პაოკ-მა ალეკო ჩაკვეტაძეს კონტრაქტი გამოუგზავნა

AutoSharing Option
ალეკო ჩაკვეტაძის პაოკ-ში გადასვლა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.

მას მერე, რაც სახელგანთქმული ათენის აეკ-ი საბერძნეთის სუპერლიგიდან გავარდა, ხოლო "პანათინაიკოსი" მნიშვნელოვნად დასუსტდა, ეს ნიშა ნაწილობრივ სალონიკის პაოკ-მა შეავსო და "ოლიმპიაკოსის" შემდეგ დღეს ის ყველაზე ძლიერ ბერძნულ კლუბად მიიჩნევა.

ამაზე მეტყველებს მიმდინარე სეზონიც. სალონიკური კლუბი, რომელიც ვიცე-ჩემპიონიცაა, ბერძნულ სუპერლიგაში ამჟამად მეორე ადგილზეა - მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება "ოლიმპიაკოსს" და მთელი 7 ქულით უსწრებს მესამეადგილოსან "ატრომიტოსს".

პაოკ-ის მწვრთნელია ცნობილი ჰოლანდიელი სპეციალისტი ჰუუბ სტევენსი, რომელმაც 1997 წელს "შალკეს" უეფას თასი მოაგებინა...

"ლელო" უკვე წერდა, რომ სწორედ
პაოკ-ში ვარჯიშობდა ალეკო ჩაკვეტაძე - 18 წლის ქართველი მცველი, რომელიც ბერძნებმა ჯერ დუბლშემადგენლობაში გასინჯეს, შემდეგ ძირითადში და თბილისში დაბრუნებული ხელახლა გამოიძახეს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველმა სტევენსს თავი მოაწონა და პროფესიული კონტრაქტის გაფორმების პერსპექტივაც გაუჩნდა. ცოტა ხნის წინათ ამ ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად საბერძნეთში აგენტი გოგა გახოკიძე იმყოფებოდა.

"საკითხი დადებითად გადაწყდა. ბერძნებმა კონტრაქტის ასლი გადმომცეს და, სავარაუდოდ, ჩაკვეტაძე პაოკ-თან სამ ან ოთხწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

მართალია, მას კარგად არ იცნობდნენ, შთამბეჭდავი სანაკრებო სტატისტიკაც არ ჰქონდა, მაგრამ სტევენსი გამოცდილი მწვრთნელია და ალეკოს სახით პერსპექტიული ფეხბურთელი დაინახა",
- ამბობს გახოკიძე.

ჩაკვეტაძე თბილისის "იბერიის" პრეზიდენტ გუბაზ დოლიძის გაზრდილია და მისი ტრანსფერიც ამ კლუბს ეკუთვნის. 18 წლის მცველი ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრებში ირიცხებოდა და შარშან ბაქოში, "კასპიის თასზე" ესპანეთთან 1:1-ზე დასრულებულ შეხვედრაში გოლიც გაიტანა.

ახლა კი მაისურაძემ ის 19-წლამდელთა ნაკრების კანდიდატებშიც შეიყვანა, მაგრამ...

"ჩაკვეტაძეს კარგად ვიცნობ და ცხადია, ვიცოდით, რომ საბერძნეთში იმყოფებოდა. კონტრაქტის გაფორმებაზე მიდიოდა ლაპარაკი და არ მსურდა, კარიერულ წინსვლაში მისთვის ხელი შემეშალა. შეკრებაზე ამიტომაც არ გამოვიძახე, ელიტრაუნდში გასვლის შემთხვევაში კი შანსს აუცილებლად მივცემ",
- გვითხრა მაისურაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ალეკო ჩაკვეტაძე: სტევენსთან კარგი ურთიერთობა მაქვს და იმედია, პაოკ-ში ჩავირიცხები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული