ირალი სირბილაძე ფინეთში დარჩა - ტურკუს "ინტერიდან" "კუოპიონ პალოსეურაში" გადავიდა

AutoSharing Option
როგორც შევიტყვეთ, 32 წლის ფორვარდმა ირაკლი სირბილაძემ გუნდი შეიცვალა. ტურკუს "ინტერიდან" ის მეორე ფინურ კლუბ "კუოპიონ პალოსეურაში" (KuPS - ასე წერენ ფინელები) გადავიდა.

ფინეთის ბოლო ჩემპიონატში ამ გუნდმა მე-7 ადგილი დაიკავა. გუნდის მთავარი მწვრთნელი მარკო რაიამაკი გახლავთ.

ქალაქ კუოპიოს ამავე სახელწოდების გუნდს რამდენიმე ლეგიონერი ჰყავს - ნიგერიელი ჩიბუკე ნა, ესტონელი არტს პური, ბოსნიელი ტონი მარკიჩი, კანადელი ჩარლი ტრეფორდი და გამბიელი ებრიმა სონა. გარდა ამისა, კლუბში რამდენიმე გამოცდილი ფინელი ფეხბურთელიც თამაშობს.

სირბილაძეს აქამდე "ლოკომოტივში", ბათუმის "დინამოში", "სიონში", "ოლიმპში", "ცხინვალში" და ფინურ
გუნდებში - "კაიაანში", "კოკოლაში", "იაროსა" და "ინტერში" უთამაშია. საქართველოს ნაკრებში კი მის აქტივში 5 მატჩია.

სირბილაძე ფინეთში 2009 წლიდან თამაშობს. მან დაბალი ლიგებიდან დაიწყო და საქმისადმი სერიოზული მიდგომითა და შრომისმოყვარეობით, იქაური ჩემპიონატის კვალობაზე, ნორმალური კარიერა აიწყო. ბოლო დროს ჩვენებურის გარეშე ტურკუს "ინტერის" წარმოდგენა, უბრალოდ, შეუძლებელი იყო. ის ამ კლუბში 2012 წლიდან თამაშობდა, 74 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.

სირბილაძეს ფინურ ფეხბურთში აღიარება და ინდივიდუალური ტიტულები არ მოჰკლებია. 2010 წელს ის ფინეთის მეორე ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა, 2012 წელს კი - უკვე უმაღლესი ლიგის (ვეიკაუსლიგა) საუკეთესო თავდამსხმელი.

როგორც შევიტყვეთ, სირბილაძე კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი "კუოპიონზე" შეაჩერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები
გიო
16:34 29-01-2015
0

სიახლეები პოპულარული