ამ მატჩის წინ უკრაინაში დიდია საფეხბურთო აჟიოტაჟი. ამიტომაც გაზეთმა "კომანდამ" ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს ნაკრების წევრ ფეხბურთელებს, რომლებიც უკრაინაში თამაშობენ - ჯაბა კანკავას (დნიპრო) და დავით თარგამაძეს (ილიჩევეცი). რატომ ქართველებს? ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ უკრაინელებისთვის საინტერესო იყო ისეთ მოთამაშეებთან საუბარი, რომელთაც ახლახან ჰქონდათ ფრანგებთან თამაშის გამოცდილება.
- რამდენად რთული იყო ფრანგებთან თამაში?
ჯაბა კანკავა: - ფრანგები ესპანელები
აი, "სამფეროვნებთან" მატჩში კი ჩვენ ვგრძნობდით, რომ დადებითი შედეგის მიღწევა შესაძლებელი იყო. ეჭვგარეშეა, ფრანგთა კლასი პირინეელებისაზე დაბალია.
დავით თარგამაძე: - ფრანგებს ძლიერი გუნდი ჰყავთ, ძალიან ცოტა ნაკლით, რაც ეგრევე შევამჩნიე: ფრანგები ტემპს არასოდეს აგდებენ, არ აქვს მნიშვნელობა ანგარიშს, მუდმივად წინ მოდიან. პარიზში 3:1 იყო და მაინც განუწყვეტლივ უტევდნენ, ეს კი ძალიან ძნელი მოსანელებელია ნებისმიერი მეტოქისთვის.
- შინ და გარეთ ფრანგები სხვადასხვანაირად თამაშობდნენ?
ჯ.კ: - თბილისში უკვე ცნობილი იყო, რომ მეორე ადგილს დაიკავებდნენ. ვერ ვიტყვი, რომ ნაკლებად მოინდომეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კიევში ისინი გასამმაგებული ენერგიით გამოვლენ მოედანზე. შინ კარგად ვეთამაშეთ, დაცვაში ჩავუჯექით (4-5-1 სქემით ვითამაშეთ) და ორი საგოლე შანსიც გვქონდა. ბოლო ათ წუთში ფრანგები საგრძნობლად გააქტიურდნენ, თუმცა ასე იყო პარიზშიც.
დ. თ: - ორივე მატჩში ფრანგები თავადაც თამაშობდნენ და მეტოქესაც გვაძლევდნენ ამის საშუალებას. თბილისური მატჩის წინ მწვრთნელმა გვითხრა, დაცვაში მჭიდროდ გვეთამაშა და პირველივე ხელსაყრელ მომენტში კონტრშეტევა დაგვეწყო, მაგრამ ასეთ მეტოქესთან გამძლეობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ კი ძალები 75 წუთი გვეყო. მანამდე მწვრთნელის დარიგებებს ვასრულებდით; აი, მერე კი ძალიან გაგვიჭირდა. სტუმრად უფრო გაგვიჭირდა, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს დასანანი გოლი გავუშვით.
- ვის გამოყოფთ საფრანგეთის ნაკრებში?
ჯ.კ: - მთელი თამაში რიბერის მიჰყავს, ძალიან რთული იყო ჟირუს და ბენზემას წინააღმდეგ თამაშიც. ქარიმი ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენმა მეკარემ არ გაახარა. ძლიერ მხარეზე ვილაპარაკე და სუსტზეც ვიტყვი - მათმა საყრდენმა ნახევარმცველებმა ვერაფრით გამაკვირვეს. ჩემი აზრით, იგივე რუსლან როტანი უფრო მაღალი დონის ფეხბურთელია.
დ. თ: - მეტოქის მცველებიდან გამოვყოფ სანიას სუსტ თამაშს. მას არ აქვს ის სისწრაფე, რაც თანაგუნდელებს. სანიას წინააღმდეგ ჯერ ოქრიაშვილი თამაშობდა, მერე - მე. აბიდალი სხვებისგან გამოირჩეოდა, მაგრამ ყველაზე მაგარი მაინც რიბერია. ის თავბრუდამხვევად სწრაფია. ფრანკზე თამაშობს მთელი გუნდი, მათ შორის, ვალბუენაც.
- რას ურჩევდით უკრაინელ ფეხბურთელებს?
ჯ. კ: - ვფიქრობ, მოედნის შუაში უკრაინელები უკეთ თამაშობენ. მათთან თამაში და გოლზე ფიქრი შეიძლება.
დ. თ: - ჩვენ თქვენს მხარეს ვიქნებით. საჭიროა მჭიდროდ თამაში და მაღალი ტემპით ბოლომდე გაძლება, ფრანგებს ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა მისცეთ. ვფიქრობ, უკრაინელებს სწრაფ კონტრშეტევებზე შანსი ექნებათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"