შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა გამოცემებმა გაავრცელეს ცნობა, ვითომდა სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინა დღეს, ლვოველებმა ქართველი ფეხბურთელი განაცხადში შეიყვანეს და 88-ნომრიანი მაისურაც დაუბრუნეს... ამ ფონზე, მოულოდნელი იყო დაუშვილის თბილისში გამოჩენა.
უგუნდოდ დარჩენილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა "საქართველოს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის" დამფუძნებელთა პრესკონფერენციაზე საკუთარი პრობლემა გაამხილა.
ვისარგებლეთ შემთხვევით და დაუშვილს ინტერვიუ ვთხოვეთ...
- იმის გამო, რაც "კარპატის" ხელმძღვანელობამ გამიკეთა, ვერსად ვთამაშობ და ეროვნული ნაკრების ორი შეხვედრაც გამოვტოვე. პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის
- ჯერ დავაზუსტოთ: "კარპატისთან" ახალი კონტრაქტი თუ გააფორმეთ, თბილისში როგორ გამოგიშვეს?
- ეს ინფორმაცია ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. სინამდვილეში არანაირი კონტრაქტი არ გამიფორმებია. თბილისში კი უკვე თვენახევარია, რაც ჩამოვედი.
ახლახან შევიტყვე, რომ "საქართველოს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის" დამფუძნებლები პრესკონფერენციას მართავდნენ და მათი მხარდაჭერა მსურდა. მიმაჩნია, რომ ეს ორგანიზაცია ქართულ ფეხბურთს ჰაერივით სჭირდებოდა.
- "კარპატის" საჩემპიონატო განაცხადში თქვენი შეყვანაც ტყუილია?
- არა, ეს მართალია. თურმე, განაცხადში შემიყვანეს, მაგრამ ჩვენ შორის გაუგებრობა დღემდე გრძელდება. "კარპატისთან" გაფორმებული კონტრაქტი ფიფას სტანდარტებს არ შეესაბამება. არ შეიძლება, პროფესიონალ ფეხბურთელს ასეთი ხელშეკრულება ჰქონდეს, მით უფრო, უკრაინის პრემიერლიგის კლუბში.
სამწუხაროდ, თავის დროზე ამას დიდი ყურადღება არ მივაქციე და ახლა ვნანობ. ფაქტობრივად, ამ კონტრაქტით მე, როგორც ფეხბურთელს, არანაირი უფლება არ დამიტოვეს, მაქვს მხოლოდ ვალდებულებები.
- როგორც ვიცით, ხელფასის განახევრებას გიპირებენ...
- დავაზუსტებ: როცა "კარპატისთან" კონტრაქტი გავაფორმე, შევთანხმდით, რომ მზარდი ხელფასი მექნებოდა. მაგრამ კლუბს რომ გაუჭირდა, ამ პირობებზე უარის თქმა მომთხოვეს. ახლა გამოდის, რომ რა პირობებიც პირველ წელს მქონდა, მინიმუმ 2,5 წელი იგივე უნდა დამრჩეს. ასეთ პირობებზე ხელის მოწერა ჩემთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ დაგვაყენეს ტრანსფერზე მე და კიდევ 18 ფეხბურთელი. დავა გრძელდება, თუმცა ამ კონტრაქტზე ხელის მოწერას არ ვაპირებ.
- აბა, განაცხადში რატომ შეგიყვანეს?
- არ ვიცი. ჩემთვის არავის უთქვამს, რომ განაცხადში ვიქნებოდი. არადა, როგორც გითხარით, უკვე თევნახევარია, თბილისში ვარ.
- მერედა, ამის გამო კლუბი არ დაგსჯით?
- ამაზე კლუბის გენერალურ დირექტორს შევუთანხმდი. გარდა ამისა, ჩემს მომავალ ტრანსფერზეც დაველაპარაკე. უნდა მოვძებნო კლუბი, რომელიც "კარპატისთვის" მეტ-ნაკლებად მისაღებ თანხას გადაიხდის.
- რამდენს მოითხოვს "კარპატის" ხელმძღვანელობა?
- ალბათ, ნახევარ მილიონს.
- რომელიმე კლუბი დაინტერესდა თქვენით?
- მოლაპარაკება მიმდინარეობს და ვნახოთ... მაგრამ ჯერ კლუბის სახელს ვერ დავაკონკრეტებ.
- ევროპული კლუბია?
- ყოველ შემთხვევაში, მე მსურს, რომ კარიერა ევროპაში გავაგრძელო.
- ახალ ორგანიზაციაში თქვენი გამოჩენა გვაფიქრებინებს, რომ "კარპატის" წინააღმდეგ სარჩელს შეიტანთ...
- ჯერ არ შემიტანია. ლვოველებთან ურთიერთობა ისედაც დამეძაბა და კიდევ უფრო გამწვავებაც არ მინდა. ჯერ თავად შევეცდები საქმის მოგვარებას.
- ...მაგრამ, თუ ეს არ გამოვიდა და თავისუფალი აგენტის სტატუსი ვერ მიიღეთ, სხვა გუნდშიც იჯარითაც ვერ გადახვალთ.
- ამიტომაც მსურს ტრანსფერის გამოსყიდვა.
- ახლა სად ვარჯიშობთ?
- მხოლოდ ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, მაგრამ უგუნდოდ ფორმის შენარჩუნება ძალიან ძნელია. "კარპატის" გარდა, სხვა კლუბში ვარჯიშის უფლებაც არ მაქვს და ამას ძლიერ განვიცდი, ისევე, როგორც ნაკრების ბოლო ორი შეხვედრის გამოტოვებას. არადა, როგორ მინდოდა მოედანზე გასვლა და ბიჭების დახმარება. ნაკრებში თამაში მაინც სულ სხვა სტიმულია.
- მართალია, თითქოს თბილისის "დინამოში" გიწვევდნენ?
- ამ ხმებმა ჩემამდეც მოაღწია და ვერ ვხვდები, საიდან მოიტანეს? მოლაპარაკებაც არ გვქონია.
- ფინეთთან თამაშზე რას იტყოდით?
- ძალიან დასანანი წაგება იყო. ჩემი აზრით, მსაჯს პენალტი არ უნდა დაენიშნა. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. მარცხს არ ვიმსახურებდით.
- ფეხბურთი რომ მხოლოდ ბრძოლა არ არის?..
- სამწუხაროდ, მომენტები ვერ გამოვიყენეთ. არადა, ეს თამაშის ხასიათს აბსოლუტურად შეცვლიდა.
- ნაკრების წევრი ხართ და ერთს გკითხავთ - ლამის ყველა ისეთ კლუბში თამაშობთ, სადაც ბურთის თრევას არავინ გაპატიებთ, მაგრამ ნაკრებში სწრაფად მაინც ვერ თამაშობთ. ფინელები ტემპშიც გვჯობდნენ და მოძრაობაშიც. რატომ?
- ძნელი სათქმელია... ფინეთი ხელწამოსაკრავი ნაკრები არ არის, სულ ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული. მათი ბევრი ფეხბურთელი საკმაოდ ძლიერ ევროპულ კლუბში თამაშობს, ამიტომ, მათგან კარგი ფეხბურთი არ გამკვირვებია. წაგებას კი იმას მივაწერ, რომ საფრანგეთთან ძალიან დიდი ძალები დავხარჯეთ და გუნდი გადაღლილი იყო.
არადა, ფრანგებთან თამაშის შემდეგ სიამაყის გრძნობა მქონდა. ბიჭებმა მშვენიერი მატჩი ჩაატარეს და ხალხის გასახარებლად გულიანად იბრძოლეს.
- ფინელებმა საქართველოში ჩამოსვლამდე ნახევარი დღე მაინც დაკარგეს და ამ კუთხით, საქართველოს ნაკრებს უპირატესობა უნდა ჰქონოდა...
- ესპანელებთან ფინელების თამაში ვნახე და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იმხელა ძალა არ დაუხარჯავთ, რამდენიც ჩვენ - ფრანგებთან. მეორეცაა: თბილისში ფინეთთან უნდა შეგვეტია, რასაც დიდი ძალები სჭირდებოდა. გადაღლილობის გამო გაგვიჭირდა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საფეხბურთო პროფკავშირი - ახალი სიტყვა ქართულ ფეხბურთში
ბუბა დაუშვილი: ილია კოკაია პრეზიდენტი კი არა, მონათმფლობელია!
ილია კოკაია: ლვოვის "კარპატიმ" ამ თაღლითურ სქემაზე პასუხი უნდა აგოს!