ლუკა კიკაბიძე: საფრანგეთი სხვა პლანეტა მეგონა, მაგრამ მთლად ასეც არ ყოფილა

AutoSharing Option
ზაფხულში საფრანგეთის ლიგა 1-ის (უმაღლესი დივიზიონი) "ბასტიამ" ლუკა კიკაბიძეს სამწლინახევრიანი კონტრაქტი გაუფორმა.

მას შემდეგ 19 წლის ფლანგის შემტევის დებიუტს ველოდით, მაგრამ ეს მხოლოდ წლეულს, იანვარში მოხდა: საფრანგეთის თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალში "ბასტიამ" რანგით მეოთხე ლიგის "კევილთან" ძირითად დროში 0:0 ითამაშა, დამატებითში კი, როცა მეტოქეებმა გოლები გაცვალეს, 106-ე წუთზე მოედანზე კიკაბიძეც გამოჩნდა (კორსიკელებმა პენალტების სერიაში წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ).

ქართველს მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში 11-მეტრიანი არ დაურტყამს.

"ბასტიაში" გადასვლის შემდეგ ლუკა კიკაბიძე ინტერვიუებს ერიდებოდა - მიიჩნევდა, რომ ჯერ მისთვის ეს ნაადრევი იყო. ახალგაზრდა
კაცის ასეთი მორიდება გასაგები და მოსაწონია. მეორე მხრივ, გულშემატკივარი დაინტერესებულია, როგორ მიდის ტოპ-ლიგებში მოხვედრილი ერთ-ერთი, აწ უკვე იშვიათი ქართველი ფეხბურთელის საქმეები.

- "ბასტიაში" თქვენს დებიუტს ზაფხულიდან ველოდით და მოვესწარით კიდეც...
- სულ 15 წუთი ვითამაშე. ძირითადი დრო 0:0 მორჩა და დამატებითში შემიყვანეს. მაგრამ პენალტების სერიაში წავაგეთ. ამის მიუხედავად, მაინც გახარებული ვიყავი - როგორც იქნა, ვითამაშე.

ისე, რა დასამალია და, ცოტა დაძაბული ვიყავი, ამ დღეს ხომ მეც დიდი ხანია ველოდი. ოფიციალურ განაცხადში რამდენჯერმე კი მოვხვდი, მაგრამ მოედანზე გასვლა არ მეღირსა. თუმცა, მას მერე, რაც მინდორზე გავედი, ყველაფერი დამავიწყდა.

იმედია, ძირითადში თამაშსაც მალე დავიმსახურებ. მწვრთნელმა ჩემთვის ჩვეულ პოზიციაზე, მარცხენა ნახევარმცველად მათამაშა. მაკელელესთანაც ასე იყო - გუნდსაც ვეჩვეოდი და მის მოთხოვნებსაც და... ამ დროს მოხსნეს.

- რადგან გათამაშათ, ეტყობა, ახალი მწვრთნელი ჟისლან პრენტანიც გენდობათ. ისე არა, მაგრამ მაინც...
- ყველა ქვეყანაში ასეა: ადგილობრივს უფრო ენდობიან. მაგრამ იმედი მაინც მაქვს. პრენტანი "ბასტიას" 19-წლამდელებს ავარჯიშებდა და, სხვათა შორის, მაკელელეზე ბევრად გამოცდილი სპეციალისტია. ეს მისი პლუსია, მაგრამ ის დროებით დაინიშნა.

- საფრანგეთში კარგი ფიზიკური მომზადება მოგეთხოვებათ. ამ ყველაფერს თუ შეეჩვიეთ?
- ფიზიკურად კარგად მომამზადეს და აქაურ ტემპსაც შევეჩვიე. ერთი ესაა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის დონეზე სათამაშოდ მეტი ჯანი მჭირდება. სუსტი და არაათლეტური არ მეთქმის, უბრალოდ, აქ მაღალი მოთხოვნებია.

Sportall.Ge- საქართველოს შემდეგ საფრანგეთში მოხვედრაც ძნელია და მათ მოთხოვნებზე გადართვაც...
- რა თქმა უნდა, ძნელია. აქ სულ სხვა დონის ფეხბურთია. თანაც, საქართველოში უფრო თავდამსხმელებს ვეხმარებოდი და დაცვას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი. "ბასტიაში" კი ითხოვენ, რომ უკანა ხაზსაც დავეხმარო.

თავიდან ამის პრობლემა მქონდა, რადგან ასეთ დროს ფლანგის ფეხბურთელზე ძალიან დიდი დატვირთვა მოდის - სერიოზულ სამუშაოს ასრულებ და შეგუებაა საჭირო. ახლა ნელ-ნელა ყველაფერს ვსწავლობ და ვეჩვევი.

- ნახევარი წელიწადი გავიდა, რაც საფრანგეთის მთავარი ლიგის გუნდში ვარჯიშობთ და საკუთარ შესაძლებლობებს უკვე შეაფასებდით. ასეთ დონეზე თამაშს შეძლებთ?
- თავიდან მეგონა, რომ სხვა პლანეტაზე მოვხვდი, მაგრამ ნელ-ნელა შევეჩვიე და გადაუჭარბებლად ვამბობ - აქ თამაში მიუღწეველი ოცნება არ არის. მაგალითად, "ბასტია" რომ ავიღოთ, ეს საშუალოევროპული დონის კლუბია - არც მეტი, არც ნაკლები.

გეტყვით, ფეხბურთელების ნაწილი როგორია - ზედმეტს არაფერს გააკეთებს, მაგრამ არც დააშავებს. ეს ის კატეგორიაა, "მუშა" ფეხბურთელებს რომ ეძახიან. ასე რომ ითამაშო და სულ მცირე შემოქმედება დაამატო, საკმაოდ კარგი ფეხბურთელის სახელი გექნება.

თითქოს, ადვილია, მაგრამ დიდი შრომა სჭირდება. გარდა ამისა, აქ 10 კაცის მოტყუებას არც ითხოვენ. დღევანდელ ფეხბურთში ასეთი ტენდენციაა. მაგრამ, თუ ყველა კომპონენტში ნორმალური ხარ და პატარა შემოქმედებაც გაქვს, შეიძლება ვარსკვლავიც გახდე.

- გუნდთან შესაგუებლად ენის ცოდნა მნიშვნელოვანია. ფრანგული თუ აითვისეთ?
- უკვე ნორმალურად მესმის, მაგრამ ლაპარაკი ჯერ კიდევ მიჭირს. სხვათა შორის, ესენი თავს ფრანგებად არც მიიჩნევენ. კორსიკაზე თავისებური ხალხი ცხოვრობს.

- ქართულ ფეხბურთს თუ იცნობენ?
- სხვათა შორის, რამდენიმე ასაკოვანმა ადამიანმა ახსენა - წლების წინათ, ევროტურნირში "ბასტიამ" ახალკაცის დროინდელ "დინამოსთან" რომ წააგო, მაშინ ძლიერი გუნდი გყავდათო. ახალგაზრდა თაობას კი ჩვენს ფეხბურთზე და ზოგადად, საქართველოზე წარმოდგენაც არ აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამას ცხადაძე გამოიძახებს და ნაკრების დონეზე,რომ გამოჩნდება და კარგადაც ითამაშებს ბასტიის მწვრთნელიც მალე სასტარტოშიც ჩასვავს და მალე პსჟ-შიც ვნახავთ! როგორც ჩანს მშრომელი ბიჭია და თავში არ უვარდება ზოგიერთებივით... წარმატებას ვუსურვებ!!!
zura
12:51 07-02-2015
0
კარგი ბიჭი ჩანხარ. გმერთმა ხელი მოგიმართოს.
mamuka09ze
23:42 06-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული