა! შეგიძლია მთელი ღამე გაერთო.

თუკი ახალგაზრდა კლუბურ ცხოვრებაში გადაეშვება, თავის დაღწევა გაუჭირდება. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ გამოუცდელ ყმაწვილს გვერდით ჰყავდეს ვინმე ჭკუის დამრიგებელი.

ეჰ, რამდენმა ნიჭიერმა დაიღუპა კარიერა… ასეთი ძალიან ბევრი იყო.

- თქვენ ბუნდესლიგის რეკორდის თანაავტორი ხართ, უცხოელთა მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობით - 336 თამაში. ამდენივე აქვს ბრაზილიელ ზე რობერტოს. მნიშვნელოვანია თქვენთვის ერთპიროვნულ რეკორდსმენად გახდომა?
- ასე გეტყვით: ეს მაჩვენებელი საამაყოა, მაგრამ მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებ. ახლა "ჰერტა" კარგად გამოდის მეორე ბუნდესლიგაში და ამიტომ მჯერა, რომ საკუთარ სტატისტიკას გავაუმჯობესებ.

- როდესაც ამ ინტერვიუს ჩასაწერად ვემზადებოდი, ოთხი წლის წინანდელ სათაურს გადავაწყდი: "კობიაშვილმა "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მატჩში "გაზპრომის" მაისურით გასვლაზე უარი თქვა".
- იყო ეგეთი შემთხვევა...

- "შალკეს" ხელმძღვანელობა დემარშს როგორ შეხვდა?
- ტკივილით ვიხსენებ იმ დღეებს, როდესაც საქართველოში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. ოჯახი სამშობლოში ისვენებდა. 2008 წლის 8 აგვისტო - ეს თარიღი გონებიდან არასდროს წაიშლება.

ბუნებრივია, მაშინ "ატლეტიკოსთან" თამაშისთვის არ მცხელოდა. ეს არ იყო საპროტესტო აქცია. უბრალოდ, არ ვიყავი მზად მოედანზე გასასვლელად, თანაც მაისურით, რომელსაც მკერდზე "გაზპრომი" ეწერა.

უკიდურესად რთული ვითარება იყო, რომლის დავიწყებაც მსურს, მაგრამ ალბათ ვერ შევძლებ...

პოლიტიკა უსიამოვნო თემაა, რომლისაც ბევრი არაფერი გამეგება და ვცდილობ, მას არ შევეხო.

- ხინჯად დაგრჩათ?
- რუსეთთან მიმართებაში? არა, არა. რუსეთში ბევრი მეგობარი მყავს, რომელთა ნახვა ყოველთვის გამეხარდება. ქართველები ცხოვრობენ თქვენთან, რუსები კი ჩვენთან დასასვენებლად ჩამოდიან. პოლიტიკა გვერდზე გადავდოთ.

- "სპარტაკის" ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს შეეძლო რუსეთის მოქალაქეობის მიღება. ასე რომ გაეკეთებინა, საქართველოში გაუგებდნენ?
- გაუგებდნენ, მაგრამ გულის სიღრმეში ალბათ ეწყინებოდათ. ჯანო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სახელით თამაშობდეს. ისეც - ადამიანურადაც... მას ხომ ოჯახი საქართველოში ჰყავს, იქ დაიბადა. როგორღა შეხედავდნენ მერე მას ადამიანები?

კარგია, რომ ეს ბიჭი პატარაობიდანვე ისეთ გუნდში ვარჯიშობს, როგორიც "სპარტაკია", მაგრამ ეს არაა მოქალაქეობის შეცვლისთვის საკმარისი მიზეზი.

- ჯანოსთან ერთად ნაკრებში გითამაშიათ. როგორ ფიქრობთ, რა აკლია მას "სპარტაკის" ძირითადში დასამკვიდრებლად?
- მასზე უკვე ოთხი წელია, ამბობენ, რომ "ტალანტია". არის მაგალითები, როდესაც 26-27 წლისებზეც ამბობენ, პერსპექტიული და ნიჭიერიაო… ჯანო 20 წლისაა და დროა, ნაბიჯი წინ გადადგას და "სპარტაკის" ლიდერი გახდეს.

ახალგაზრდები მწვრთნელის უნდობლობის გამო ხშირად სასოწარკვეთილებაში ვარდებიან. ამას სჯობს, საკუთარ თავს ჰკითხონ, ყველაფერს სწორად აკეთებენ თუ არა.

შესაძლოა, სჯობდეს კიდეც, ანანიძე რომელიმე უფრო მოკრძალებულ გუნდში იჯარით გადავიდეს. თვეში ერთხელ თამაში კარგს არაფერს მოუტანს.

ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი "ჰერტას" ძირითადში კაპიტნის სამკლავურით დაბრუნდა
ლევან კობიაშვილი: ამდენი თვის შემდეგ პირველად ვითამაშე. კარგი განცდა იყო
ლევან კობიაშვილი ბრუნდება! - ეს ფოტო ისტორიას ბარდება
გერმანია. ბუნდესლიგა. XVI ტური: დორტმუნდის "ბორუსიას" სკანდალური მარცხი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვეთანხმები გიორგის.მართლაც მაგარი ქართველია და მაგარი ფეხბურთელი,მაგრამ სამშობლოს სიყვარული იყო ის ნაბიჯი რაც გააკეთა .საერთოდ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვა და არა პოლიტიკაში გაატარო.მესმის,რომ რუსული საიტი იყო...პატრიოტიზმი იყო მისი ქცევის საფუძველი! ხორვატებს ნაღდად არ მოერიდებოდათ ამის თქმა.
MARADONA
16:07 23-01-2013
0
ლევან შენ სემოგევლე მიყვარხარ დიდ კაცი ხარ.. დიდი პროფესიონალი სიტყვა ძუნწი და თავმდაბალი.. ყვლაზე დიდ პატივს გცემ ქართველი ფეხბურთელებიდან შენ..ღმერთი შენსკენ კარგო კაცო
giorgi
20:59 22-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული