შეგახსენებთ, რომ 2011 წელს საბა კვირკველიამ "რუბინის" შემადგენლობაში კიევის "დინამოსთან" და ფრანგულ "ლიონთან" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებში მიიღო მონაწილეობა.
თუმცა, შარშან ზაფხულში რუსეთის ნაციონალური (პირველი) ლიგის ნიჟნეკამსკის "ნეფტეხიმიკში" იჯარით გაუშვეს, სადაც ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი მოთამაშე გახდა.
როგორც ჩანს, ტანმაღალ ქართველ მცველს დრო არ დაუკარგავს. საინტერესო ფაქტია: შარშან "რუბინმა", საბასთან ერთად, ნიჟნეკამსკში კიდევ 13 მოთამაშე გაანათხოვრა, თუმცა ყაზანელთა
"კვირკველიამ "ნეფტეხიმიკში" სათამაშო პრაქტიკა მიიღო, მოღონიერდა და თურქეთში პირველ შეკრებაზე ჩვენთან ერთად წამოვა", - განაცხადა ბერდიევმა.
ყაზანელებმა შეკრების პირველი ეტაპი დაასრულეს, საბამ ორიოდე დღით საქართველოში "შემოირბინა" და "ლელოს" კითხვებს პასუხობს...
- უპირველესად, "რუბინში" დაბრუნებას გილოცავ.
- სხვათა შორის, მიმაჩნია, რომ ბერდიევი მართალი იყო, როდესაც ჩემზე თქვა, "ნეფტეხიმიკში" გადასვლა ძალიან წაადგაო. ეს ჩემი ზრდისთვის აუცილებელიც იყო და ძალიან სასარგებლოც. "რუბინში" სტაბილური სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, ნიჟნეკამსკში კი სისტემატურად მათამაშებდნენ და ვგრძნობ, რომ ყველანაირად გავიზარდე, ფიზიკურადაც მოვღონიერდი და თავისთავად, თამაშმაც ბევრი შემძინა.
რა თქმა უნდა, პირველი ლიგა პრემიერლიგა არ არის, მაგრამ ბევრად არ ჩამორჩება და საკმაოდ კარგი დონის ტურნირია. ძალიან ბევრი მაღალი კლასისი ვეტერანი თამაშობს, ახალგაზრდა ფეხბურთელები კი გამოცდილების გვერდით თუ მათ წინააღმდეგ თამაშით ვიზრდებით.
- "რუბინში" როგორ შეგხვდნენ?
- ძალიან კარგად. თურქეთში 8 იანვარს გავემგზავრე და 21-ში პირველი ეტაპი დავასრულეთ. საკონტროლო შეხვედრებიც გვქონდა, ბოლოს "შერიფს" შევხვდით და 2:2 ვითამაშეთ. მოედანზე რომ შევედი, 0:2 ვაგებდით. მერე თამაში შემოვატრიალეთ და მოგებაც შეგვეძლო. პირადად მეც მქონდა საგოლე მომენტი.
- თურქეთში კარგად მოემზადე?
- მშვენიერი პირობები გვქონდა და ცხადია, კარგად მოვემზადე, თანაც იმ გუნდში, რომელსაც ევროპაში უკვე ანგარიშგასაწევ ძალად მიიჩნევენ. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ასეთ გუნდში გამარჯვებულის ფსიქოლოგია გიყალიბდება და საკუთარ თავს მკაცრ მოთხოვნებსაც უყენებ. კარგი ვარჯიშები და თამაშები გვქონდა, გუნდში მშვენიერი ატმოსფეროა.
- სეზონს "რუბინში" ჩაამთავრებ?
- დიახ, გუნდს დავუბრუნდი, ეს გადაწყვეტილი ამბავია.
- შენთან ერთად "ნეფტეხიმიკში" გიორგი ჯანელიძე თამაშობდა. მაგრამ ის საქართველოში დაბრუნდა.
- სამწუხაროდ, ახალი კონტრაქტი არ შედგა. თუმცა, მიმაჩნია, რომ გიორგი თავის პოზიციაზე საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა და თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის.
- მოკლედ, 2012 წელს ემადლიერები.
- რა თქმა უნდა. "რუბინიდან" ისე წავედი, რომ ჩემპიონთა და ევროპის ლიგებზე ვითამაშე. მერე "ნეფტეხიმიკში" მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მქონდა, გუნდის მიერ ჩატარებული 18 შეხვედრიდან 17-ში ვითამაშე. ის ერთიც იმიტომ გამოვტოვე, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მიმიწვიეს. მიმაჩნია, რომ წარმატებული სეზონი მქონდა.
- თუმცა, სულ მცირე უცნაური იყო, რომ 2012 წლის ბოლოს გამოქვეყნებული საუკეთესო ქართველი ახალგაზრდების ნომინანტების სიაში ვერ მოხვდი.
- ამაზე ლაპარაკი არ მსურდა, მაგრამ რადგან მკითხეთ, არ შემიძლია, არ გიპასუხოთ. ამან მეც გამაკვირვა. რომ მეკითხებოდნენ, მრცხვენოდა, ან რა უნდა მეპასუხა? მგონია, რომ ჩემი ასაკის ფეხბურთელებში ბევრზე ნაკლები დონის ფეხბურთს არ ვთამაშობ. ამ დროს, 24 ნომინანტს შორისაც ვერ მოვხვდი...
თან მეცინება, თან, გული მწყდება. ვინც ეს სია შეადგინა, იმედია, ახლა მაინც გამიხსენებს. ჩემპიონთა და ევროპის ლიგებში, რუსული პრემიერლიგისა და რუსეთის პირველი დივიზიონის ლიდერ გუნდებში მოვასწარი თამაში, ახლა "რუბინში" დამაბრუნეს, რუსეთში კი სულაც არ არის დაბალი დონის ფეხბურთი.
20 წლის ბიჭმა მეტი რა უნდა გავაკეთო? და თუ რამე მეშლება, იქნებ, შემისწოროთ. ვეცდები, მათი ყურადღება 2013 წელს მაინც დავიმსახურო... ეტყობა, ამ სიაში მოსახვედრად, ჩემპიონთა ლიგა უნდა მომეგო.
თუ ჩემი პრეტენზია ვინმეს გულზე მოხვდება, სათქმელს პირადად ვეტყვი. საკმაოდ კარგი ანაზღაურება მაქვს, არც ბინაა ჩემი პრობლემა და არც მანქანა, მაგრამ მხოლოდ ფულისთვის არ ვთამაშობ. ერთადერთი, ის მინდა, რომ ყველაფერი გავაკეთო საქართველოსთვის და ჩვენი გულშემატკივარი გავახარო.
- მართალია, თითქოს რუსეთის მოქალაქეობას გთავაზობენ?
- ქართველი კაცი ვარ და მხოლოდ საქართველოს სახელით თამაშს ვაპირებ. სხვა რამეზე არც ვფიქრობ და არც მინდა. ჩვენი ნაკრების მაისურს სხვაზე არ გავცვლი.
საბა კვირკველია რუბინს დაუბრუნდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საბა კვირკველია: ბავშვობაში კახა კალაძესა და ანდრეი შევჩენკოს ვეთაყვანებოდი