ბაქოს "ინტერმა" თურქული შეკრება ბაჩანა ცხადაძის დუბლით დაასრულა

AutoSharing Option
ბოლო წლების აზერბაიჯანის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა კლუბმა ბაქოს "ინტერმა", რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი თავკაცი კახა ცხადაძე უკვე მეექვსე სეზონი ხელმძღვანელობს, თურქული შეკრება დაასრულა.

აზერბაიჯანის ყველაზე "ქართულმა გუნდმა" ანტალიაში ბოლო მატჩი სამხრეთ კორეის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ "ჯეჯუ იუნაიტედს" მოუგო - 4:3. კახა ცხადაძისა და ზაურ სვანაძის დამოძღვრილ გუნდში 90 წუთი გაატარა მოედანზე 33 წლის ლაშა სალუქვაძემ, 35 წლის გიორგი ლომაია მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა (პირველი ტაიმის მერე "ინტერი" 4:2-ს იგებდა), ხოლო 27 წლის ბაჩანა ცხადაძეს "დუბლის" შესასრულებლად 45 წუთი ეყო
(შესვენების მერე შეცვალეს).

ბაჩანა ცხადაძემ ამ მატჩში ანგარიში ზუსტად შესრულებული პენალტით გახსნა, შემდეგ კი თავური დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ცხადაძე-უმცროსი ანტალიური შეკრების დასაწყისში დაშავდა და რამდენიმე საკონტროლო მატჩის გამოტოვებაც მოუწია, ისე, როგორც "ინტერის" კიდევ ერთ ლიდერს, 32 წლის ალექსანდრე ამისულაშვილს, რომელმაც ტრავმა თურქულ "ქასიმფაშასთან" სპარინგ-შეხვედრაში მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ბაქოს "ინტერი" (სადაც კიდევ ერთი ჩვენებური, ექიმი მერაბ ვარძუკაშვილი მუშაობს) ანტალიაში 2 იანვრიდან იმყოფებოდა და კახა ცხადაძის დამოძღვრილმა გუნდმა ეს შეკრება წაუგებლად დაამთავრა: თურქეთის "ქასიმფაშას" (3:1) და "ენეგოლსპორის" (4:1) გარდა, ჩვენებურებმა ყაზახურ "კაირატსაც" მოუგეს (3:1) და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კორეულ "ჯეჯუ იუნაიტედსაც" (4:3); ორი სპარინგ-მატჩი კი "ინტერმა" ფრედ დაამთავრა: გერმანულ "კოტბუსთან" და უკრაინულ "მეტალისტთან" (ორივე შეხვედრა 1:1 დასრულდა).

"ინტერი" ამჟამად უკვე ბაქოშია და აზერბაიჯანის პრემიერლიგის მეორე ეტაპის განახლებისათვის მზადებას იქ გააგრძელებს; 30 იანვარს კი "ინტერს" 2015 წლის პირველი მატჩი ელოდება - "სუმგაითს" უნდა უმასპინძლოს. დღესდღეობით "ინტერი" II ადგილზეა და ლიდერს (მოქმედ ჩემპიონსა და ამ სეზონის უმთავრეს ფავორიტს) "ყარაბაღს" 5 ქულით ჩამორჩება.

თუმცა, მაისის ბოლომდე სათამაშო კიდევ ორი წრეა და აზერბაიჯანული სპორტული მედიის ვარაუდით, "ინტერს" რეალურად ხელეწიფება, ჩემპიონობისთვის იბრძოლოს. ამის დასტურად ის ფაქტ(ები)იც გამოდგება, რომ გუნდმა შეინარჩუნა ერთ-ერთი ლიდერი, იტალიური "ჩეზენას" ყოფილი ფეხბურთელი, 26 წლის პარაგვაელი საყრდენი ნახევარმცველი დერლის მეზა კოლი (რომლის შეძენითაც შოთა არველაძის "ქასიმფაშა" იყო დაინტერესებული).

ამას გარდა, დიდი ინტერესით მოელიან "ინტერის" "ცნობადი" ახალწვეულის, 32 წლის რუბენ სხაკენის დებიუტს აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში. სხაკენი წლების განმავლობაში "ფეიენოორდში" გამოდიოდა და "ინტერში" სულ ახლახან ჩაირიცხა.

დაბოლოს, კიდევ ერთ ჩვენებურზეც: გასული წლის შემოდგომიდან "ინტერის" აღმასრულებელ დირექტორად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი და შემდგომში ჰოლანდიური "ვეტესის" მეპატრონე მერაბ ჟორდანია დაინიშნა, რომელიც ასევე იმყოფებოდა თავისი ახალი გუნდის ანტალიურ შეკრებაზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული