შოთა არველაძე: ვან გაალი საქართველოს ნაკრებში შეცვლის ძალიან ბევრს, ყველაფერს...

AutoSharing Option
შოთა არველაძის "ქასიმფაშა" ამ დროისთვის თურქეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ვფიქრობ, ეს საკმარისი მიზეზი იყო იმისთვის, რომ ჩვენებურ სპეციალისტს თურქეთში შევხმიანებოდით.

არველაძეს არაერთ საკითხზე ჩამოვუგდეთ სიტყვა.

უკვე შეიძლება თქმა, რომ ის საინტერესო მწვრთნელია, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატად არ განიხილება.

მას აქვს საკუთარი შეხედულება ჩვენს ნაკრებზე, რაც, ალბათ, საინტერესოა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის...

- "ქასიმფაშა" თურქულ სუპერლიგაში მეორე ადგილზეა, თუმცა სეზონი და მთავარი ბრძოლები ჯერაც წინაა. მიუხედავად ამისა, თუ ამჩნევთ პერსპექტივას, რომ "ქასიმფაშამ" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს?
-
ჯერ არ ვართ იმისთვის მზად, რომ "გალათასარაის" და "ფენერბაჰჩეს" ვეჭიდაოთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საამისოდ ყველაფერს არ გავაკეთებთ.

- ალბათ, "ქასიმფაშას" ფინანსურად ჯერ არ აქვს შესაძლებლობა, რომ ამ კლუბებს გაუტოლდეს...
- ამდენ შემოსავალს სჭირდება ძალიან ბევრი გულშემატკივარი და მაღალი შედეგები...

- ერთი პერიოდი, ქართველი მწვრთნელის მიყვანას აპირებდით "ქასიმფაშაში" თქვენს ასისტენტად. გადაიფიქრეთ?
- არ გადამიფიქრებია, უბრალოდ, შესაბამის მომენტსა და კანდიდატურას ვარჩევ.

- საიდუმლოა, რომელი ქართველი მწვრთნელის მიწვევას აპირებდით?
- რამდენიმე კანდიდატურას განვიხილავდი. ვნახოთ... ამ საკითხზე ისევ ვფიქრობ.

- და ქართველი ფეხბურთელის მიწვევას რატომ აღარ აპირებთ თქვენს გუნდში? ნუთუ ვერ მოძებნეთ ისეთი მოთამაშე, რომ "ქასიმფაშას" გამოადგეს?
- ჯერ ვერა. ახლა რომელ პოზიციაზეც გვიჭირს, საამისოდ არც ერთი ქართველი ფეხბურთელი არ მომწონს, რომ მოვიწვიო.

- ქართველ ფეხბურთელებზე ჩამოვარდა სიტყვა და, ბარემ, ჩვენს ნაკრებზეც გკითხავთ. როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად მაინც რამ შეუშალა ხელი თემურ ქეცბაიას?
- არ ვიცი, შორიდან ძალიან რთულია ამ თემაზე ლაპარაკი.

- ქართველი თუ უცხოელი მწვრთნელი - რომელი სჯობს საქართველოს ეროვნული გუნდისთვის? ზოგს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მწვრთნელის ეროვნებას სწორედაც აქვს მნიშვნელობა...
- არა მგონია, პასპორტსა და ეროვნებას მნიშვნელობა ჰქონდეს ამ შემთხვევაში.

- ამ დროისთვის რომელი ქართველი მიგაჩნიათ ყველაზე საინტერესო მწვრთნელად საქართველოში?
- გია გეგუჩაძე, გიორგი დევდარიანი, ახალგაზრდა მწვრთნელები...

- საქართველოს ნაკრებმა არაერთი სახელიანი უცხოელი მწვრთნელი გამოიცვალა, თუმცა ამას ჩვენთვის სასურველი შედეგი არ მოუტანია. დავუშვათ, ლუის ვან გაალი დაინიშნა ჩვენი ნაკრების თავკაცად. როგორ ფიქრობთ, ამით მნიშვნელოვნად შეიცვლება ყველაფერი?
- ეს შეცვლის ძალიან ბევრს, ყველაფერს...

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებზე, დიდი ალბათობით, რევაზ არველაძეც წამოაყენებს კანდიდატურას. გამარჯვების შემთხვევაში რას ურჩევდით საკუთარ ძმას,  როგორ უნდა მოაგვაროს ეროვნული ნაკრების პრობლემა?
- პირველ რიგში, ვურჩევ, გამოიჩინოს ნებისყოფა და მოთმინების უნარი, არ შეუშინდეს სწრაფ და საჭირო გადაწყვეტილებებს.

- ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატები, ალბათ, სხვებიც იქნებიან. ბევრი მიიჩნევს, რომ თქვენი ძმა საუკეთესო კანდიდატი იქნება. რა შეიძლება ამყარებდეს ამ მოსაზრებას?
- ალბათ, ის, რომ უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა, ყველაფერში კარგად არის ჩახედული, იცის ადამიანებთან ურთიერთობა, არ უძნელდება კომუნიკაცია, აქვს ავტორიტეტი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ და, რაც ყველაზე მთავარია, არის პატიოსანი, სანიმუშო ოჯახის შვილი.

- ფაქტია, საქართველომ ფეხბურთში დაკარგა ლიდერის ფუნქცია კავკასიაში. აგერ, სომხეთის ნაკრებმა გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენა ამ შესარჩევში, ვიდრე საქართველომ. ამაზე რას იტყოდით?
- რუსეთსა და უკრაინას თუ არ მივიღებთ მხედველობაში, არც სომხეთი, არც აზერბაიჯანი და ყოფილი საბჭოეთის სხვა დანარჩენი ქვეყნები ვერ გვჯობნიან. არ ხდება იქ რაიმე განსაკუთრებული და ახალი, რაც ჩვენ უნდა გადმოვიღოთ.

რაც შეეხება სომხეთს, უბრალოდ, ბოლო 40 წლის განმავლობაში პირველად გამოუჩნდა მსოფლიო დონის რამდენიმე ფეხბურთელი და კიდევ რამდენიმე კარგი მოთამაშე. ამიტომ აქვთ პატარა წარმატება, რაც ჩვენ დიდი ხნის წინ გვქონდა, ამაზე მეტიც.

ახლა გამოჩნდა მხითარიანი. იქაც ოდესმე ხომ უნდა დაბადებულიყო ამ დონის ტალანტი? ჩვენ ასეთი ჯერ არ გვყავს, მაგრამ აუცილებლად გვეყოლება.

- რას ჩათვლიდით მწვერვალად თქვენს სამწვრთნელო კარიერაში - წარმატების მიღწევას რომელიმე დასავლეთევროპულ გუნდში თუ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში?
- საქართველოს ნაკრებში წარმატება ჩემთვის მეორედ მოსვლა იქნება, ყველა იმ ჯილდოს საფასური, რაც კი მომიპოვებია ფეხბურთში. ამიტომ, არა მგონია, რომ ამას რამე სჯობდეს. უბრალოდ, ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება.

- ქართულ ფეხბურთში ყველაზე უფრო რა გაღიზიანებთ?
- უნიჭობა. მაგრამ არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ ზოგადად, ყველაფერში. ეს მაღიზიანებს ყველაზე მეტად.

- "ფონდი არველაძე", პირველ რიგში, იმისთვის შეიქმნა, ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებს რომ შეუწყოს ხელი. გეგმავთ ახალ პროექტებს?
- ყველა იმ პროგრამას ვაგრძელებთ, რაც დავიწყეთ და საკმაოდ წარმატებითაც. 10 ნოემბერს ამ ფონდს 9 წელი უსრულდება და პატარა პრეზენტაციასაც მოვაწყობთ, რომელზეც "ფონდი არველაძის" საქმიანობაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
დაბლოკეთ ხო დაბლოკეთ სიმართლს მოსმენა არავის გინდათ. ****
fani
11:07 05-11-2013
0
******* არ ეშველება ქართულ ფეხბურთს სანამ არველაძნები არ მოგვშორდება ყველა. აღარცვუყურებ საქართველოს არც ნაკრების და არც კლუბების თამაშებს. ქეცბაია ***
fani
10:24 05-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული