ჭანტურია გიორგი დევდარიანის იმ 17-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი აქტიური წევრი გახლდათ, შარშან ელიტრაუნდში რომ იასპარეზა.
"თავიდან ვასილ მაისურაძის ნაკრების წევრი ვიყავი, მაგრამ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე არ ვყოფილვარ, მხოლოდ გაფართოებულ სიაში მოვხვდი. დევდარიანთან კი ვითამაშე", - გვიყვება ჭანტურია.
მან ვარჯიში თბილისში, საფეხბურთო სკოლა "ოლიმპში" დაიწყო:
"ძალიან კარგი მწვრთნელი და პიროვნება, შოთა ჭეიშვილი მავარჯიშებდა, მაგრამ მერე თბილისის "ლოკომოტივმა" "ბარსელონასთან" თანამშრომლობის პროექტი წამოიწყო,
ამ კლუბში 10 წლიდან დიმიტრი თოფურიძე მავარჯიშებდა და თამამად ვიტყვი - მისი გაზრდილი ვარ.
ჩემთან ერთად თამაშობდნენ ნიკა ჭანტურია, მათე ცინცაძე, გიორგი გაბაძე, დათო დარციმელია, დათო ჯიქია - მიხარია, რომ ჩემმა მეგობრებმა თავიანთი სიტყვა შარშან ევროპის ჩემპიონატზეც თქვეს და მჯერა, უფრო მაღალ დონეზე თამაშსაც შეძლებენ. საამისოდ თითოეულ მათგანს დიდი შესაძლებლობა გააჩნია".
"ემპოლის" ქართველი თავდამსხმელი გვიყვება, როგორ მოხვდა იტალიაში:
"იტალიელი მწვრთნელი ჯანი კარნევალე გემახსოვრებათ, რომელიც ადრე "ვიტ ჯორჯიასა" და ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი იყო. სწორედ მას მოვეწონე და "ემპოლიში" სინჯებზე წასვლა შემომთავაზა.
ეს 2011 წელს მოხდა და მას შემდეგ იტალიაში ვთამაშობ.
სამწუხაროდ, კარნევალე ცოტა ხნის წინათ გარდაიცვალა. გარდა იმისა, რომ ჩემს წინსვლაში დიდი წვლილი მიუძღვოდა, კარგი ადამიანიც იყო".
რომანი ამბობს, რომ "ემპოლისთან" ადაპტაციაში ლევან მჭედლიძე დაეხმარა:
"აქამდე ლევანი ჩემთვის აბსოლუტურად უცხო ადამიანი გახლდათ, მაგრამ გუნდში მისულს ისე დამეხმარა, ისეთ ყურადღებას მაქცევდა, თითქოს, ნათესავი ან პატარა ძმა ვიყავი. ასევე იყო ირაკლი შეყილაძეც.
მათ ძალიან ვემადლიერები, რადგან უცხო ქვეყანაში, უცხო კლუბში, სადაც ენაც კი პრობლემა იყო, მათ ხელი შემიწყვეს და პირველი პერიოდის სირთულეები ადვილად გადამატანინეს.
სხვათა შორის, ბოლო დროს ნაკრებთან დაკავშირებული უსიამოვნება მისთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო.
რა იყო და როგორ, ეს ხალხმა არ იცის, მაგრამ ლევანს რომ ნაკრებში თამაში და შეკრებაზე ჩამოსვლა უხარია, ეს ჩემზე კარგად ბევრმა არ იცის".
...და მთავარი - რომან ჭანტურია "ემპოლის" ძირითად გუნდში ვარჯიშობს:
"მართალია, 17 წლის ვარ, მაგრამ "ემპოლის" დუბლშემადგენლობაში ვთამაშობ და ძირითად გუნდში ვვარჯიშობ, მეტი გამოცდილება რომ მივიღო და გავიზარდო. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
რა თქმა უნდა, ჯერ ძირითადში თამაშის შანსი არ მაქვს, რადგან ორი გამოცდილი ფორვარდი გვყავს - ფრანჩესკო ტავანო და მასიმო მაკარონე, პლუს მჭედლიძე".
რომანი მხოლოდ 17 წლისაა და უცნაურია, ქართველი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში რომ თამაშობს. არაევროკავშირელებს ხომ ამის გამო მუდმივად პრობლემები ექმნებათ. თურმე, ჭანტურიას ეს პრობლემა მოუგვარეს:
"უკვე ერთი წელია, რაც იტალიაში მუშაობის უფლება მივიღე. მალე ეს პრობლემა მამაჩემსაც მოეხსნება და ხელს აღარაფერი შემიშლის. მთავარი მაინც ისაა, რომ საქართველოდან ასეთ საფეხბურთო ქვეყანაში გადასვლა მოვახერხე და იმედია, იტალიაში ბევრს ვისწავლი, გავიზრდები და ადრე თუ გვიან ეროვნულ ნაკრებშიც ვითამაშებ.
ყოველ შემთხვევაში, საამისოდ შრომა არ მეზარება - იტალიაში თამაში კი, 17 წლის ასაკში, დიდი შანსია და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უკვე იტალიურიც მშვენივრად ავითვისე, თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს იოლად ვეკონტაქტები და ამით ბევრი ისეთი პრობლემა მომეხსნა, რომლის გარეშეც ყველაზე კარგი ფეხბურთელიც თავს ვერ გამოავლენდა".
ჭანტურიები ქართულ ფეხბურთში ისე მომრავლდნენ, არ გაგვიკვირდეს, თუკი ერთ მშვენიერ დღეს ეროვნულ ნაკრებში ამ გვარის რამდენიმე მოთამაშე გამოჩნდება:
"ფეხბურთში დასაქმებული არც ერთი ჭანტურია ჩემი ნათესავი არ არის. მხოლოდ ნიკას ვიცნობ და ვმეგობრობთ კიდეც.
სამწუხაროდ, სხვა ჭანტურიებს არც ვიცნობ, მაგრამ როცა ჩემი მოგვარეების წარმატებებს ვიგებ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მახარებს და მეამაყება - ერთი "ვიტესშია", ნიკათი თვით "არსენალი" იყო დაინტერესებული, მე კი იტალიაში ვარ. მწვრთნელებიც სერიოზულ დონეზე მუშაობენ...
თუ ერთად მოგვიწევს თამაში, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება", - ამბობს რომან ჭანტურია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"