შოთა: რატომ ვამჯობინე საქართველოს ნაკრებს ქაისერი?

AutoSharing Option
შოთა არველაძის "ქაისერისპორი" სტამბოლური კლუბების რისხვა გახდა: "ფენერბაჰჩეს" შემდეგ, შოთას გუნდმა ბერნდ შუსტერის მიერ გაწვრთნილი "ბეშიქთაშიც" "მოინელა" (1:0), თურქეთის სუპერლიგაში 9 ტურის შემდეგ, 20 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ "ბურსას" მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება. გუშინ, პოპულარულ გერმანულ სპორტულ პორტალზე, "სპოქსზე", შოთას ექსკლუზიური ინტერვიუ გამოქვეყნდა.

- "ქაისერი" ევროპაში ყველასათვის უცნობი კლუბია, რომელიც აქამდე ვერც თურქეთში აღწევდა სერიოზულ წარმატებებს, ახლა კი, მას მერე, რაც გუნდს თქვენ წვრთნით, `ქაისერი~ შესანიშნავად ასპარეზობს და ცხრა ტურის შემდეგ, მესამე ადგილზეა. დიდ გუნდს აშენებთ?
- სეზონის დაწყებიდან
ჯერ მხოლოდ ცხრა ტურია გასული და რაიმე გრანდიოზულზე ლაპარაკი ნამდვილად ნაადრევია. კარგია, რომ მესამე ადგილზე ვართ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ დიდხანს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ.

- ჰო, მაგრამ თქვენი გუნდი "ბურსასთან" და მეორეადგილოსან "ტრაბზონსპორთან" ერთად, ძალიან კარგად თამაშობს. პირადად თქვენ უკვე ორი გრანდი, "ფენერბაჰჩე" და "ბეშიქთაში" დაამარცხეთ...
- პირველ რიგში, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ თურქულ სუპერ-გრანდებს ძალიან ბევრი ფული აქვთ. "ფენერმა", "ბეშიქთაშმა" და "გალათასარაიმ" ამ ზაფხულსაც კარგად ივაჭრეს. "ქაისერის" ბიუჯეტი კი "ბეშიქთაშის" ბიუჯეტის ერთი მეოთხედი, ან სულაც ერთი მეხუთედია. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ და ჩვენმა გულშემატკივრებმა მოთმინება უნდა ვიქონიოთ. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვვითარდეთ და ვიმედოვნოთ, რომ ჩვენი საფეხბურთო ფილოსოფია წარმატებას მოგვიტანს, რადგან გვინდა, გვჯეროდეს, რომ ფეხბურთში ფული მთავარი არ არის.

- სხვათა შორის, სატრანსფერო ბაზარზე თქვენც ძალიან აქტიურობდით. "ქაისერში" რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი წაიყვანეთ, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული "იუვენტუსის" ყოფილი თავდამსხმელი მარსელო სალაიეტაა. გსურდათ მიქაელ სილვესტრის, კრის ბოიდისა და მიდოს გადაბირებაც...
- ის, რომ თქვენს მიერ ჩამოთვლილი ფეხბურთელების ყიდვა გვინდოდა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბევრი ფული გვაქვს. "ქაისერის" კონცეფცია ნათელი და მარტივია: ჩვენი მიზანი, პირველ რიგში, კლუბის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. ახლა ვაშენებთ ახალ, თანამედროვე სავარჯიშო კომპლექსს, რომელიც ფეხბურთელების ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ახალი კომპლექსის აშენებით, "ქაისერისპორში" ახალი ერა დაიწყება. გულახდილად გეტყვით: ნამდვილად არ მინდა, რომ ფული ისეთ ფეხბურთელებში ვხარჯოთ, რომლებიც ასი პროცენტით მონდომებულები არ იქნებიან. ზაფხულში ჩვენ მხოლოდ იმ პოზიციებზე გავძლიერდით, სადაც შევსება აუცილებელი და გარდაუვალი იყო და მხოლოდ ის მოთამაშეები ვიყიდეთ, რომელთა შესაძლებლობებში პირადად მე ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული.

- როგორ შეეწყო გუნდს ბუნდესლიგის ყოფილი ფეხბურთელი სელიმ ტებერი, რომელსაც ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეთ?
- ძალიან კარგად. ჩემი შეგირდებიდან ათი ჯერ მხოლოდ 22 წლის ან უფრო ახალგაზრდაა. შესაბამისად, ტებერის დარი გამოცდილი მოთამაშე აუცილებლად მჭირდებოდა. მას თვალდახუჭული ვენდობი.

- გერმანიაში ყველას გაუკვირდა, რომ "ქაისერის" მწვრთნელობას დათანხმდით. რატომ გადაწყვიტეთ ამ გუნდში მუშაობა?
- სხვა შემოთავაზებები არ მქონდა (იცინის). ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. ისე, წინადადებები მართლაც მქონდა, მაგრამ უმეტესად მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობაზე, მე კი მინდოდა, რომ ბედი უკვე მთავარი მწვრთნელის რანგში მეცადა. არჩევანი "ქაისერისა" და საქართველოს ნაკრების დამრიგებლის თანამდებობებს შორის უნდა გამეკთებინა. ჩემი სამშობლოს ნაკრების გაწვრთნა ჩემი ოცნებაა, მაგრამ მინდოდა, რომ ჯერ სხვაგან მიმეღო გამოცდილება. ასისტენტობა ერთია, მთავარი მწვრთნელობა კი - მეორე. მე არ მინდოდა, რომ საქართველოს ნაკრები გამოუცდელს ჩამებარებინა.

- მართალია თუ არა, რომ თითქმის გადაწყვეტილი იყო თქვენი "ბაიერნში", ლუის ვან გაალის თანაშემწედ დანიშვნა? გერმანიაში გავრცელებული ხმების თანახმად, ვან გაალს ასისტენტად თქვენ უნდოდით, მაგრამ "ბაიერნის" ხელმძღვანელებმა უარი უთხრეს იმის გამო, რომ გერმანული არ იცით...
- ენა არაფერ შუაშია, მიზეზი სხვა იყო, მაგრამ დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ.

- ვიცით, რომ ვან გაალთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა გაქვთ...
- "ალკმაარში" ჯერ მისი შეგირდი ვიყავი, მერე "ლევანტეში" ვცადე ბედი, მაგრამ ტრავმებმა დამტანჯა და იძულებული გავხდი, კარიერა დამემთავრებინა, რის შემდეგაც ვან გაალმა "ალკმაარში" ასისტენტის პოსტი შემომთავაზა. მე, რა თქმა უნდა, მაშინვე დავთანხმდი, რადგან ეს იდეალური შანსი იყო - ვან გაალი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და მისი ასისტენტობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. ფაქტია, რომ ცხოვრების ბოლომდე ლუისის მადლობელი ვიქნები.

- რა ისწავლეთ ვან გაალისგან, რომელსაც თქვენს მენტორს უწოდებთ?
- მან უამრავი საიდუმლო გამანდო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვმართო გუნდი და როგორ მოვიქცე სხვადასხვა პრობლემების თავჩენის დროს.

- კერძოდ?
- საიდუმლოებებს სხვებს არასდროს ვუყვები (იცინის).

- გერმანიაში ჟურნალისტებს თავიდან ლუისის ძალიან ეშინოდათ...
- ყველა ჟურნალისტს დავამშვიდებ - ვან გაალის ნუ გეშინიათ. ლუისთან ურთიერთობისთვის და იმისთვის, რომ ის არ გაბრაზდეს, ადამიანი, ამ შემთხვევაში კი ჟურნალისტი, ერთადერთ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: ყველა კითხვა, რასაც ვან გაალს დაუსვამთ, ლოგიკური უნდა იყოს. ლუისს უყვარს აზრიანი და მხოლოდ აზრიანი საუბარი, მაგრამ, როცა ინტერვიუს დროს უაზრო კითხვებს უსვამენ, ისე ბრაზდება, რომ უმჯობესია, კილომეტრის რადიუსში გაეცალოთ. სიმართლე გითხრათ, ამაში მას ასი პროცენტით ვეთანხმები. ვან გაალი ბევრს მუშაობს და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა აქვს, რის გამოც ვერ იტანს, როცა დროს უაზროდ აკარგვინებენ. მით უმეტეს ვერ იტანს ჟურნალისტებს, რომლებიც ფეხბურთში ვერ ერკვევიან. პირადად მე მასთან ურთიერთობისას პრობლემები არასდროს შემქმნია - მასთან მისვლა ნებისმიერ დროს შემეძლო.

- "ალკმაარში" ვან გაალის ხელმძღვანელობით, ორ სეზონში 36 გოლი გაიტანეთ, უფრო ადრე კი, ბომბარდირული ნიჭი "რეინჯერსსა" და "აიაქსში" დაამტკიცეთ. რომელი ერა იყო შოთა არველაძის კარიერაში ყველაზე წარმატებული?
- ორი აზრი არ არსებობს: ყველაზე წარმატებული პერიოდი ამსტერდამში მქონდა, სადაც 1997-დან 2001 წლამდე ვთამაშობდი. როცა "ტრაბზონსპორიდან" ამსტერდამულ გრანდში აღმოვჩნდი, ფაქტობრივად არაფერს წარმოვადგენდი. მაშინ "აიაქსი" ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი იყო. თამამად ვიტყვი, რომ ბავშვობის ოცნება ამიხდა, რადგან უცებ ლაუდრუპის, ძმები დე ბურების, ლიტმანენის, დანი ბლინდისა და სხვა გენიალური ფეხბურთელების გვერდით აღმოვჩნდი.

- "რეინჯერსში" კი კრისტიან ნერლინგერის თანაგუნდელი იყავით. მაშინ წარმოიდგენდით, რომ წლების მერე ნერლინგერი მიუნხენის "ბაიერნის" მენეჯერი გახდებოდა და ული ჰიონესს შეცვლიდა?
- არა, მაშინ ამას ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი. კრისტიანი ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური ფეხბურთელი იყო, ნამდვილი ინტელიგენტი, მაგრამ მაშინ ვფიქრობდი, რომ რომელიმე საშუალო დონის კლუბში დანიშნავდნენ - ასევე კარგ თანამდებობაზე. შესაბამისად, საკმაოდ გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის მენეჯერად დაინიშნა. მიხარია, რომ ასე მოხდა და კრისტიანს წარმატებებს ვუსურვებ. იმ ამბავს, რომ "ბაიერნის" მენეჯერად დაინიშნა, ერთადერთი ნაკლი აქვს...

- რა ნაკლი?
- სანამ დაინიშნებოდა, ხშირად ვსაუბრობდით ხოლმე, ხოლო მას მერე, რაც "ბაიერნის" მენეჯერია, ძალიან ცოტა დრო აქვს (იცინის).


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული