"ქართული დერბი" აზერბაიჯანში გიორგი ჩიხრაძემ მოიგო

AutoSharing Option
14 მაისს აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ბოლოსწინა, 31-ე ტურის მატჩები გაიმართა.

ბაქოს "ინტერი", რომელსაც სათავეში კახა ცხადაძე უდგას, სტუმრად გიორგი ჩიხრაძის მიერ გაწვრთნილ "სიმურგთან" 0:1 დამარცხდა და საბოლოოდ დაკარგა მეორე ადგილის შანსი.

"ინტერი" ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა და მომავალ სეზონში ევროპის ლიგაზე იასპარეზებს, აზერბაიჯანის ჩემპიონი კი კვლავ "ნეფთჩი" გახდა.

გიორგი ლომაიამ და ილია კანდელაკმა "ინტერის" შემადგენლობაში სრულად ითამაშეს, სასტარტო შემადგენლობაში გამწესებული ბაჩანა ცხადაძე შესვენებისას შეცვალეს, ხოლო მათი თანაგუნდელი რევაზ თევდორაძე სათადარიგო იყო. "სიმურგმა" ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა.

"ბაქი", რომლის ღირსებასაც გიორგი ფოფხაძე იცავს,
გასვლით შეხვედრაში "ყარაბახთან" 1:3 დამარცხდა. ბაქოელთა შემადგენლობაში ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა.

"თურანი" შინ 3:5 დამარცხდა "ქიაფაზთან". მასპინძელთა შემადგენლობაში ნიკოლოზ მაისურაძემ შეუცვლელად ითამაშა, მისი თანაგუნდელი დავით ჯანელიძე კი თამაშში 54-ე წუთზე ჩაერთო. "თურანი" პრემიერლიგიდან გავარდა.

* * *
რუსეთის პირველ დივიზიონში ხაბაროვსკის "სკა-ენერგია", რომელსაც გიორგი დარასელია წვრთნის, სტუმრად კალინინგრადის "ბალტიკას" დაუზავდა - 1:1.

"სკა-ენერგია" აგებდა და ანგარიში 73-ე წუთზე გაათანაბრა. მარცხის შემთხვევაში, დარასელიას გუნდი სატურნირო მდგომარეობას გაირთულებდა და პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში მოხვედრას სათუოდ გაიხდიდა.

გიორგი ნავალოვსკიმ და ლაშა სალუქვაძემ "სკა-ენერგიას" შემადგენლობაში სრულად ითამაშეს. სასტარტო თერთმეტეულში გამწესებული კიდევ ორი ქართველი, შოთა გრიგალაშვილი და გოჩა ხოჯავა შესაბამისად, 79-ე და 84-ე წუთზე შეცვალეს.

ნალჩიკის "სპარტაკი", რომელიც ასევე ახლოა პლეი ოფთან, გასვლით მატჩში 1:2 დამარცხდა "ხიმკისთან". სპარტაკელი დავით სირაძე მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ჩიხრაძე აზერბაიჯანულ ინციდენტზე: რამდენჯერმე ისე ცუდად შეიგინა...
გიორგი ჩიხრაძე აზერბაიჯანში 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული