ლეგიონის უქმეები: ლევან მჭედლიძის მონატრებული გასროლა [VIDEO]

AutoSharing Option
ქართული ლეგიონისთვის უქმეები ვერ გამოდგა უხვგოლიანი, სულ სამი გოლი ვიხილეთ: ერთი იტალიაში და ორი აზერბაიჯანში.

ასევე კარგი თამაშით და საგოლე პასით გამოიჩინა თავი გიორგი ილურიძემ ხორვატიაში.

პირველი გოლი და იმედი
სერია B-ში ლევან მჭედლიძის გოლს დიდხანს ველოდით - და აი, მე-11 ტურში, როცა "ემპოლი" "იუვე სტაბიას" ესტუმრა, 23 წლის ქართველმა ფორვარდმა ანგარიშს წერტილი დაუსვა - 2:0.

ეს ასე მოხდა: 75-ე წუთზე გამოსულმა მჭედლიძემ სამ წუთში ბურთი მასიმო მაკარონესგან მიიღო, საჯარიმოში შეიჭრა, ფიზიკურად დაჯაბნა მცველი და საკმაოდ მახვილი მარცხენა კუთხიდან გაიტანა.
"იუვე სტაბია" აუტსაიდერია, ხოლო "ემპოლი" 23 ქულით მეორეა და ელიტაში გადასვლას ეშურება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"პიანეტა ემპოლიმ" ლევანს 6,5 ბალი დაუწერა: "კარგად შემოვიდა. ფიზიკურ დუელში აჯობა მეტოქეს და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. ახლა ჩვენ მისგან ასეთივე შედეგიან გაგრძელებას ველით".

იტალიურ გამოცემას შედეგიანობა ტყუილად არ უხსენებია, ტრავმიანობის გათვალისწინების მიუხედავადაც, შედეგიანობა ლევანის "აქილევსის ქუსლია". ჩემპიონატში ბოლოს მან 26 მაისს გაიტანა "ნოვარას" კარში (4:1). მაშინ ლევანი 84-ე წუთზე მაკარონეს ნაცვლად შევიდა და ბოლო წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ეს გასულ სეზონში მჭედლიძის ერთადერთი გოლი (22 თამაშში) იყო. ბოლო გოლი კი ლევანმა ოფიციალურ მატჩში 11 აგვისტოს, თასზე გაიტანა - "ზუდტიროლთან" დუბლი შეასრულა.

ლევან მჭედლიძის შედეგიანობა
სეზ. ჩემპ. გუნდი თამ. გოლი
08/09 სერია A პალერმო 9 1
09/10 სერია A პალერმო 2 0
10/11 სერია B ემპოლი 20 2
11/12 სერია B ემპოლი 26 2
12/13 სერია B ემპოლი 22 1
13/14 სერია B ემპოლი 8 1
სულ 87 7

ბაჩანას თავურით
აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში 2 ქართული გოლი გავიდა - XI ტურის შაბათის მატჩში "ინტერი" აზალ-ს ესტუმრა და 2:0 მოუგო.

68-ე წუთზე ანგარიში "ინტერის" მწვრთნელის ვაჟმა, 26 წლის ბაჩანა ცხადაძემ გახსნა. ეს ჩვენებურის მე-4 გოლია (9 მატჩში) და ბომბარდირთა დავაში დაწინაურებულ ლიტველ მინდაუგას კალონასს ("ბაქი") მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება.

კახა ცხადაძემ კარი ვეტერან გიორგი ლომაიას ანდო, მოედანზე იყო ლაშა სალუქვაძეც, ბაჩანა 75-ე წუთზე შეცვალა, ხოლო ალექსანდრე იაშვილი, რომელმაც რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა, სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

"ინტერს" მხოლოდ 13 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა, თუმცა აზერბაიჯანში პირველი სამეულია წინ გაჭრილი და 2 გუნდი - ჩამორჩენილი, დანარჩენებს კი თითქმის ერთნაირი სატურნირო მდგომარეობა აქვთ.

კვირას კიდევ ერთი ჩვენებური გამოირჩა გოლით - ნიკოლოზ გელაშვილის "ყარაბაღმა" სტუმრად "ხაზარი" გაანადგურა - 3:0.

73-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ჩვენებურმა დააფიქსირა, რომელიც მოედანზე ახალი შესული იყო. ეს მისი მე-3 გოლია ჩემპიონატში.

გიორგი ჩიხრაძის "სიმურგი" "ნეფთჩის" დაუზავდა - 0:0.

კობის შანსი არ მიეცა
ლევან კობიაშვილი "ალიანს არენაზე" "ჰერტას" სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა 5-გოლიან თრილერში (3:2 "რეკორდმაისტერის" სასარგებლოდ) არ უთამაშია.

არც მეორე ბუნდესლიგაში უთამაშია ჩვენებურს - მაიკ ბიუსკენსმა განაცხადში არ შეიყვანა ლევან ყენია, "ფორტუნამ" კი შინ 1:6 წააგო "პადერბორნთან".

ამით დაიმსხვრა მითი, თითქოს "ფორტუნა" ყენიას გარეშე უკეთ თამაშობს.

მოკლედ, ამ უქმეებზე გერმანიაში ჩვენებურებს არ უთამაშიათ, რადგან არც მესამე ბუნდესლიგელი ლუკა ჰუფნაგელი გამოჩენილა.

პორტუგალიაში აღარ ხუმრობს ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტე". ქართველის გუნდმა სტუმრად "რიუ ავეს" მოუგო - 1:0.

ჩვენებური 4-3-3 სქემაში მარცხენა შემტევად ათამაშეს. პირველ ტაიმში ავთო გააფრთხილეს, ხოლო 93-ე წუთზე დროის გაყვანის მიზნით შეცვალეს.

ჰოლანდიაში "ვიტესმა" ხელიდან გაუშვა გამარჯვება - ქართული ტრიოს გუნდი "გრონინგენს" 75-ე წუთამდე 2:0-ს უგებდა და შეხვედრა 2:2 დასრულდა.

მხოლოდ გურამ კაშიამ ითამაშა (90 წუთი), ვალერი ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია სათადარიგოები იყვნენ.

პოლონეთში "ლეგია" "ლეხს" ესტუმრა და 1:1 დაუზავდა. სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ლადო დვალიშვილმა.

"ლეგია" 28 ქულით პირველია, თუმცა მას ქულებით "გურნიკი" დაეწია.

ილურიძის საგოლე
რუსეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში მოსკოვის "სპარტაკმა" "როსტოვს" 2:0 მოუგო. ამ მატჩში თამაშის უფლება არ ჰქონდა ჯანო ანანიძეს, რადგან ის "სპარტაკის" საკუთრებაა.

ტური კი ალექსანდრე ამისულაშვილის "კრილია სოვეტოვისა" და "ვოლგას" თამაშით დაიწყო - ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა 2:2 დასრულებულ შეხვედრაში (5,5 ბალი "ჩემპიონატ.რუ"-სგან).

"რუბინის" და "ლოკომოტივის" მატჩში (1:2) 88-ე წუთზე ესპანელი ივან მარკანო საბა კვირკველიამ შეცვალა. 21 წლის ქართველი ჩემპიონატში მეოთხედ გამოჩნდა, მესამედ - შეცვლაზე.

გია გრიგალავას "ანჟი" 28 ოქტომბერს თამაშობს.

I დივიზიონში ქართველთა "სკა ენერგია" სტუმრად მოსკოვის "ტორპედოსთან" 0:1 დამარცხდა. გიორგი ნავალოვსკისა და გოგიტა გოგუას არ უთამაშიათ.

"ალანიამ" 2:1 მოუგო "ნეფტეხიმიკს". არც აქ უთამაშიათ ჩვენებურებს. თუ გოჩა ხოჯავა ისევ ტრავმირებულია, "ალანიას" ფორვარდი ოთარ მარცვალაძე უკვე სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

ნალჩიკის "სპარტაკმა" 3:0 მოუგო სანკტ-პეტერბურგის "დინამოს". გამარჯვებულთა რიგებში 65-ე წუთამდე ითამაშა დავით სირაძემ.

აკაკი ხუბუტიას
"მორდოვიამ" "სიბირს" უმასპინძლა. ქართველი მცველი სასტარტოში იყო.

ფინეთში ტურკუს "ინტერი" შინ 1:2 დამარცხდა "ჰონკასთან". ირაკლი სირბილაძემ მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა. ქართველის გუნდმა ჩემპიონატი 40 ქულით მე-9 ადგილზე დაასრულა.

უკრაინული პრემიერლიგის მორიგ ტურში სასტარტოში მხოლოდ სევასტოპოლელმა მათე ღვინიანიძემ ითამაშა. "დნიპროს" რიგებში შეცვლაზე ითამაშეს ჯაბა კანკავამ და სანდრო კობახიძემ.

"სევასტოპოლმა" "ვოლინს" 2:1 მოუგო, მათემ კი 90 წუთი ითამაშა. ვფიქრობთ, ქართველთა უთამაშებლობა ამ ქვეყანაში უკვე შემაშფოთებელი ხდება.

ლატვიაში თამაზ პერტაიას "სკონტომ" შინ მოუგო "მეტალურგსს" - 2:1. გამარჯვებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა ირაკლი კლიმიაშვილმა, ხოლო ლადო დათუნაშვილი სათადარიგო იყო.

"დაუგავამ" სტუმრად უქართველებოდ სძლია "იურმალას" - 3:0, ხოლო "ილიუკსტე" "ვენტსპილსთან" 0:5 შერცხვა. წაგებულებში ჯალიაშვილმა, ტუხაშვილმა და ხუმარაშვილმა ითამაშეს, გამარჯვებულებში კი თარხნიშვილი სათადარიგო იყო.

ხორვატიაში გიორგი ილურიძის "ჰაიდუკი" 30 ქულით ლიდერობს, თუმცა ზაგრების "დინამოსაც" ამდენივე ქულა აქვს.

37-ე წუთზე მარკო ბენკუნმა სწორედ ილურიძის პასით გახსნა ანგარიში ზაგრების "ლოკომოტივასთან" მატჩში, რომელიც მასპინძლებმა 3:1 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ ქართველი შემტევი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული