ლევან ყენია: საქართველოს მთები ყველაზე ლამაზია და სულ მენატრება

AutoSharing Option
ლვოვის "კარპატის" ოფიციალურმა ვებგვერდმა ქართველ ლეგიონერ ლევან ყენიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

ქართველი ფეხბურთელი გუნდთან ერთად სეზონის განახლებისთვის თურქეთში ემზადება.

ქართველ შემტევ ნახევარმცველთან ინტერვიუ სწორედ თურქულ შეკრებაზე შედგა.

* * *
მას მარჯვენა მკლავზე ტატუ აქვს, დედის სახელი ორ ვარიანტად - ლათინური და ძველქართული ასოებით აწერია. მარჯვენა ხელზე მამის სახელი აწერია.

ლევანს ერთი ტატუ მკერდზეც აქვს, რომლის მნიშვნელობის ახსნა ჩვენთვის ვერ შეძლო. მხოლოდ ის თქვა, რომ მისი ოჯახის გვარისა თუ დინასტიის აღმნიშვნელია...

საკუთარი სხეულის "მოხატვას" ქართველი აღარ აპირებს. ამბობს, რომ თუკი ახალი
ტატუს გაკეთებას მაინც გადაწყვეტს, ეს მისი გოგონას სახელი იქნება.

ლევანს ზამთრის შეკრებაზე ვესაუბრეთ.

- ლევანტე, ბოლოს როდის იყავი შეკრებაზე?
- სამი წლის წინ, როდესაც "შალკეში" ვთამაშობდი. სხვათა შორის, მაშინაც შეკრება თურქეთში გვქონდა, რომელიც ჩემთვის უიღბლოდ დასრულდა - ტრავმა მივიღე და კარგა ხანს ვეღარ ვითამაშე.

- ვიცი, რომ ტრავმებზე საუბარი არ გიყვარს. ამიტომ, მოდი, ის გვითხარი, რით განსხვავდება უკრაინულ და გერმანულ გუნდებში შეკრება ერთმანეთისგან.
- ამ შემთხვევაში ყველაფერი არა ქვეყანასა და კლუბზე, არამედ მწვრთნელზეა დამოკიდებული. როდესაც "შალკეში" ვთამაშობდი, მწვრთნელი ფელიქს მაგათი იყო. ის ძალიან დაუნდობელი მწვრთნელია და თავისი მანერით საკმაოდ განსხვავდება ნიკოლაი კოსტოვისგან.

- მაგათის დატვირთვებზე ლეგენდები დადის, თუმცა არც ნიკოლაი კოსტოვი "გიფრთხილდებოდათ" პირველ შეკრებაზე და გარბენინებდათ…
- ამის გარეშე არ იქნება, ფიზიკური მომზადების გარეშე რას გააკეთებ? აქ არავინ ამბობს იმას, რომ ფიზიკური სამუშაოს შესრულება საჭირო არაა; უბრალოდ, მაგათს მომზადების სრულებით სხვა სისტემა ჰქონდა...

- შეგიძლია მაგალითი მოიყვანო?
- შემიძლია - თუნდაც სამჯერადი ვარჯიში დღეში...

- ფიზიკურ მომზადებაზე რატომ ამახვილებდა ასე ყურადღებას?
- ასეთი სტრატეგია აქვს. ასე იყო ყველა გუნდში, სადაც მუშაობდა.

- ამას შედეგი მოჰქონდა?
- მხოლოდ პირველი სამი თვე, შემდეგ კი გადაღლილობა და ტრავმები იჩენდა თავს.

Sportall.Ge

- როდესაც "კარპატისთან" ერთად პირველ შეკრებაზე მიემგზავრებოდი, ნერვიულობდი?
- რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ვღელავდი, თუმცა ამავდროულად, სასიამოვნო იყო იმის გააზრება, რომ თავს კარგად ვგრძნობდი და შემეძლო მუშაობა, ვარჯიში. საერთოდაც, ეს ყველაფერი სასიამოვნო პროცესია.

- წლის ბოლო შენთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ბრწყინვალე საგოლე გადაცემებს არიგებდი და თავადაც იტანდი. საქართველოში როგორ შეხვდნენ დიდ ფეხბურთში შენს დაბრუნებას?
- საბედნიეროდ, ახლა ყველაფერი კარგადაა. ფორმა აღვიდგინე, თუმცა დაღლილობას მაინც ვგრძნობდი. საქართველოდან მხარს მიჭერდნენ, მირეკავდნენ, მამხნევებდნენ და მქომაგობდნენ. არცთუ ცოტა ინტერვიუც მივეცი, სადაც გულახდილად აღვნიშნე, რომ "კარპატიში" თავს კარგად ვგრძნობ.

მთავარია, რომ ფეხბურთის თამაში დავიწყე და დავუბრუნდი საქართველოს ნაკრებს. აი, ახლაც მიწვევა მივიღე და ჩემს თანაგუნდელ მურთაზ დაუშვილთან ერთად, თებერვლის დასაწყისში შეკრებაზე გავემგზავრები.

- არამხოლოდ მასთან ერთად...
- მართლაც, უკრაინის ჩემპიონატში ბევრი ქართველი მოთამაშეა. მათთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. აი, ახლაც სასტუმროში ჩვენთან ერთადაა დაბინავებული "ილიჩევეცი", სადაც თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე თამაშობენ. ვფიქრობ, ნაკრების შეკრებაზე მათთან ერთად გავფრინდები.

- აქაური მთები კავკასიას არ გაგონებს?
- საქართველო მთაგორიანია. თურქეთის მთები თითქოს ჰგავს, მაგრამ მაინც არაა ისეთი, როგორიც საქართველოშია. საქართველოს მთები მშობლიურია და შესაბამისად, ჩემთვის ყველაზე ლამაზია. ყოველთვის მენატრება ხოლმე და ახლაც მომენატრა მათი ცქერა.

- შვებულება როგორ გაატარე?
- რამდენიმე ქვეყანაში ვიყავი. ცოტა ზღვაზე დავისვენე, გერმანიაში ვიყავი, გარკვეული დრო შინ, სამშობლოში დავყავი. ჯამში, დრო კარგად გავატარე.

- გერმანიაში რაღა დაგრჩენია?
- მეუღლე მყავს იქიდან. თავად სერბია, თუმცა გერმანიაშია დაბადებული. ამასთან, ჩემს გოგონასაც გერმანიის მოქალაქეობა აქვს. ასე რომ, გერმანიაში ხშირად ჩავდივარ ხოლმე.

როდესაც ლვოვში ვიმყოფები, ოჯახი გვერდით მყავს, ხოლო როდესაც შეკრებაზე მივდივარ, მეუღლე და ქალიშვილი გერმანიაში მიემგზავრებიან ხოლმე.

- საინტერესოა, შენ თურქეთში ლვოვიდან გაემგზავრე, ბუბა დაუშვილი კი საქართველოდან ჩამოვიდა…
- ნამდვილად. ლვოვში ჩემი მშობლები და მეუღლე ჩამოფრინდნენ და სამი დღე უკრაინაში ერთად გავატარეთ.

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიამ საალბანეთო სიას ნიკოლოზ გელაშვილი დაამატა
ლევან ყენია: არ მინდა, მომავალშიც მქონდეს ტრავმები
მოფარიკავე ლევან ყენია უკრაინელი იანა შემიაკინას წინააღმდეგ [VIDEO]
ლევან ყენია: არ მომწონს ის ფეხბურთი, რასაც საქართველოს ნაკრები თამაშობს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული