ჯანო ანანიძე: სანამ საქართველოს ჩემპიონატი სუსტია, ნაკრებს სულ გაუჭირდება

AutoSharing Option
21 წლის ქართველმა ლეგიონერმა ჯანო ანანიძემ "როსტოვის" ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა. შეგახსენებთ, რომ ჯანო ამ გუნდში იჯარით თამაშობს "სპარტაკიდან" და მან თავი კარგად წარმოაჩინა. 5 საგოლე პასით ჯანო მხოლოდ პორტუგალიელ დანის (ზენიტი) ჩამორჩება.

- "როსტოვმა" ჩემპიონატი კარგად დაიწყო, შემდეგ კი ცოტა მოეშვა, რატომ?
- ეს რთული კალენდრის ბრალია. ჩვენ ზედიზედ 4 მატჩის გამართვა მოგვიწია გრანდებთან. როცა აგებ, ფსიქოლოგიურად იშლები. მოუგებელმა სერიამ თავისი გაიტანა, მაგრამ წინ კიდევ ბევრი მატჩია და წარუმატებლობაზე ფიქრი არაფერს გვარგებს. ჩვენ ისევ ის ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რომელსაც
სეზონის დასაწყისში შედეგი მოჰქონდა.

"ყუბანთან" თამაშში რაღაც უკვე გამოგვდიოდა. თუკი მოედანზე ერთმანეთთან კინკლაობის ნაცვლად, ერთად ვიქნებით, ყველაფერი გამოგვივა. გუნდში მესი, ჩავი და ინიესტა არ გვყავს, ამიტომ შედეგი მხოლოდ კოლექტიურმა თამაშმა შეიძლება მოგვიტანოს. ემოციები მთლიანად თამაშს უნდა მოვახმაროთ.

- როგორია პირადად თქვენთვის ეს სეზონი?
- პირველ ორ ტურში მხოლოდ შეცვლაზე შემოვდიოდი, შემდეგ კი შემადგენლობაში მოვხვდი. მიოდრაგ ბოჟოვიჩი მენდობა და ეს ჩემს თამაშზეც აისახება. სათამაშო პრაქტიკა ჩემთვის მთავარია. გუნდში კარგი სიტუაციაა, ჩემი საქმეც კარგად მიდის. ასე რომ, ზამთარში "სპარტაკში" დაბრუნება ჯერ არ მინდა.

- კი, მაგრამ ვინ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, თქვენ თუ მოსკოვური კლუბი?
- "სპარტაკის" ხელმძღვანელობას შეუძლია, ზამთრის შეკრებაზე გამომიძახოს, მაგრამ ვთხოვ მათ, რომ ეს არ გააკეთონ. მინდა "როსტოვში" მთელი სეზონი გავატარო, სრულად დავიბრუნო ფორმა და მოსკოვში ზაფხულში დავბრუნდე, მეტი გამოცდილებით და საკუთარი ძალების მეტი რწმენით. ამის მერე თავად გადაწყვიტონ - "სპარტაკთან" კონტრაქტი 2015 წლამდე მაქვს.

- თავად სად გსურთ თამაში?
- 2 წლის წინ ბევრი წინადადება მქონდა, არამხოლოდ რუსეთიდან, მაგრამ მოსკოველებმა არ გამიშვეს. თუ "სპარტაკს" ვუნდივარ, მე მზად ვარ, თუ არადა, მოვძებნი კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტებს. პრინციპში, ძალების ევროპაში მოსინჯვა მსურს. ტოპ-კლუბებში, "რეალში", "ბარსელონაში" ახლა არავინ დამიძახებს, მაგრამ სხვა გუნდებში შეიძლება დამკვიდრების ცდა.

მაგრამ, მგონი, შორს წავედით, ახლა ჩემი მიზანი "როსტოვში" წარმატებული თამაშია.

- მოგვიყევით თქვენს გზაზე დიდ ფეხბურთში...
- ქობულეთში დავიბადე. მამა ჯერ ფეხბურთელი იყო, მერე მწვრთნელი. ამბობენ, ფეხბურთისადმი ინტერესი 4 წლის ასაკში დამეწყო, მაღაზიაში სათამაშოებს შორის წითელი ბურთი ამოვარჩიე. ამის მერე მამა მავარჯიშებდა. 3 წლის განმავლობაში დილაობით ზღვის პირას გავდიოდით და ვვარჯიშობდით. პირველ რიგში, ბურთის სწორად დარტყმას ვსწავლობდი. ნებისმიერ ამინდში ვვარჯიშობდი, წვიმაში, ქარში თუ თოვლში.

რომ არა მამა, ალბათ, დიდ ფეხბურთს ვერ ვითამაშებდი. 7-დან 12 წლამდე ადგილობრივ სკოლაში ვთამაშობდი, მერე კი ზურაბ ხიზანიშვილის ძმამ ნახა ჩემი თამაში, მოვეწონე და "ნორჩ დინამოში" წამიყვანა, სადაც წელიწად-ნახევარი დავყავი.

- როგორ მოხვდით კიევის "დინამოში"?
- ამ საქმეში მონაწილეობდა რევაზ ჩელებაძე. 13 წლის ვიყავი, ჩელებაძემ თავისი შვილი და მე "დინამოში" სინჯებზე მიგვიყვანა. კიეველთა სკოლაში მხოლოდ მე დავრჩი, იქ წელიწადზე ოდნავ მეტი დავყავი. 2007 წლის ივლისში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში გამომიძახეს, რუსეთის წინააღმდეგ. ეს შეხვედრა მოსკოვში გაიმართა. კარგად ვითამაშე, 2:1 მოვიგეთ და გამარჯვების გოლი გავიტანე.

ცოტა ხანში ჩელებაძემ მითხრა, რომ ჩემით "სპარტაკი" დაინტერესდა და სად გირჩევნია თამაშიო. ვუპასუხე, რომ მის გადაწყვეტილებას მივენდობოდი. მალე წავედით მოსკოვში და "სპარტაკთან" ხელშეკრულება გავაფორმე.

- შეგიძლიათ კიევური და მოსკოვური კლუბების შედარება?
- კიევში მხოლოდ სკოლაში ვვარჯიშობდი, დუბლებთანაც არ მივარჯიშია. ასე რომ, ვერ შევადარებ. "სპარტაკში", როგორც კი 16 წლის გავხდი, ახალგაზრდულ გუნდში დავიწყე თამაში.

- საერთო ჯამში, "სპარტაკში" 5 წელი გაატარეთ. რით დაგამახსოვრდათ ეს პერიოდი?
- როცა ვალერი კარპინი მოვიდა, პირველ გუნდში გადამიყვანეს და იქ ძალიან ბევრი სამახსოვრო მატჩი ჩავატარე. 16 წლისამ რუსეთის თასზე "კრასნოდარს" გავუტანე, ოქტომბერში უკვე ჩემპიონატში შევაგდე "ლოკომოტივის" კარში. მაშინ 17 წლის და 8 დღის ვიყავი და გავხდი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც რუსეთის ჩემპიონატში გოლი გაუტანია.

კარგს ცუდი ცვლიდა, ტრავმები, ოპერაცია, მამა გარდაიცვალა... მე ის ახლაც ძალიან მაკლია. ვგრძნობდი, როგორ ვკარგავდი საკუთარი ძალების რწმენას. მაშინ მტკიცედ გადავწყვიტე, სათამაშო პრაქტიკისთვის სხვაგან უნდა გადავსულიყავი. "როსტოვმა" ამის შანსი მომცა. ყველას მინდა დავუმტკიცო, რომ კარგი ფეხბურთელი ვარ.

- რუსულ ფეხბურთში ფიზიკურ მზადყოფნას დიდ ყურადღებას აქცევენ, თქვენ კი დიდი გაბარიტებით არ გამოირჩევით...
- რუსეთში მართლაც ძნელია. აი, ევროპაში ჩემნაირი აღნაგობის ფეხბურთელები ბლომადაა. ესპანეთში, იტალიაში, ჰოლანდიაში, ყველგან არიან ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც ჩემნაირი აღნაგობა აქვთ და წარმატება მოაქვთ თავიანთი კლუბებისთვის. ისინი ტექნიკის, სისწრაფისა და სისხარტის წყალობით სჯობნიან მეტოქეებს.

ვიცი, რომ უნდა მოვუმატო ფიზიკურად, ამაზე ვმუშაობ კიდევაც, მაგრამ ალბათ ვერასოდეს შევიცვლი თამაშის სტილს. რა საჭიროა? შემიძლია ნებისმიერ ფლანგზე თამაში და ფორვარდების უკანაც, მარცხნივ უფრო მიყვარს თამაში, თუმცა ცაცია არ ვარ.

- ჩვენი ჩემპიონატის დონეზე რას იტყვით?
- დონის განსაზღვრის მთავარი ინდიკატორი ევროთასებია. "სპარტაკი" უკვე გამოვარდა, "ყუბანი" წარუმატებლად ასპარეზობს, "ზენიტს" მხოლოდ ქულა აქვს, არადა, ეს გუნდი ჩემპიონატში ყველას ანადგურებს. ყველაზე უკეთ "რუბინი" ასპარეზობს. საერთო ჯამში, რუსულ კლუბებს ჯერ არ შეუძლიათ ევროპაში ბოლომდე თავიანთი სათქმელის თქმა. არ ვამბობ, რომ დონე ცუდია, უბრალოდ, აქ არ არის ლამაზი ფეხბურთი, როგორც ეს მოწინავე საფეხბურთო ქვეყნებშია. ხანდახან ცუდ მოედნებზე ვთამაშობთ, ხშირად არის ნახევრად ცარიელი ტრიბუნები. ჩემი აზრით, სანახაობას ასუსტებს ის, რომ რუსეთში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა კარის დაცვას.

- როგორი აზრის ხართ ლეგიონერებზე დაწესებულ ლიმიტზე?
- ფორმულირება 7+4 სჯობს 6+5-ს, თუმცა ლიმიტი სულ რომ გააუქმონ, დიდებული იქნება. მესმის, რომ ამით იცავენ რუს ფეხბურთელებს, რომელთაც თამაში სურთ. თავის დროზე "სპარტაკი" რუსეთის მოქალაქეობას მთავაზობდა, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან ქართველი ვარ და საქართველოს ნაკრებში თამაში მსურს. ეს რომ არა, ჩემპიონატში უფრო გამიადვილდებოდა თავის გამოჩენა.

- რუსეთი საფეხბურთო ქვეყანაა?
- ერთგვარი პასუხი არ მაქვს. "სპარტაკი" ბევრგან უყვართ და ქომაგობენ. სხვა კლუბებში კი ისეთი სიტუაციაა, ხშირად გრანდების გამო დადის ხალხი და არა თავიანთი გუნდების საგულშემატკივროდ. რუსეთის ნაკრებმა ევრო 2008-ზე დაამტკიცა, რომ ფეხბურთის თამაში შეუძლია.

მას მერე ბევრი ვარსკვლავი გადავიდა ევროპაში, მაგრამ იქ ფეხი ვერ მოიკიდეს. არშავინს მეტისთვის უნდა მიეღწია - მახსოვს, პირდაპირ ეთერში ვნახე, როგორ გაუტანა მან 4 გოლი "ლივერპულს", ეს იყო საოცრება! ახლა რუსეთში მაღალი კლასის ფეხბურთელები მოდიან და ეს ტურნირის დონეს ამაღლებს. აი, ევროპაში კი თითქმის ვერავინ მიდის და ეს ჩემთვის გამოცანაა. ადრე კი კარპინის, მოსტოვოის და სხვების თაობა ევროპაში ბრწყინავდა.

ასე იყო ქართულ ფეხბურთში, კალაძე "მილანში" იყო, კობიაშვილი "შალკეში" და ასე შემდეგ.

- როგორი მენტალიტეტის უნდა იყოს ფეხბურთელი, რომ სხვა ქვეყანას კარგად შეეწყოს?
- კალაძე ყვებოდა, რომ ლობანოვსკისთან ორი ვარჯიშის შემდეგ სახლში დაბრუნება სურდა, ისე გაუჭირდა დატვირთვების ატანა, მაგრამ ახლობლებმა ურჩიეს მოთმინება. მან "მილანთან" ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლება - სკუდეტო, ჩემპიონთა თასი. არცთუ დიდი ხნის წინ ჩატარდა მისი გაცილების მატჩი, რომელზეც მალდინი, კანავარო, ნესტა, რუი კოშტა და სხვა ვარსკვლავები ჩამოვიდნენ თბილისში.

ეს ჩემთვის კარგი მაგალითია. ვცდილობ, ასევე მოვიქცე მეც რუსეთში და ევროპაშიც, თუ იქ გადასვლის შანსი მომეცემა.

- ევროპის რომელი ჩემპიონატი მოგწონთ?
- ესპანეთის, იტალიის და ინგლისის ჩემპიონატებს ვუყურებ. ესპანური ლიგა ყველაზე მეტად მომწონს. 5 წლის ასაკიდან "ბარსას" ფანი ვარ და მის თამაშებს არ ვაცდენ. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი რონალდოა. ბრაზილიელს მაშინაც ვგულშემატკივრობდი, როცა ის "რეალში" თამაშობდა.

- საქართველოს ჩემპიონატს თუ ადევნებთ თვალყურს?
- კი, ვადევნებ. შემიძლია ვთქვა, რომ სანამ საქართველოს ჩემპიონატი არ მომძლავრდება, ნაკრებს გაუჭირდება. ჩვენ მეტი სტაბილურობა გვჭირდება. შეგვიძლია საფრანგეთს ბრძოლაში არაფერი დავუთმოთ და მერე წავაგოთ ფინეთთან. მონდომება არ გვაკლია, აი, კლასი - კი... ნაკრების წევრთა 90% ლეგიონერია, მაგრამ ისინი, ძირითადად, რუსეთსა და უკრაინაში თამაშობენ. ძლიერ ევროპულ ქვეყნებში ნაკრების წევრები, სამწუხაროდ, არ თამაშობენ.

როცა ეროვნული ჩემპიონატი წელში გასწორდება, მას ტელერეიტინგი ექნება, ხალხი ივლის სტადიონებზე, მაშინ დაიწყებს ნაკრები კარგად თამაშს. აი, ამ საკითხებზე უნდა იმუშაონ ფეხბურთის ფედერაციაში.

- როდის გამოიჩენენ თავს ქართული კლუბები ევროთასებზე?
- დღეს ჩვენი მოწინავე კლუბების მიზანი ევროპალიგის ან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა. წლეულს ახლოს იყვნენ მიზანთან "დინამო" და "დილა". სამწუხაროდ, არ გამოვიდა. ჩვენი კლუბებისთვის კარგი მაგალითი უნდა იყოს ბატე. ბელორუსის ჩემპიონატი საქართველოსას არაფრით სჯობს, თუმცა ბატე ახერხებს რეგულარულად ევროთასებზე წარმატებულ თამაშს.

- საქართველოში ტალანტი ყოველთვის ბევრი იყო. რატომ აღარ იწვევენ ქართველ ფეხბურთელებს ევროპაში?
- როცა ახალგაზრდულში ვთამაშობდი, ხშირად მესმოდა, რომ ბიჭების უმეტესობას კარგი წინადადებები ჰქონდათ, თუმცა მერე ისინი რუსეთსა და უკრაინაში მიდიოდნენ სათამაშოდ. ჩემი აზრით, სჯობს ევროპაში სცადო, ქართველისთვის ასე უფრო ადვილი იქნება.

- რას იტყვით ეროვნული ნაკრების პერსპექტივაზე?
- თემურ ქეცბაიამ აქცენტი ახალგაზრდობაზე გააკეთა. ცხადი იყო, რომ ესპანეთისა და საფრანგეთის მეზობლად ძნელი იქნებოდა ჯგუფიდან გასვლა, შეუძლებელიც. ამიტომ ამოცანა ასეთი იყო: გუნდის შექმნა, რომელიც ევრო 2016-ის საგზურის მოპოვებისთვის იბრძოლებს. ჯერ არ ვიცით, ვინ გვეყოლება მეტოქედ, მაგრამ მიზანი გვაქვს - ევროპის საუკეთესო 24 გუნდში მოხვედრა.

- ფეხბურთის გარდა, რას უკავია ადგილი თქვენს ცხოვრებაში?
- კინოში სიარული მიყვარს, მაგიდის ჩოგბურთის და ბილიარდის თამაში. რუსეთში მეგობრებთან ერთად ქართულ რესტორნებში დავდივარ. საქართველოში კი ყველაზე მეტად სახლში ყოფნა მიყვარს. და კიდევ, ცნობილი ფეხბურთელების მაისურებს ვაგროვებ.

- რამდენია თქვენს კოლექციაში?
- 10-ზე მეტი. "ბარსელონასთან" მატჩში მაისურა დანი ალვეშს გავუცვალე, "ჩელსისთან" - ჯონ ტერის. მაქვს ბენზემას, ჩავის, კანავაროს მაისურები. ფეხბურთს რომ თავს დავანებებ, მუზეუმივით მოვაწყობ ერთ ოთახს და იქ გამოვკიდებ ყველას, მაგრამ ჯერ იქამდე შორია.

- ნათესავებთან ხშირად ურთიერთობთ?
- სამწუხაროდ, ვერა. სეზონის განმავლობაში დასვენება თითქმის არაა. დეკემბერში აუცილებლად სახლში მივდივარ და თითქმის მთელ შვებულებას სახლში ვატარებ.

- როსტოვს უკვე მიეჩვიეთ?
- ქალაქს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ საყვარელი ადგილები უკვე მაქვს. ქუჩაში იშვიათად მცნობენ და ეს მახარებს, თავს თავისუფლად ვგრძნობ. თუმცა ავტოგრაფებსა და ფოტოს გადაღებაზე უარს არავის ვეუბნები.

ასევე იხილეთ:
დღეს ჩემი ოჯახი განსაცდელშია! - ჯანო ანანიძე ნაკრებს ესპანეთში ვერ დაეხმარება
ჯანო ანანიძე 21 წლის გახდა
მკითხველის კომენტარები / 4 /
ოჯახური პრობლემები გადალახა ჯანომ?
mirian
13:26 21-10-2013
0
ჯანოს ნაკრებში გოლი აქ გატანილი ხო არ იცით?
qartveli
09:34 21-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული