ლეგიონი: ჯაბა კანკავა დონეცკის "შახტარს" ვერ გაუმკლავდა

AutoSharing Option
29 აპრილს რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა ევროპულ კლუბებში.

უკრაინის თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში "დნიპრო" საშინაო მატჩში დაუპირისპირდა დონეცკის "შახტარს". მასპინძელთა შორის სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ. დნეპროპეტროვსკელები 0:1 დამარცხდნენ.

ხოლო მეორე ნახევარფინალში დონეცკის "ოლიმპიკმა" შინ 0:0 ითამაშა კიევის "დინამოსთან". დონეცკელთა კარს უკრაინის მოქალაქე ქართველი მეკარე ზაურ მახარაძე იცავდა.

* * *
პოლონეთის ჩემპიონატში დასრულდა რეგულარული სეზონი. ახლა პირველი 8 გუნდი მედლებისთვის იბრძოლებს, მეორე რვა კი - ექსტრაკლასაში ადგილის შესანარჩუნებლად.

"ზავიშამ" გასვლაზე ითამაშა "გურნიკთან" და 1:2 დამარცხდა. არ გამოჩენილა ბიდგოშჩელთა
ქართველი ფორვარდი გიორგი ალავერდაშვილი. "ზავიშა" ამ დროისთვის ბოლოა მთავარ პოლონურ ლიგაში.

ბიალისტოკის "იაგელონიამ" ქართველების, ნიკა ძალამიძისა და გიორგი ფოფხაძის გარეშე შინ 2:0 მოუგო "რუხს". სტუმართა შორის 20 წუთი ითამაშა რუსეთის მოქალაქე როლანდ გიგოლაევმა (საქართველოშია დაბადებული), რომელსაც კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრებისთვის მოიაზრებს.

* * *
სერბულ სუპერლიგაში "ვოჟდოვაცმა" შინ 1:0 მოუგო "ვოევოდინას". სტუმართა რიგებში არ გამოჩენილა ჩვენებური დავით კოხია.

* * *
მოლდოვის თასის ფინალშია კიშინიოვის "დაჩია", რომელმაც პენალტების სერიაში (ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 მორჩა) "ტირასპოლი" დაამარცხა. დავით სირაძე "დაჩიას" შემადგენლობაში 46-ე წუთზე გამოჩნდა. ჯაბა დვალს არ უთამაშია. "დაჩიას" სატიტულო მატჩში "შერიფი" ელის.

* * *
ფინეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში კტპ-მ საგარეო შეხვედრაში ფავორიტ ჰიკ-თან 0:1 წააგო. სტუმართა რიგებში სათადარიგო იყო ქართველი მცველი გიორგი ოსიტაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული