29 მარტს საქართველოსა და გერმანიის მატჩში (0:2) 14-მა ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. 13 მათგანი ლეგიონერია, ერთიც ამჟამად უკლუბოდ ითვლება, თუმცა გიორგი ლორია ახალი სეზონიდან კარიერას ბერძნულ პაოკ-ში გააგრძელებს. ვნახოთ, სანაკრებო მატჩის შემდეგ როგორ იასპარეზა ნაკრების 13-მა ლეგიონერმა.
მხოლოდ ექვსმა მათგანმა ითამაშა შეუცვლელად თავისი გუნდის მატჩებში (ლობჟანიძე, კაშია, კვირკველია, კანკავა, კობახიძე, დვალი); 3-იც შეცვლაზე შევიდა (მახარაძე, მჭედლიძე, ჭანტურია). ოთხმა ფეხბურთელმა კი არ ითამაშა ტრავმისა თუ სხვა მიზეზის გამო (ამისულაშვილი, ოქრიაშვილი, ნავალოვსკი, ყენია).
* * *
ნაკრების წევრთაგან ცოტა დაწვრილებით მჭედლიძეზე მოგითხრობთ. ამის მიზეზიც გვაქვს - ბოლოს, როცა ლევან მჭედლიძე ტურინში "იუვენტუსს" ეწვია, ეს თითქმის 7 წლის წინათ იყო, მაშინ ყველასთვის უცნობმა ქართველმა ფორვარდმა გამარჯვების გოლი გაიტანა ჯანლუიჯი ბუფონის კარში და "პალერმოს" 2:1 მოაგებინა. შაბათს უკვე "ემპოლის" რიგებში მოთამაშე მჭედლიძე 72-ე წუთზე შევიდა "იუვენტუსის" წინააღმდეგ სათამაშოდ და 10 წუთში ბუფონის დამწუხრების კარგი შანსიც ჰქონდა, თუმცა ამჯერად ბუფონმა იმარჯვა დუელში, შემდეგ "იუვემ" ერთიც გაიტანა და 2:0 მოიგო.
"პიანეტა ემპოლიმ" ქართველის თამაში 6 ბალით შეაფასა. გამოცემამ აღნიშნა ქართველის აქტიურობა, ის, რომ მან "იუვეს" დაცვას პრობლემები შეუქმნა და საგოლე მომენტიც აქტივში ჩაუთვალა.
* * *
მათე ვაწაძე ნაკრების წევრია, მას გერმანიასთან თამაში არ მოუწია (სათადარიგო იყო). ქართველი ფორვარდი დაბრუნდა დანიაში და ძალზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა "ორჰუსისთვის". ქართველთა გუნდმა (სხირტლაძეს და დევდარიანს არ უთამაშიათ) სტუმრად 2:1 დაამარცხა უშუალო კონკურენტი "ვენდსისელი" და 41 ქულით მეორეა, რაც მომავალ სეზონში დანიის ელიტაში თამაშის უფლებას იძლევა.
მათემ 36-ე წუთზე გაიტანა გოლი, რომელიც მისთვის ამ სეზონში მე-13-ეა. ქართველს თამაშის მიწურულსაც შეეძლო გატანა, მაგრამ იღბალმა ზურგი აქცია.
* * *
მეორე ქართული გოლი კვიპროსში გავიდა, სადაც ბოლოადგილოსანი "ოთელოსი" გააფთრებით იბრძვის, რომ არ გავარდეს - ქართველთა გუნდმა სტუმრად აელ-ს ქართველის გოლით მოუგო - 65-ე წუთზე ერთადერთი გოლი ელგუჯა გრიგალაშვილმა გაიტანა, ხოლო როინ კვასხვაძემ კარი მშრალად შეინახა. ეს ელგუჯას მესამე გოლია ჩემპიონატში.
* * *
უკრაინიდან ორ ამბავს მოგიყვებით - ამ უქმეებზე ერთი ქართული დებიუტი ვიხილეთ, თანაც ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ - 20 წლის გიორგი გადრანმა ოდესის "ჩერნომორეცის" რიგებში სრულად ითამაშა მარჯვენა ცენტრალურ მცველად კიევის "დინამოს" წინააღმდეგ მატჩში (0:2). "ვოლინისა" და "ზორიას" შეხვედრაში ქართული დუელი ვიხილეთ - სანდრო კობახიძის გუნდი 1:2 დამარცხდა ჯაბა ლიპარტიას "ზორიასთან". სტუმრებმა გადამწყვეტი გოლი 51-ე წუთზე გაიტანეს, რომლის ასისტენტიც სწორედ ლიპარტია იყო.
"ზორია" 30 ქულით მე-4 ადგილზეა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"