"ლელო" უკვე წერდა, რომ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის "საბადელი" თბილისის "დინამოს" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ალექს გარსიას ჩააბარეს, ხოლო მან ასისტენტად ანდრეს კარასკო მიიწვია.
კარასკო იყო "მალაგას" საფეხბურთო სკოლის კოორდინატორი, თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის დირექტორი, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში კი "საბურთალოს" საფეხბურთო სკოლას ხელმძღვანელობდა.
კარასკო საბურთალოელებს დეკემბრის დასაწყისში დაემშვიდობა და ესპანეთში გაემგზავრა, მაგრამ მერე თბილისური კლუბის დირექციამ გაავრცელა ცნობა, რომ ესპანელი სპეციალისტი "საბურთალოსთან" ურთიერთობას გააგრძელდა.
"ლელო" ესპანეთში დაუკავშირდა კარასკოს, რომელმაც ეს ინფორმაციაც დაადასტურა და
"საბურთალოდან" "საბადელში" ჩემი გადასვლა საქართველოსთან კავშირის გაწყვეტას სულაც არ ნიშნავს. ჩემი, როგორც სკოლის მთავარი მწვრთნელის საქმიანობა და ფუნქცია ამით ჯერ არ ამოწურულა.
საფეხბურთო სკოლაში ესპანური სამწვრთნელო მეთოდოლოგიის დანერგვა წელიწადნახევრის წინ დავიწყე. ახლა კი "საბურთალოსთან" თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავდივარ.
ასაკობრივი გუნდებისა და პირველი ლიგის გუნდის სავარჯიშო პროგრამების შესრულებას ესპანეთიდანაც ვაკონტროლებ. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ეს ძალიან ადვილია".
ესპანელმა სპეციალისტმა ისიც დაგვიკონკრეტა, რას გულისხმობდა "საბურთალოსთან" თანამშრომლობის ახალ ეტაპში":
"ჩვენი ინტერესი სკოლაში ძლიერი თაობების გაზრდა და შემდგომ მათი ევროპულ ლიგებში წაყვანა იყო და არის. ამაში სკოლას ესპანეთიდან უკეთესადაც კი დავეხმარები.
დიდი შანსია, რომ "საბურთალოს" ნიჭიერი ფეხბურთელები ესპანეთში მოხვდნენ. შესაძლოა, ეს "საბადელი" არ იყოს, რადგან ახლა კლუბს ძალიან უჭირს და ალექს გარსიასთან ერთად, ჩვენი ამოცანაა, გუნდმა სეგუნდა დივიზიონში ადგილი შეინარჩუნოს.
მაგრამ უკვე ესპანეთის რამდენიმე სხვა გუნდს ველაპარაკე, "საბურთალოს" ფეხბურთელები რომ მიიწვიონ და მალე ამ მოლაპარაკებების შედეგიც გეცოდინებათ".
შეგახსენებთ, რომ შარშან, კარასკოს რეკომენდაციით, ესპანურ "მალაგაში" სტაჟირებაზე მიიწვიეს "საბურთალოს" ფეხბურთელები - ირაკლი ბიძინაშვილი და მეკარე ბექა ქურდაძე; აგრეთვე, თბილისის "ლოკომოტივის" შემტევი ნახევარმცველი გიორგი არაბიძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"