ლევან კობიაშვილის მოედანზე გამოჩენის მოლოდინი

AutoSharing Option
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 21-ე ტური 11 თებერვალს ბერლინური დერბით დასრულდება - "ჰერტა" "უნიონს" უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, დისკვალიფიკაციამოხდილი ლევან კობიაშვილი წინა ტურში 18-კაციან განაცხადში არ შეიყვანეს და საინტერესოა, ამჯერად მაინც თუ შედგება მისი ოფიციალური დაბრუნება.

* * *
"ბოხუმი" კი შინ "რეგენსბურგთან" 0:2 დამარცხდა. ალექსანდრე იაშვილი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 36-ე წუთზე შეცვალეს, რისი მიზეზიც "ბოხუმის" მცველის, კრისტოფ დაბროვსკის გაძევება იყო - იაშვილის ნაცვლად მოედანზე სხვა უკანახაზელი შევიდა.

ნიკოლოზ გელაშვილი თამაშში მე-80 წუთზე ჩაერთო. იმ დროისთვის მატჩის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული
იყო.

* * *
ჰოლანდიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური დაპირისპირება არნემში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა "ვიტესმა" ერედივიზიეს ლიდერ პსვ-ს უმასპინძლა და ფრედ, 2:2 ითამაშა.

მართალია, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს შედეგი გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის გუნდისთვის დიდი მონაგარი ვერ არის, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ "ვიტესმა" ორჯერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, აქედან მეორედ - რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა.

Sportall.Ge

პირველი ტაიმი "ეინდჰოვენმა" 1:0 მოიგო, 77-ე წუთზე ანგარიში აფრიკის თასიდან დაბრუნებულმა ივუარელმა ვილფრედ ბონიმ გაათანაბრა. სტუმრები 78-ე წუთზე კვლავ დაწინაურდნენ, 83-ეზე "ვიტესს" ტეო იანსენი გაუძევეს, 88-ეზე კი მასპინძლებს ქულა ბონიმ მოუტანა.

"ვიტესის" კაპიტანმა კაშიამ სრულად ითამაშა, ხოლო ყაზაიშვილი სათადარიგო იყო.

პსვ-მ, რომელსაც 47 ქულა აქვს, ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა, "ვიტესი" კი 39 ქულით მესამეა და ჯერ კიდევ აქვს არა მხოლოდ ევროპის ლიგაზე, არამედ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსიც.

* * *
თურქეთის სუპერლიგაში ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორმა" საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცის, ექტორ კუპერის მიერ გაწვრთნილ "ორდუსფორს" უმასპინძლა და ფრედ, 0:0 ეთამაშა.

"ქაისერის" ქართველმა მცველმა სრულად ითამაშა და მატჩის 90-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. "ქაისერი" ელიტაში დასარჩენად ბრძოლას აგრძელებს.

* * *
შოთა არველაძის "ქასიმფაშა", რომელიც ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის, 11 თებერვალს სტუმრად "გაზიანთეფსფორს" დაუპირისპირდება.

* * *
გასულ შაბათს აზერბაიჯანული პრემიერლიგა განახლდა და ჩვენთვის საინტერესო მატჩებიც გაიმართა.

დავიწყოთ ზაქათალის "სიმურგით", სადაც, მართალია, ქართველი ფეხბურთელი არ თამაშობს, მაგრამ გუნდს გიორგი ჩიხრაძე წვრთნის.

"სიმურგმა" პრემიერლიგის საშემოდგომო ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა, რაც დიდ მოულოდნელობად შეფასდა - არც ბიუჯეტით და არც შემადგენლობით ამ კლუბს ფავორიტთა შორის არავინ მოიაზრებდა.

შაბათს "სიმურგი" სტუმრად აზალ-ს 1:1 დაუზავდა. ჩიხრაძის გუნდი მეორე წუთზევე დაწინაურდა ზდრავკო პოპოვიჩის გოლით, მაგრამ აზალ-მა მეორე ტაიმის დასაწყისში გატანილი ბურთით ქულა გადაარჩინა.

* * *
"თურანი" გასვლით შეხვედრაში 0:2 დამარცხდა "რავანთან". "თურანის" სასტარტო შემადგენლობაში იყო ირაკლი ბერაია, რომლის ნაცვლადაც შესვენების შემდეგ მოედანზე დავით ჯანელიძე შევიდა.

* * *
ვერც გიორგი ფოფხაძის "ბაქიმ" გაიმარჯვა, რომელმაც "სუმგაითს" უმასპინძლა და 1:1-ს დასჯერდა.

ბაქოელთა ქართველმა მცველმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

* * *
ბაქოს "ინტერი", სადაც ქართული ლეგიონი ყველაზე წარმომადგენლობითია (მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე, ფეხბურთელები - გიორგი ლომაია, რევაზ თევდორაძე, ვალერი აბრამიძე, ილია კანდელაკი, ბაჩანა ცხადაძე, გიორგი ადამია), 11 თებერვალს ლენქორანის "ხაზარს" ესტუმრება და გამარჯვების შემთხვევაში, მეორეადგილოსან "სიმურგთან" სამქულიან უპირატესობას შეიქმნის.

* * *
რაც შეეხება "თურანსა" და "ბაქის", მათი ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობა მეტად არასახარბიელოა და ევროსარბიელზე გასვლის შანსი, ფაქტობრივად, აღარ აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან კობიაშვილი: ნაკრების გაახალგაზრდავება არ შეიძლება
ლევან კობიაშვილის ბერლინის "ჰერტას" შემადგენლობაში დაბრუნება გადაიდო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული