20 წლის ფორვარდს უკრაინულ კლუბთან იჯარა 31 მაისს დაუმთავრდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში თბილისში დარჩება - შეგახსენებთ, რომ ნიგერიელი თავდამსხმელი საქართველოს პასპორტის მფლობელია და მისი ტრანსფერი დღემდე "გაგრას" ეკუთვნის.
კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის მიხეილ აფხაზავას თქმით, უახლოეს პერიოდში გადაწყდება, სად გააგრძელებს ფეხბურთელი კარიერას - ისევ უკრაინაში, "გაგრაში" თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში. მაგრამ დაინტერესებული კლუბების შესახებ აფხაზავა არაფერს ამბობს.
20 წლის აბაიომი
ოვონიკოკომ გულშემატკივრებს თავი 2010-11 წლების სეზონში დაამახსოვრა, როდესაც პირველი ლიგის "გაგრას" შემადგენლობაში საქართველოს თასის მფლობელი გახდა, პირადად მან კი ბევრი ბურთიც გაიტანა და საგოლე გადაცემებიც შეასრულა.
ნახევარფინალში ოვონიკოკომ "ვიტ ჯორჯიასთან" ორ მატჩში 4 გოლი გაიტანა. მაგრამ ფინალში არ უთამაშია, რადგან მატჩამდე ჯვარედინი იოგები გაუწყდა.
ერთწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ "ზესტაფონში" ჩაირიცხა, გუნდთან ერთად ჩემპიონობა მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს "ნეფთჩისთან" მარცხის შემდეგ, ნიგერიელმა უკრაინას "გაგრას" ყოფილი მწვრთნელის, ანატოლი პისკოვეცის რეკომენდაციით მიაშურა.
ლუცკის "ვოლინის" რიგებში ოვინიკოკომ უკრაინის პრემიერლიგის დასრულებულ სეზონში 15 მატჩში მხოლოდ 1 გოლი მიითვალა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"