ლეგიონის უქმეები: ლევან კობიაშვილი ბერლინის "ჰერტაში" უკვე შეუცვლელია!

AutoSharing Option
ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ ლევან კობიაშვილმა ოფიციალურ მატჩში მოედანზე პირველად დაჰყო 90 წუთი. ეს "ჰერტას" გასვლით შეხვედრაში მოხდა, რომელიც ბერლინელებმა დრეზდენის "დინამოსთან" 0:1 დათმეს.

ვეტერანმა ქართველმა ამჯერად მარცხენა მცველის პოზიციაზე ითამაშა.

ამ მარცხის მიუხედავად, "ჰერტა" მყარად ინარჩუნებს ადგილს მოწინავეთა შორის და პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნების შესანიშნავი შანსი აქვს.

"ბოხუმი" "კაიზერსლაუტერნს" ესტუმრა და უგოლოდ დაუზავდა. ალექსანდრე იაშვილი მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა, ხოლო მეორე ბოხუმელი, ნიკოლოზ გელაშვილი, სათადარიგო იყო.

* * *
პოლონეთის ექსტრაკლასაში ვარშავის "ლეგიამ", რომელმაც ცოტა ხნის წინ ვლადიმერ დვალიშვილი გადაიბირა,
"ბელხატოვს" უმასპინძლა და ფრედ, 0:0 ეთამაშა.

დედაქალაქელთა ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა.

დაკარგული ქულების მიუხედავად, "ლეგიამ" ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა და უახლოეს მდევარს, დვალიშვილის ყოფილ კლუბ "პოლონიას" ორი ქულით უსწრებს.

რაც შეეხება პოლონეთში მოასპარეზე კიდევ ერთ ქართველს, "იაგელონიას" ნახევარმცველ ნიკა ძალამიძეს, უახლოეს პერიოდში იგი ტრავმის გამო ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას.

* * *
ზამთრის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უკრაინული პრემიერლიგა განახლდა, სადაც ჩვენთვის საინტერესო რამდენიმე შეხვედრა გაიმართა.

"დნიპრომ" კიევის "არსენალს" უმასპინძლა და მეტოქე 3:0 გაანადგურა. მასპინძელთა რიგებში ჯაბა კანკავა შესვენების შემდეგ გამოჩნდა, ხოლო ალექსანდრე კობახიძე, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი იჯარით სწორედ "არსენალში" გაატარა, სათადარიგო იყო.

"ზარიამ" "ჰოვერლას" უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა. ჯაბა ლიპარტია მასპინძელთა შემადგენლობაში 82-ე წუთზე გამოჩნდა.

ლვოვის "კარპატიმ" სტუმრად 2:0 დაამარცხა "ტავრია". მურთაზ დაუშვილმა და ლევან ყენიამ ლვოველთა შემადგენლობაში სრულად ითამაშეს. ყენიამ მეოთხე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

* * *
თურქეთის სუპერლიგაში "ქაისერისფორმა" "მერსინს" უმასპინძლა და მოწინააღმდეგეს 2:1 სძლია.

ზურაბ ხიზანიშვილმა "ქაისერის" რიგებში სრულად ითამაშა და მატჩის 44-ე წუთზე გაფრთხილება მიიღო.

* * *
აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულდა და გუნდები ორ ექვსეულად გააგრძელებენ ბრძოლას. აღსანიშნავია, რომ ზედა ექვსეულის კლუბებიდან სამში ქართველები არიან წარმოდგენილნი.

ჩემპიონატის პირველი ეტაპი მოქმედმა ჩემპიონმა, ბაქოს "ნეფთჩიმ" მოიგო, რომელმაც უახლოესი მდევარი, კახა ცხადაძის "ინტერი" სამი ქულით ჩამოიტოვა.

"ინტერმა" 3 მარტს ჩემპიონობის კიდევ ერთ პრეტენდენტთან, "ყარაბახთან" გასვლითი შეხვედრა 0:0 დაასრულა.

ბაქოელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს გიორგი ლომაიამ და ილია კანდელაკმა, ბაჩანა ცხადაძე კი 64-ე წუთზე თბილისის "დინამოს" ყოფილმა ნახევარმცველმა, ბრაზილიელმა რობერტინიომ შეცვალა. რევაზ თევდორაძე და ვალერი აბრამიძე "ინტერის" სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ.

ზეექვსეულის საგზური მოიპოვა გიორგი ფოფხაძის "ბაქიმ", რომელიც მიმდინარე სეზონში მეტად არასტაბილურად ასპარეზობს.

ბაქოელებმა შინ "რავანს" 2:1 სძლიეს, მათმა ქართველმა მცველმა კი სრულად ითამაშა.

გიორგი ჩიხრაძის მიერ გაწვრთნილმა "სიმურგმა", რომელმაც საუკეთესო ეშელონის საგზური კარგა ხნის წინ დაიბევა, სტუმრად "ქიაფაზთან" 1:1 ითამაშა და პრემიერლიგის პირველი ეტაპი მეოთხე საფეხურზე ჩაამთავრა.

"თურანმა" საკუთარ მოედანზე "ნეფთჩის" დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა საბოლოოდ 2:3 დამარცხდა. ირაკლი ბერაია "თურანის" სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეხვედრის 35-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, მისი თანაგუნდელი დავით ჯანელიძე კი მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული