ლაშა ჯაკობიასა და ცნობილი ბელგიელი აგენტის, როჯერ ანგოტეს პარტნიორობაზე "ლელო" ადრეც წერდა: მათ რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი უცხოეთში წაიყვანეს. მაგრამ ახლა საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე ცნობილი ბელგიური კომპანიის, Vision Foot-ის წარმომადგენლად ოფიციალურად დაინიშნა.
როჟე ანგოტე მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით ადასტურებს, რომ ლაშა ჯაკობია წარმოადგენს კომპანიას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში და ამიერიდან, მას შეუძლია, Vision Foot-ის სახელით მოლაპარაკებები აწარმოოს.
"როჯერთან ახლო ურთიერთობა ბავშვობიდან მქონდა. ბელგიაში, "სტანდარდში", სწორედ მან წამიყვანა, კარიერის დასრულების შემდეგაც გვერდში დამიდგა და პარტნიორობა შემომთავაზა. მაგრამ ეს
მის კომპანიასთან 48 ფეხბურთელი თანამშრომლობს, რომლებიც თამაშობენ ბელგიაში, ინგლისში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში... მათ შორის, ბევრი ცნობილია - მორალესი, ლუკაკუ, კურტუა, მასაკო... ახლა სამუელ ბასტიენი "ჩელსიში" გადაჰყავთ.
მოკლედ, ცნობილი და გავლენიანი კომპანიაა", - ამბობს ჯაკობია და იქვე დასძენს, რომ მალე ბელგიაში რამდენიმე ქართველის წაყვანას აპირებს:
"ნიჭიერი ქართველი მოთამაშეების უმრავლესობა უცხოეთში თამაშობს. სამწუხაროდ, ეროვნულ ჩემპიონატში ბევრი საინტერესო ფეხბურთელი არც გვყავს, მაგრამ რამდენიმე მაინც არის და ახლა მათ ტრანსფერებზე ვმუშაობ.
ერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ ბელგიაში გორის "დილასა" და 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელ გიორგი ბერიძეს წავიყვანთ.
მაისში გიორგი 18 წლის ხდება და მანამდე კონტრაქტის გაფორმების უფლება არ აქვს, მაგრამ თებერვლის ბოლოს წავა და თუნდაც დუბლებში რომ მოხვდეს და ივარჯიშოს, მისი პროგრესისთვის ესეც კარგი იქნება. ზაფხულში კი კონტრაქტს გავუფორმებთ.
არის ლაპარაკი "საბურთალოს" ფეხბურთელებზეც, სადაც ასაკობრივი ნაკრებების რამდენიმე საინტერესო მოთამაშეა.
აქვე ვიტყვი, რომ ჩვენთან თანამშრომლობა გუბაზ დოლიძემ დაიწყო, რომლის გაზრდილებიც არიან აბურჯანია, დვალი, კიკაბიძე, ბერიძე... ის ძლიერი სელექციის უნარით გამოირჩევა და ვფიქრობ, საინტერესო ბავშვებს კიდევ მოძებნის".
ჯაკობიამ არ დამალა, რომ ბერიძეს ბელგიაში მისი ყოფილი კლუბი, ლიეჟის "სტანდარდი" იწვევს, რომელიც იქაურ "პრო ლიგაში" თამაშობს და 19 ტურის შემდეგ 27 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება.
"ანგოტე შემოდგომაზე თბილისში გამართულ 19-წლამდელთა შესარჩევი ეტაპის მატჩებს რომ დაესწრო, ბერიძე მოეწონა და გადაწყვიტა, რომ მისთვის კლუბი მოეძებნა. გიორგი ბელგიაში მალე გაემგზავრება და დიდი ალბათობით, ჩემს ყოფილ კლუბ ლიეჟის "სტანდარდში" ჩაირიცხება", - გვიმხელს ჯაკობია.
ბერიძის გარდა, ჯაკობიას სამენეჯერო ჯგუფი ახალ გუნდში მოწყობას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილ ცენტრალურ მცველ სანდრო გურეშიძესაც ჰპირდება.
გურეშიძე ბოლოს თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა. ზაფხულში ჯაკობიამ და ანგოტემ ის "გენკში" სინჯებზე წაიყვანეს, მაგრამ გურეშიძემ თავად თქვა, რომ ამ პერიოდში მოუმზადებელი იყო:
"სანდრო ნიჭიერი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, მისი სახით კარგი მცველი გვეზრდება. ოღონდ შესაძლებლობები სრულად უნდა გამოავლინოს.
შანსი კიდევ მიეცემა - ზამთარში ისიც ევროპაში გაემგზავრება, კერძოდ, საფრანგეთის მეორე დივიზიონის გუნდში. ეს საკმაოდ მაღალი დონის ტურნირია და დარწმუნებული ვარ, იმ გუნდში ჩარიცხვა გურეშიძეს აუცილებლად წაადგება. გუნდის სახელს ჯერ ვერ დავაკონკრეტებ".
ზაფხულში ანგოტემ და ჯაკობიამ "ლოკომოტივისა" და 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მარცხენაფლანგელი ლუკა კიკაბიძე საფრანგეთში, კერძოდ, ლიგა 1-ის "ბასტიაში" წაიყვანეს. მას შემდეგ ველოდით, რომ ლუკა "ბასტიაში" გამოჩნდებოდა, მაგრამ ჯერ არ უთამაშია:
"საფრანგეთში ძალიან მაღალი დონის ჩემპიონატია და ცხადია, ლუკას მომზადება და ადაპტაცია სჭირდება. მეც მქონდა იმედი, რომ ათამაშებდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ ამზადებენ.
საჩქარო არაფერია, მთავარია, საქმისადმი მისი დამოკიდებულებითა და ზრდის ტემპით გუნდში ყველა კმაყოფილია და დარწმუნებული ვარ, კიკაბიძეს "ბასტიას" შემადგენლობაში მალე ვიხილავთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
rac meti mit uketesi chveni nakrebistvis
)