ქართული ლეგიონი: ჩვენმა ფორვარდებმა გაიღვიძეს [VIDEO]

AutoSharing Option
ქართული ლეგიონის მონაგარი საკმაოდ უხვი გამოდგა: 7 ქართული გოლი გავიდა, თანაც ისეთ ძლიერ ჩემპიონატებში, როგორებიც სერია A, ბელგიისა და რუმინეთის პირველობებია.

გოლი ტოსკანურ დერბიში
სერია A-ში ამ სეზონში მეორე, სულ კი მესამე გოლი გაიტანა ლევან მჭედლიძემ, რომელიც "ფიორენტინასთან" მატჩის 76-ე წუთზე გამოჩნდა "ემპოლის" რიგებში, ერთ წუთში კი ცაციით მეტოქე მოატყუა საჯარიმოში და მარჯვენათი გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ამის მიუხედავად, "ემპოლი" შინ "იებთან" დამარცხდა (2:3), ლევანი კი მატჩის მიწურულს გააფრთხილეს.

ოქრიმ გოლით დაასრულა
ბელგიის ჟუპილერლიგაში "გენკმა" სტუმრად თორნიკე ოქრიაშვილის გოლის წყალობით დაამარცხა
"ვარეგემი", მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ჯგუფში 15 ქულა დააგროვა, რამდენიც "მეხელენმა", მაგრამ ევროპალიგის ადგილისთვის პლეი ოფის საგზური ამ უკანასკნელმა მოიპოვა.

ალექს მაკლიშმა თორნიკე მოედანზე 56-ე წუთზე, 2:2-ზე შეიყვანა. ქართველმა გადამწყვეტი გოლი 88-ე წუთზე გაიტანა - 2:3.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ეს 23 წლის ნახევარმცველის მეორე გოლია ბელგიის ჩემპიონატში. პირველი მან აგვისტოში გაიტანა.

კიდევ ერთი რუმინული
რუმინეთის პირველობაზე "კლუჟმა" "ბოტოშანის" 4:0 აჯობა, გიორგი ჭანტურია მასპინძელთა რიგებში 75-ე წუთზე გამოჩნდა, როცა "კლუჟი" სამი ბურთის სხვაობით იგებდა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში თავადაც შეძლო თავის გამოჩენა - მარჯვენა ფლანგიდან შეუტია, თანაგუნდელმა ბურთი ქუსლით დაუტოვა და ჩვენებურმაც დაბალ კუთხეში გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ეს ჭანტურიას მეოთხე გოლია ჩემპიონატში.

შევერცხლილი ფინიში
კახა ცხადაძემ აზერბაიჯანში უკანასკნელი ბაქოური დერბი მოიგო, თანაც დამაჯერებლად - მისმა "ინტერმა" "ნეფთჩი" 4:0 გაანადგურა. მწვრთნელ მამას ამ შეხვედრაში წარმატება შვილმა მოუტანა, ბაჩანა ცხადაძემ დუბლი შეასრულა და ახლა ჩემპიონატში უკვე 7 გოლი აქვს გატანილი.

პირველი გოლი ბაჩანამ თავურით გაიტანა და მამისკენ გაეშურა მის აღსანიშნავად. მეორედ მან ახლო მანძილიდან ივარგა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დაცვის ცენტრს ლაშა სალუქვაძის და ალეკო ამისულაშვილის წყვილი შეადგენდა. სხვათა შორის, ალეკოზე მსაჯმა ორჯერ ხელით თამაში დააფიქსირა, თუმცა პენალტი "ნეფთჩის" ფეხბურთელებმა ორჯერვე გააცუდეს.

ცხადაძის და სხვა ქართველთა "ინტერმა" გაინაღდა ვერცხლის მედლები, თუმცა, თეორიულად, ჩემპიონობის შანსიც რჩება.

ორი ჯაბას დუელი
უკრაინის ჩემპიონატში ქართული გოლი არ გასულა, მაგრამ ჯაბა ლიპარტიამ საგოლე პასი მიითვალა ჯაბა კანკავას "დნიპროსთან" თამაშში.

27-ე წუთზე ქართველმა ხომჩენოვსკის გაატანინა პირველი გოლი. ლიპარტიამ ორი ჯაბას დუელი მოიგო დნეპროპეტროვსკში - 2:0. კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ გუნდს ვერაფრით დაეხმარა.

* * *
ერევანში "რაზდანზე" ქართველი და ქართული წარმოშობის ფეხბურთელებით გადაჭედილმა (სულ შვიდია) "ულისმა" "არარატი" 3:1 დაამარცხა.

ამ შეხვედრის ბოლო გოლი ირაკლი გეფერიძის ანგარიშზეა. ანგარიში კი რუსეთის მოქალაქე ირაკლი ჭეჟიამ გახსნა, ვისთვისაც ეს პირველი გოლია პროფესიულ კარიერაში.

"ულისი" 46 ქულით მეორეა და ჩემპიონობის მხოლოდ თეორიული შანსი შერჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან გამეხარდა მჭედლიძის რეკორდი
გენო
15:11 11-05-2015
0
ლევან მჭედლიძემ 1წუთში კი არა 5წამში გაიტანა და მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ამ სეზონშივე ქონდა რეკორდი სასუოლოსთან , ოღონდ ეგ სერია A-სი იყო
tornike
12:28 11-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული