ირაკლი სირბილაძე: ფინეთში საქართველოზე იციან და საკმაოდ ბევრიც

AutoSharing Option
32 წლის ქართველმა შემტევმა ირაკლი სირბილაძემ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა "კუოპიონ პალოსეურასთან" (KuPS). ბოლო დროს, სირბილაძის გარეშე ტურკუს "ინტერის" წარმოდგენა შეუძლებელი იყო. ახლა ის "კუპსისთვის" გაიტანს.

ირაკლის ფინეთში შევეხმიანეთ და ინტერვიუ ვთხოვეთ, რაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა...

- უკვე ოფიციალურად ვარ "კუპსის" ფეხბურთელი. სამედიცინო შემოწმება გავიარე და კლუბთან სეზონის ბოლომდე გავაფორმე კონტრაქტი.

- სიმართლე გითხრათ, ძნელად თუ წარმოვიდგენდით, რომ "ინტერს" დატოვებდით. როგორ გამოჩნდა ახალი გუნდის ვარიანტი?
- რამდენიმე შეთავაზება მქონდა, თუმცა გადავწყვიტე, კარიერა "კუპსში" გამეგრძელებინა. ამაში მთავარი როლი მაინც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მარკო
რაიამაკიმ
ითამაშა. ის თავის დროზე წვრთნიდა ტურკუს მეორე გუნდს, ტპს-ს. აქედან გამომდინარე, მე, როგორც "ინტერის" ფეხბურთელი, უცხო არ ვიყავი მისთვის. არაფერს ვნანობ - სხვა გუნდებს კი უნდოდათ ჩემი აყვანა, მაგრამ აქ მირჩევნია.

- რა არის თქვენი ახალი კლუბის მიზანი?
- მთელ ფინეთში "კუპსი" გამორჩეულია თავისი ფიზიკური მომზადებითა და ათლეტიზმით. გარდა ამისა, სანახაობრივ ფეხბურთზე აქვს აქცენტი გაკეთებული. მიზნებში არ იზღუდებიან. გუნდის ამოცანაა ფინეთის ვეიკაუსლიგის პირველ სამეულში მოხვედრა და ქვეყნის თასის მოგება.

- მთავარ მწვრთნელთან უკვე ისაუბრეთ?
- კი, ვისაუბრე. ძალიან კარგი ადამიანია და ჩემი ეიმედება. ფეხბურთელისთვის კი მთავარია, მწვრთნელისგან ნდობას გრძნობდეს.

- უკვე მოასწარით ახალ თანაგუნდელებთან დამეგობრება?
- კი, ძალიან თბილად დამხვდნენ. კლუბის პრეზიდენტი, მწვრთნელი და ქომაგები თავაზიანად მელაპარაკნენ. ბიჭებს, პრაქტიკულად, მთელი შემადგენლობით ვიცნობდი, ფინეთის ჩემპიონატში მათ წინააღმდეგ ხომ არაერთხელ მითამაშია.

- რომელი უფრო ძლიერ გუნდად მიგაჩნიათ - თქვენი ყოფილი "ინტერი" თუ "კუპსი"?
- შედეგით თუ ვიმსჯელებთ, გასულ სეზონში "კუპსმა" გაასწრო "ინტერს". რაც შეეხება ახლანდელ ძალთა თანაფარდობას, დაიწყება სეზონი და ყველა ერთად ვნახავთ, რა და როგორ იქნება.

- რას იტყვით საკლუბო ინფრასტრუქტურასა და ქომაგებზე?
- პატარა, ხელოვნურსაფარიანი სტადიონი აქვთ. ყველაფერი აწყობილი და დალაგებულია. ყველა პირობაა საიმისოდ, რომ ფეხბურთელი თამაშისთვის ნორმალურად მოემზადოს. რაც შეეხებათ გულშემატკივრებს, ერთგული და ხმაურიანი ქომაგები გვყავს.

- უკვე იცით, რა ნომრით ითამაშებთ?
- ჯერ არა, რამდენიმე დღეში ავიღებ ნომერს.

- მანდ საქართველოზე თუ იციან რამე?
- იციან და საკმაოდ ბევრიც. რაც არ იციან, მეკითხებიან...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული