გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი: ჰოლანდიის ჩემპიონობა? შესაძლებელია!

AutoSharing Option
ქართული ლეგიონის უქმეების მიმოხილვა ამჯერად ჰოლანდიის ერედივიზიონით დავიწყოთ, სადაც გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის "ვიტესმა" სტუმრად "ტვენტე" 1:0 დაამარცხა.

ეს ჩემპიონატში არნემელთა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იყო, რითაც "ვიტესმა" სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაიუმჯობესა - დღეისთვის 51 ქულით მეოთხე ადგილზეა და ლიდერ "აიაქსს" მხოლოდ და მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.

ეს შეხვედრა "ვიტესის" კაპიტანმა კაშიამ, რა თქმა უნდა, შეუცვლელად ჩაატარა, ყაზაიშვილი კი ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

* * *
განახლდა რუსეთის პრემიერლიგა, სადაც ჩვენთვის საყურადღებო რამდენიმე შეხვედრა გაიმართა.

"კრილია სოვეტოვმა", სადაც ზამთრის
სატრანსფერო პერიოდში ალექსანდრე ამისულაშვილი გადავიდა, მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და მატჩის 51-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

Sportall.Geვლადიკავკაზის "ალანიამ" "როსტოვი" მიიღო და მეტოქეს უგოლოდ გაეყარა.

მასპინძელთა შემადგენლობაში გიორგი ჭანტურიამ 66-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო ვლადიკავკაზელთა კიდევ ერთი ახალწვეული მამუკა კობახიძე გუნდის 18-კაციან განაცხადშიც არ ყოფილა.

მოსკოვის "სპარტაკისა" და გროზნოს "ტერეკის" მატჩი დედაქალაქელთა სომეხი ახალწვეულის, იურა მოვსისიანის ნამდვილ ბენეფისად იქცა - მან ჰეთ თრიქი შეასრულა, ხოლო "სპარტაკმა" 3:1 გაიმარჯვა.

ამაში სპარტაკელმა ჯანო ანანიძემ მოკრძალებული წვლილი შეიტანა - მხოლოდ 83-ე წუთიდან მიეცა თამაშის საშუალება.

რუსეთის პრემიერლიგაში სადებიუტო შეხვედრა მეტად წარმატებული გამოდგა აკაკი ხუბუტიასთვის - მისმა "მორდოვიამ" შინ მოულოდნელად მახაჩყალის "ანჟის" 2:0 სძლია, ქართველმა მცველმა კი მოედანზე 90 წუთი გაატარა.

* * *
უკრაინულ პრემიერლიგაში "ქართული დერბი" გაიმართა, რომელშიც უჩა ლობჟანიძის "კრივბასმა" ჯაბა ლიპარტიას "ზარია" 3:0 გაანადგურა.

ლობჟანიძემ სრულად ითამაშა და 26-ე წუთზე სერგეი სამოდინმა ანგარიში მისი გადაცემით გახსნა. ლიპარტია კი მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა.

Sportall.Geლვოვის "კარპატიმ" საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო ოდესის "ჩერნომორეცთან".

კარპატელმა იგორ ხუდობიაკმა 50-ე წუთზე ანგარიში ლევან ყენიას პასით გახსნა, მაგრამ მასპინძლებმა ამ მდგომარეობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და გასავარდნ ზონასთან კვლავ ძალიან ახლოს არიან.

ყენიამ სრულად ითამაშა, მისი თანაგუნდელი მურთაზ დაუშვილიც ძირითადში გაამწესეს და 75-ე წუთზე შეცვალეს.

"დნიპრომ" სტუმრად 1:0 დაამარცხა "გოვერლა", რაშიც წვლილი დნეპროპეტროვსკელთა ორივე ქართველმა შეიტანა - სასტარტო შემადგენლობაში გამწესებული ჯაბა კანკავა 30-ე წუთზე შეცვალეს, სანდრო კობახიძე კი თამაშში 76-ე წუთიდან ჩაერთო.

* * *
ბერლინის "ჰერტამ" პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნებისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. დედაქალაქელებმა "დუისბურგს" უმასპინძლეს და 4:2 დაამარცხეს.

სასიხარულოა, რომ ლევან კობიაშვილმა ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის შემდეგ "ჰერტას" სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნა - მან ზედიზედ მეორე ოფიციალური მატჩი ჩაატარა შეუცვლელად. კობიმ მარცხენა მცველის პოზიციაზე ითამაშა.

"ბოხუმი" "ინგოლშტადტს" ეწვია და 1:2 დამარცხდა. ალექსანდრე იაშვილი "ბოხუმის" შემადგენლობაში მე-80 წუთზე გამოჩნდა, ხოლო მისი თანაგუნდელი ნიკოლოზ გელაშვილი სათადარიგო იყო.

"ბოხუმს" მეორე ბუნდესლიგაში დასარჩენად დიდი ბრძოლები ელის.

* * *
თურქეთის სუპერლიგაში ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორი" "ისთანბულსფორს" ესტუმრა და დაუზავდა - 0:0.

ქართველმა უკანახაზელმა შეხვედრა სრულად ჩაატარა.

* * *
დანიის სუპერლიგაში "ორჰუსმა" "ბრონდბიუს" უმასპინძლა და 0:3 განადგურდა.

მასპინძელთა რიგებში მათე ვაწაძემ შეუცვლელად ითამაშა, ძირითადში გამწესებული დავით სხირტლაძე კი მატჩის 56-ე წუთზე ახლად გამოჯანმრთელებულმა დავით დევდარიანმა შეცვალა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული